ინტერვიუ წარმატებულ ბიზნესმენთან


ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი წარმატებული ბიზნესმენი ნიკოლოზ ლატარიაა. ნიკოლოზი არის რამდენიმე ბიზნესის მფლობელი. თავისი წარმატების გზაზე ის თავად მოგვიყვება. 

როგორია თქვენი ცხოვრების ისტორია?
ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, არც ძალიან ცელქი და მოუსვენარი, თუმცა ეს კი იყო, მუდმივად ვეძებდი ახალ ინტერესებს. პატარაობაში ხშირად ვშლიდი და ვაწყობდი სხვადასხვა ტექნიკურ ნივთებს, ერთხელ ტელევიზორიც კი დავშალე, ვაკეთებდი ცდებს და გამომქონდა დასკვნები. ზოგადად 90–იანი წლები რთული იყო მთელი ქვეყნისთვის, ჩემი ოჯახისთვის კი ორმაგად რთული აღმოჩნდა. გარდამეცვალა ძმა, რომელიც 2 წლით უფროსი იყო ჩემზე. ეს დიდი ტრაგედია აღმოჩნდა 15 წლის ბიჭისთვის, ახლაც კი მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება. მივხვდი, რომ ცხოვრება ან უნდა გამეგრძელებინა, ანდა ხელი ჩამექნია და უაზროდ მეცხოვრა. შვებას მაინც აქტიურ მუშაობაში ვპოულობდი. 17 წლის ასაკში გავაკეთე მინი საწარმო და შამპანურს ვასხამდი. ეს იყო ჩემი პირველი ბიზნესი. გამიმართლა, თუმცა უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყანაში მალე ამის საჭიროებაც გაქრა. კიდევ ბევრი შრომა მომიწია, ვცხოვრობდი და ფიზიკურად ვმუშაობდი მოსკოვში. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები ჩემს ცხოვრებაში, სწორედ მაშინ გამომიმუშავდა ნებისყოფის სიმტკიცე და მივხვდი, რომ დანებება წაგებას ნიშნავდა, წაგებას საკუთარ თავთან.

როგორი იყო პირველი ნაბიჯები წარმატების გზაზე?
დაახლოებით 15 წლის წინ შევიძინე პირველი ბენზინგასამართი სადგური, რომელიც გავაფართოვე, გავარემონტე, ამას მოჰყვა შემდეგი ბენზინგასამართი და ასე გავხდი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მეპატრონე, შემდეგ ბედი სხვა ბიზნესებშიც ვცადე, ღვთის წყალობით ესეც წარმატებით დასრულდა.

თქვენი რჩევები მათთვის, ვისაც წარმატების მიღწევა სურს?
პირველ რიგში საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ, აუცილებლად უნდა გიყვარდეთ, უსიყვარულოდ გაკეთებული საქმე არ გამოდის, გბეზრდებათ და წარმატების მიღწევის შანსიც დაბალია. ნებისყოფის სიმტკიცე და არ დანებება მეორე აუცილებელი პირობაა, წარმატებული ადამიანი აუცილებლად უნდა ვითარდებოდეს. განვითარების,მუდმივი მოძრაობის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა, ხოლო შენარჩუნება საერთოდ შეუძლებელი. აუცილებელია გქონდეთ ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები და ფართო სამეგობრო წრე, სოციალური აქტიურობა და ცნობადობა. და ბოლოს, აუცილებელია მუდმივი მოტივაცია, ზოგჯერ უფრო მოტივირებულს გხდიან კეთილი ადამიანები, ზოგჯერ კი პირიქით, თქვენს შესაძლებლობებში შეპარული ეჭვი გიბიძგებთ იყოთ საუკეთესო.

ასე რომ, იბრძოლეთ, არ დანებდეთ, არ შემოუშვათ ეჭვები თქვენს სამყაროში და აუცილებლად გაგიმართლებთ.


ხატია სირბილაძე

| გააზიარე
მოგწონთ?