არ უნდა დაგეთმო, შენს ოცნებებს უნდა გაყოლოდი, ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!


შენ არ უნდა დაგეთმო, შენს ოცნებებს უნდა გაყოლოდი, ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!

წარმოიდგენეთ, რომ ამ სიტყვებს ვიღაც გეუბნებათ, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ დღეიდან 20, 30 ან 40 წელია გასული. თქვენი ცხოვრების ნახევარზე მეტი უკვე გაიარეთ და იცით, რომ წარსულის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება. შეგიძლიათ დეტალურად აღწეროთ ის, რასაც იგრძნობთ ამ სიტყვების მოსმენის დროს? როგორ განიცდით თითოეულ უქმად გაფლანგულ დღეს, როგორ ნანობთ, რომ არ გარისკეთ, კიდევ ერთხელ აღარ სცადეთ, სათანადოდ არ დააფასეთ არც ერთი შესაძლებლობა და შანსი, რომელსაც ცხოვრება გჩუქნიდათ. თქვენ ყოველთვის მომავალი დღის იმედად იყავით და ყველაფრის გადადება გიყვარდათ, ამასობაში კი დღეები წლებად იქცა. თქვენი განუხორციელებელი ოცნებები და მიზნები მტვერდადებული, სადღაც თაროზე შემორჩა და ყველაფერი მხოლოდ უმოქმედობამ გამოიწვია.

წარმოიდგინეთ თქვენი თავი ასეთ მომავალში, რომ თქვენ გვერდით არაა ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ასე ძალინ გიყვარდათ. დარჩით იქ, სადაც ყველაფერი მოსაწყენ რუტინად იყო ქცეული, ვალდებულების გამო აირჩიეთ დარჩენა იმ ადამიანებთან, რომელთა მიმართ სიყვარული გამქრალი იყო. არ იბრძოლეთ თქვენი ნამდვილი ბედნიერებისთვის, დანებდით პირველივე დაბრკოლებაზე, მარტივად დაუთმეთ სხვას, არ იბრძოლეთ ურთიერთობების დასაცავად, არ გაუფრთხილდით ერთმანეთს, არ თქვით საჭირო სიტყვები მაშინ, როცა ასეთი აუცილებელი იყო, არ მოუსმინეთ, არ აპატიეთ და თქვენ საერთოდ არაფერი გააკეთეთ სიყვარულის და ბედნიერების მოსაპოვებლად მაშინაც კი, როცა ყოველთვის ხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა თქვენი საჩუქარი იყო. 

დღეს კი თმაში ჭაღარა შერეული, სახეზე ნაოჭებისგან დაღონებული, თავს დაბლა ხრით და ნანობთ ყველაფერს, რაც არ გააკეთეთ, რაც არ თქვით, არ გარისკეთ ახალი ბედნიერების აღმოსაჩენად.

მოდით, ვაღიაროთ, ეს ის მძიმე მომავალია, რომლიც ყველა იმ ადამიანს ელოდება სიბერის ჟამს, რომელიც დღეს არ მოქმედებს, უბრალოდ ზის და ოცნებობს, ყოველთვის ხვალინდელ დღეს ელოდება, მუდამ სხვისი იმედი აქვს. ვინც არასდროს რისკავს და მარცხის ეშინია, რომელიც არ იბრძვის სიყვარულისთვის, არ ზრუნავს საკუთარ ბედნიერებაზე, არ ფიქრობს მომავალზე, არ მისდევს საკუთარ ოცნებებს, საჩუქრად არ თვლის ყოველ მზის ამოსვლას, არ აფასებს მეგობრობას, არ გასცემს მეტ სიყვარულს, სითბოს და ყველაფერს ყოველთვის სხვისგან ელოდება.

გახსოვდეთ, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცევიან. არასოდეს მისცეთ უფლება შიშსა და სიზრმაცეს თქვენზე გაიმარჯვოს და ოცნებები განუხორციელებელი დაგრჩეთ. ვიდრე ცოცხალი ხართ, იცოცხლეთ! წადით წინ მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემით!… იმოქმედეთ, სცადეთ დაუსრულებლად, ეძიეთ, გარისკეთ და თქვენი ცხოვრება სასიამოვნო თავგადასავალს დაამსგავსეთ.

გახსოვდეთ, რომ მომავალი მას ეკუთვნის, ვინც დღეს მოქმედებს. იცხოვრეთ არა სიკვდილის შიშით, არამედ სიცოცხლის სიყვარულით და არავის არასოდეს მისცეთ უფლება, რომ გითხრათ: შენ არ უნდა დაგეთმო! შენს ოცნებებს უნდა გაყოლოდი, ბრძოლა არ უნდა შეგეწყვიტა!

წინ ყველას რაღაც გველოდება. როგორი გსურთ იყოს თქვენი მომავალი?

 

მარიამ შარიქაძე

| გააზიარე
მოგწონთ?