თუ მოტივაციას ეძებ!


არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს მოტივაცია? რა თქმა უნდა, არა. მთავარია, მოინდომო მისი დანახვა, აღმოაჩინო  და მუდმივად ცდილობდე მის გაძლიერებას. არსებობს განსხვავება მოტივატორებს შორის, რაც განპირობებულია იმ მოთხოვნილებების არსებობით, რაც თითოეულ ჩვენგანს გააჩნია. აქ ყურადღებას გავამახვილებ არა ფიზიოლოგიურ, არამედ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებზე. ზოგიერთ ჩვენგანს მოთხოვნილება აქვს წარმატებაზე, ზოგს სურს  ძალაუფლება, ზოგიერთისთვის პრიორიტეტული სოციალური მოთხოვნილებებია. თითოეული მათგანის დაკმაყოფილების სურვილი უკვე მოტივაციაა და იწვევს ადამიანის  მიზანმიმართულ ქმედებას. მოტივაციის სიდიდეს განსაზღვრავს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის ამა თუ იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილება. რაც უფრო ძლიერია სურვილი, მით უფრო დიდი ძალა აქვს მოტივაციას. ამგვარად, მნიშვნელოვანია არა  მოტივაციის არსებობა, არამედ აქვს თუ არა მას საკმარისი გავლენა ჩვენს ამა თუ იმ ქმედებაზე. ხოლო იმისთვის, რომ მოტივაცია იყოს ეფექტური, საჭიროა მისი მუდმივი ზრდა-განვითარება.

და მაინც, როგორ გავზარდოთ მოტივაცია?

 

გახსოვდეს, რომ შენ ხარ საკუთარი თავის პირველი მოტივატორი

ადამიანები ჩვენს მოტივატორად ყოველთვის ვინმეს ან რაიმეს აღვიქვამთ. აი, მაგალითად, შესაძლოა მოტივაციის წყაროდ ოჯახი, სამშობლო ან წარმატებული ადამიანი ჩავთვალოთ. თუ ოჯახის წევრები ჩვენით ამაყობენ, ეს ძალიან გვახარებს, თუ საშობლოსთვის  ვაკეთებთ რაიმე სასიკეთოს, ესეც გვაბედნიერებს ან თუ ვინმე ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია და ვცდილობთ მისგან რაიმე ვისწავლოთ, ესეც იმიტომ, რომ გვაქვს თვითრეალიზაციის სურვილი. საბოლოოდ, ყველაფერი ისევ ჩვენ გვიკავშირდება და რასაც ვაკეთებთ, პირველ რიგში,  საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოტივაციის მთავარი ბერკეტი და წყარო თვითონვე ვართ და ჩვენზეა დამოკიდებული მისი არსებობა და ეფექტურობა.

 

დაფიქრდი, გააანალიზე და შეაფასე რა გინდა, რატომ და რისთვის

ადამიანთა მოტივაციას  მათი შინაგანი ბუნება განსაზღვრავს. ჩვენ ყველანი განვსხვავდებით და რა გვსურს ნამდვილად, ეს მხოლოდ თვითონ ვიცით. თუ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული მისია, მიზანი და ამოცანები, მოტივაცია თავად მოდის ჩვენთან.

 

აქციე დემოტივატორი მოტივატორად

არ არსებობს პრობლემა, რომელიც არ გადაიჭრება. ყოველთვის შეხედე სირთულეს, როგორც გამოწვევას და მიიღე ის. არავის და არაფერს მისცე უფლება, უარი გათქმევინოს  დასახულ მიზანზე.

 

დაუმტკიცე საკუთარ თავს, რომ შეგიძლია მეტი

თუ შენ არ გჯერა საკუთარი თავის, მაშინ არც სხვა დაგიჯერებს, ხოლო იმისათვის, რომ ირწმუნო შენი შესაძლებლობების, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და ყოველდღიურად ერთი ნაბიჯით წინ სვლაა საჭირო. როდესაც უკან მოიხედავ და ნახავ, რომ დღეს შენ მეტი შეგიძლია, ვიდრე გუშინ შეგეძლო, აუცილებლად დაგიბრუნდება საკუთარი თავის რწმენა და უფრო მეტის სურვილი გაგიჩნდება. სწორედ ეს არის მოტივაცია.

 

იყავი შედეგებზე ორიენტირებული

ადამიანის მოთხოვნილებები, მოტივაცია და შედეგები ერთგვარ სასიცოცხლო ციკლს ქმნის, რომელიც მუდმივად მეორდება. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც გაქვს მოთხოვნილება, გიჩნდება მოტივაცია, რომ დააკმაყოფილო ის. საბოლოო შედეგს კი განხორციელებული ქმედებების პროპორციულად აღწევ.  თუ შედეგი დადებითია, შემდეგ ახალი, უფრო ამბიციური მოთხოვნილება ჩნდება, რომელიც ასევე ახალი მოტივაციის წარმოშობის წყაროა.

 

და ბოლოს, თუ ფიქრობ, რომ გჭირდება მოტივაცია, ნუ დაელოდები როდის მოვა და გიპოვნის ის. აღმოაჩინე მოტივაცია საკუთარ თავში და წააქეზე საკუთარი ქმედებები მიზნების მისაღწევად.

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?