ჯადოსნური გასაღები, რომელიც მხოლოდ შენ გაქვს


ოდესმე გიფიქრიათ, რომ განსაკუთრებული ხართ? თუ არა, მაშინ დროა დაიწყოთ ამაზე ფიქრი. მართალია, გარემო ფაქტორები ძალიან მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ მთავარი მაინც შინაგანი განწყობაა. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ჩაიარა დღემ, ან წელიწადმა, ანდაც მთელმა ცხოვრებამ. მთავარია ვინ ვართ ჩვენ ახლა და რა გვინდა მივიღოთ საბოლოოდ. ხშირად გვგონია, რომ არ გაგვიმართლა და უბრალოდ ვნებდებით. სინამდვილეში კი ყველაფერი სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული და რაც უფრო იზრდება ხელისშემშლელი ფაქტორები, მით უფრო მეტი ენერგიითა და შემართებით უნდა ვიბრძოლოთ მიზნის მიღწევისთვის. მჯერა, რომ ადამიანს შეუძლია თავად გამოძერწოს საკუთარი პიროვნება.

 

1. განსაზღვრეთ, რისი მიღწევა გსურთ

პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ რა არის თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და რისი მიღწევა გსურთ. შემდეგ საჭიროა გაზომოთ მანძილი მიზნამდე და დაყოთ რამდენიმე ნაწილად.  პატარა ნაბიჯების ნუ შეგეშინდებათ, რადგან ისინი მალევე გადაიზრდება დიდ ნახტომში და წარმატებაც არ დააყოვნებს.

 

2. აკეთეთ თქვენთვის სასურველი საქმე და ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული

ხშირად ვთხოვთ სხვებს დახმარებას მაშინ, როცა სინამდვილეში ის არ გვჭირდება. გვგონია, რომ სხვა უკეთ გააკეთებს, ან უბრალოდ მარტივ გზებს ვეძებთ და საკუთარ თავს ვზოგავთ. საბოლოოდ ეს წინ სულაც არ წაგვწევს, პირიქით, შეგვაფერხებს და არ გვექნება კრიტიკულ სიტუაციაში საკუთარი თავის იმედი. თვითრწმენა კი ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც ადამიანს უბიძგებს შეძლოს ყველაფერი, გაარღვიოს საზღვრები და იამაყოს შედეგით.

 

2. იფიქრეთ თქვენს ოცნებებზე ყოველდღიურად და გწამდეთ მათი ასრულების.

სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ხშირად იმაზე ნაკლებს ვაკეთებთ, ვიდრე შეგვიძლია. თითქოს საკუთარ თავს თავადვე ვბლოკავთ და არ ვაძლევთ უფლებას იყოს ბედნიერი ან წარმატებული. წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი და სქელი დღიურია, რომელსაც თავადვე ვავსებთ. ყველას გვინდა ეს დღიური საინტერესო წასაკითხი იყოს, მაგრამ საამისოდ რას ვაკეთებთ? ცხოვრების დინებას მივყვებით და ფურცლებს უბრალოდ ვავსებთ ხოლმე. ამიტომ მოდით, გავხადოთ ის ყველასთვის და, პირველ რიგში, ჩვენთვის საინტერესო, რომ ნებისმიერ დროს გვესიამოვნოს და გვიხაროდეს მისი გადაფურცვლა.

 

3. იყავით თავდაჯერებულები

დაიმახსოვრეთ, რომ თითოეული შიშის დამარცხება, თქვენი პატარა გამარჯვებაა, რომელსაც დიდ მიზნამდე მიყავხართ. წარმოიდგინეთ მეზღვაური, რომელიც შტორმში მოხვდა და აღელვებულ ოკეანეს თავისი ძალებით ებრძვის, თუმცა ნელ-ნელა იღლება და ძალებს კარგავს, შიში იპყრობს. რას ეტყოდით მას? დანებებას ურჩევდით თუ ბრძოლის გაგრძელებას? პასუხის შემდეგ, წარმოიდგინეთ, რომ ეს მეზღვაური სწორედ თქვენ ხართ.

 

4. ესაუბრეთ ადამიანებს თავისუფლად  და ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ რაიმე არასწორად თქვათ

ყველა უშვებს შეცდომებს, სჯობს საზოგადოებასთან ურთიერთობისას იყოთ ის, ვინც ხართ, გამოავლინოთ თქვენი ხასიათი, აზრი, შთაბეჭდილებები და გულწრფელობა.

 

5. ნუ შეგაშინებთ წარუმატებლობა

ცხოვრება მთას ჰგავს და უნდა ეცადო რაც შეიძლება მაღლა ახვიდე, რომ უმშვენიერესი ხედით დატკბობა შეძლო. ეს მარტივი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელი. ბედნიერებისკენ სწრაფვის სურვილი ყველა ადამიანშია, თუმცა მთავარია ეს სურვილი მიზნად და შემდეგ რეალობად ვაქციოთ. თუ კი რაიმეში არ გიმართლებთ, ნუ მოგეჩვენებათ, რომ ცხოვრება დამთავრდა, რადგან ყველა დაღმართს აუცილებლად აღმართი მოჰყვება.

 

და ბოლოს, არ არსებობს ადამიანი, ვისთვისაც ცხოვრება იდეალურია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ იდეალური მომენტებით, მათ შორის მარცხითაც, რადგან ყოველი წარუმატებლობა უფრო მეტ ენთუზიაზმს გვძენს და გვიბიძგებს წარმატებისკენ. ყოველი დამარცხება უფრო მეტად გვაახლოებს მიზანთან და გვაძლევს იმ საჭირო უნარებს, რომლებიც მის მისაღწევადაა აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ლაბირინთში მოხეტიალეებს ვგავართ, მაინც არსებობს გზა, რომელიც ბედნიერების კარიბჭემდე მიგვიყვანს. კარიბჭემდე, რომელსაც მხოლოდ ჯადოსნური გასაღები მოერგება, სწორედ ისეთი, როგორიც შენ გაქვს.

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?