ფილმები განწყობისთვის - ''თავისუფლების მწერლები''


პროფესიის სიყვარული, თავდადება, არაფრის დაშურება, იდეაში წარმოუდგენლის მიღწევა. სწორედ ის სიტუაციაა, როცა მიზანი ამართლებს საშუალებას. მითუმეტეს, როცა საქმე ადამიანებს ეხება, თანაც მოზარდებს. როცა ყველაზე მეტი აგრესიაა დაგროვილი. თვითდამკვიდრების მომენტი იმ სოციალურ გარემოში, სადაც დაყოფის ზეიმია! რასობრივი, ფენობრივი, კლანური, არასამართლიანად და ღიად.

ეს არის, რეჟისორ რიჩარდ რაგრავენესის 2007 წელს გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი. ჰილარი სუონკის და პატრიკ დემპსის მონაწილეობით.
ფილმში აღწერილია, ამერიკელი მასწავლებლის, ერინ გრუველის ნამდვილი ისტორია. ლოს-ანჯელესი, 90-იანი წლები, კლანური და რასობრივი დაპირისპირება, აჯანყება. ქუჩებში იარაღის სროლის ხმა, ამ ყველაფერს 120 ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

განათლების სისტემაში ინტეგრაციის პროგრამა შემოიღეს. სადაც სწავლობენ 14-15 წლის ყოფილი პატიმრები, პირობითი სასჯელის მქონე და ფაქტობრივად, უპატრონო ბავშვები.

ეს ის ბავშვები არიან, კლანში გაწევრიანების გარეშე ცხოვრება რომ ვერ წარმოუდგენიათ. მშობლებისგან მემკვიდრეობით მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი გადაეცათ იდეოლოგის დონეზე და სკოლა მათთვის იძულებასთან, გეტოსთან და ციხესთან იგივდება.
სწორედ ასეთ კლასში მიდის ახალბედა მასწავლებელი ერინი. დახვეწილი, ენთუზიაზმით აღსავსე. მას მეუღლე მხარს უჭერს, თუმცა მამა, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველია, შვილის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს.


ერინს კლასში, ფაქტობრივად ქუჩის ცხოვრება და უდიდესი ზიზღი ხვდება, თუნდაც მისი თეთრკანიანობის გამო.
დასაწყისში, მასწავლებლის ყველა მცდელობა ამაოა. ჰომეროსი, ბავშვების გონებისგან ძალიან შორსაა. უჭირს, მაგრამ ენთუზიაზმს არ კარგავს. გადაწყვეტს პრობლემას სხვა კუთხით მიუდგეს, მოსწავლეების ნაცნობ თემებს ეხება, მაგალითად თუფაქის შემოქმედებას. ნელ-ნელა იჩვევს მათ.
კლასს დამცინავ ნახატს ჩამოართმევს და მათ სინდისზე იწყებს მოქმედებას, უხსნის, რომ წარმოდგენა არ აქვთ სინამდვილეში კლანებზე, სწორედ ამ ნახატებით იწყებს და საბოლოოდ ჰოლოკოსტამდე მივლენ. ბავშვები ინტერესდებიან რა არის ჰოლოკოსტი. ერინი გადაწყვეტს „ანა ფრანკის დღიური“ წააკითხოს მათ.

მეორე, უფრო საშინელი პრობლემა ხვდება, როდესაც სკოლის ხელმძღვანელობა ბიბლიოთეკიდან წიგნებს არ ატანს, რადგან ამ ფენას ადამიანებად არ თვლიან და ბიუჯეტს უფრთხილდებიან. ხოლო, ინტეგრირების პროგრამა თურმე ფორმალურია.
სწორედ აქ იკვეთება ერინის მისაბაძი თვისებები, მაყურებელიც, თითქოს მასთან ერთად იწყებს ბრძოლას. სურვილი გიჩნდება, ბოლო მოუღო არაადამიანურ დამოკიდებულებას და ბავშვების დაზიანებულ მენტალობას უშველო.

ბავშვებს სწავლისადმი ინტერესს უღვივებს, ნდობას მოიპოვებს, წიგნებს აკითხებს და დღიურების წერას ავალებს. მამამისთან ერთად ექსკურსიაზე მიყავს და  ანახებს მეორე მსოფლიო ომის დოკუმენტურ მასალებს, თუ რა გამოიწვია დაყოფამ.
სკეპტიკოსი მამა ხვდება, თუ რას შეეჭიდა და რას მიაღწია შვილმა. ამხნევებს და გვერდში უდგას.
ბავშვებში ძირეული ცვლილება ხდება, ეს არის სულის წრთობის მომენტი, თითქოს მახინჯი სკულპტურისგან ხელახლა იძერწება შედევრი.
ეს ერთმა რიგითმა მასწავლებელმა შეძლო, შეეწინააღმდეგა განათლების სისტემას, იბრძოლა და შექმნა აღზრდის უნიკალური მეთოდი. ყველასგან მივიწყებული ბავშვების ამბავი პრესამ აიტაცა.

კლასმა მოიწვია ქალი, რომელმაც ანა ფრანკი შეიფარა, სწორედ მან განუცხადა , რომ -ისინი, თავად არიან გმირები.
ფილმის ყურებისას ივსები. ის მომენტია, როდესაც გული, სული და გონება შეთანხმებულია და უდიდეს მოტივაციას იძენ, რომ რაღაც დიადი გააკეთო.

სწავლობ - თუ როგორ შეიძლება ერთი პიროვნება იყოს, ერთდროულად კარგი მოსწავლეც და  მასწავლებელიც.

ფილმის პერსონაჟი, გვაძლევს მაგალითს, რომ ხანდახან წესების დარღვევაც ღირს, თუ ეს ბრწყინვალე შედეგამდე მიგვიყვანს.

რისკი და შეუპოვრობა - აი, ნამდვილი გზა მიზნის მისაღწევად!

 

| გააზიარე
მოგწონთ?