40 წლის ასაკში გაჩენილი მილიონიანი იდეები


აქვს წარმატებას ვადა? და თუ კი, რა ასაკია ყველაზე საუკეთესო წარმატებისთვის? მეგობრებო,  ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას, მთავარია ირწმუნოთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მოინდომოთ და აუცილებლად გამოგივათ. იმის საილუსტრაციოდ, რომ ასაკი არ არის საბაბი,  მოვიყვან  რამდენიმე მაგალითს:

რეი კროკი - მაკდონალდსის დამფუძნებელი: 52 წლის ასაკში მას ართრიტი და დიაბეტი აწუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ რეის ჯანმრთელობა შერყეული იყო და მან გადაიტანა რამდენიმე ოპერაცია, რის შედეგადაც ამოაჭრეს ნაღვლის ბუშტი და ფარისებრი ჯირკვლის დიდი ნაწილი, მას არასოდეს შეუწყვეტია რწმენა თავისი დიდი მიზნების შესრულების და არასოდეს დაუკარგავს მომავლის იმედი. რეი კროკმა 1954 წელს ძმები მაკდონალდებისგან შეიძინა ექსკლუზიური აგენტის უფლება და 1955 წელს გახსნა მაკდონალდსის პირველი რესტორანი. რეის ახასიათებენ, როგორც მარტივი კაცი მარტივი გეგმით:

1.    არასოდეს დანებდეთ
2.    ყოველთვის იმოქმედეთ
3.    არ დაივიწყოთ გეგმის პირველი ნაწილი

ამანსიო ორტეგა - Zara-ს დამფუძნებელი: ამანსიომ ოჯახის სიღარიბის გამო, საშუალო სკოლის დამთავრებაც ვერ შეძლო და 13 წლის ასაკიდან 37 წლამდე მამაკაცის პერანგების მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა. ხოლო 37 წლის ასაკში, მან ქსოვილის საკუთარი საწარმო გახსნა. 40 წლის ასაკში კი მან და მისმა ცოლმა გახსნეს ტანსაცმლის პატარა მაღაზია ‘‘Zorba’’.

მერი ქეი ეში - Mary Kay-ს დამაარსებელი: 25 წლის განმავლობაში მერი მუშაობდა გაყიდვების აგენტად, მაგრამ მისი კარიერა იყო გაჩერებული ერთ დონეზე, ის არ ვითარდებოდა  და ამიტომ  45 წლის ასაკში მან დაანება თავი სამსახურს, რათა დაეწერა წიგნი ქალებზე და ბიზნესზე. წიგნის წერის პროცესი ბიზნეს-გეგმად იქცა და 1963 წელს მერი ქეიმ მეუღლესთან ერთად Mary Kay Cosmetics დააარსა.

მსგავსი ადამიანი უამრავია, ვინც ასაკის და შიშის მიუხედავად დაისახა ცხოვრების მიზანი და შეუპოვრობითა და დიდი ძალისხმევით მიაღწია დასახულ მიზანს. ყველას აქვს თავისი ოცნება თუ მიზანი, ზოგმა განახორციელა ის, ზოგი ფარავს მას სადღაც ღრმად გულში და არ ამჟღავნებს სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს მიზეზი თუ მიზეზები შეიძლება იყოს უამრავი, რადგან ამ დროს ყველა იმართლებს თავს თუ რატომ არ მოქმედებს. ეს შეიძლება იყოს ასაკი, შიში წარუმატებლობისა, თვითრწმენის დაკარგვა თუ სხვ.  რა თქმა უნდა, ეს შიში თუ მიზეზები უსაფუძვლოა, რადგან  ისინი  თავისუფლად შეიძლება გადაიქცნენ შესაძლებლობებად, გააჩნია ვინ როგორ შეაფასებს და გამოიყენებს მას.

და ბოლოს, მოვიყვან ერთ მაგალითს, დონალდ ტრამპის წიგნიდან „იფიქრე ჩემპიონივით’’ ის გვიყვება შემდეგს:  „მამაჩემი გვიამბობდა ხოლმე ერთ ამბავს და სასაცილოდაც მიაჩნდა, თუმცა მე არასოდროს მეცინებოდა. ჩემი აზრით, იგი ცდილობდა მივეხვედრებინეთ, რომ საჭიროა იყო შეუპოვარი. აი ეს ამბავიც: ერთ ახალგაზრდას უბრალოდ ძალიან უყვარდა სოდიანი წყალი. ამან გადააწყვეტინა ბიზნესის წამოწყება და შექმნა პროდუქტი სახელწოდებით 3–Up, მაგრამ ბიზნესმა ვერ გაამართლა. ხელახლა სცადა  და გამოუშვა წყალი სახელად 4–Up, შედეგი იგივე იყო. მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო და მორიგ პროდუქტს 5-Up უწოდა, რომელიც აგრეთვე ჩავარდა. ერთხელ კიდევ სცადა 6-Up-ით და ამასაც კრახი მოჰყვა, რის გამოც ამ ახალგაზრდამ იმედი გადაიწურა. გადაწყვიტა, რომ სოდიანი წყლის ბიზნესისთვის თავი უნდა დაენებებინა. ასე მთავრდებოდა მამას მოყოლილი ისტორია. არადა როგორც ვიცით, სასმელი 7-Up მეტად წარმატებული გამოდგა და წარმოუდგენელი პოპულარობაც მოიპოვა. მამას ალბათ სწორედ ამის თქმა უნდოდა ჩვენთვის: ‘‘სოდიანი წყლის მოყვარული ახალგაზრდა დროზე ადრე დანებდა.’’

ეს ცხადი მაგალითია იმისა, რომ არასოდეს არ უნდა დავნებდეთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ დავმარცხდით, პირიქით  მნიშვნელობა აქვს იმას თუ  რას მივაღწიეთ. გახსოვდეთ: ‘‘ყველაფერი, რაც წარსულში დაგვრჩა, ან მომავალში გველის, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენშია.’’ –რალფ უოლდო ემერსონი.

 

| გააზიარე
მოგწონთ?