ჩაი, პლედი და მარაგი წიგნების, რომლებიც შემოდგომაზე უნდა წავიკითხოთ


იმისათვის, რომ წიგნები ვიკითხოთ, არ არის აუცილებელი შევარჩიოთ განსაკუთრებული დრო და ადგილი, რადგან კარგი წიგნის კითხვისას ჩვენ თავისთავად ვმოგზაურობთ ჯადოსნურ სამყაროში, თუმცა მიუხედავად ამისა, დამეთანხმებით, რომ წიგნების კითხვა შემოდგომაზე არის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი. ფინჯანი ჩაი, რომელიც ძალიან სასიამოვნოა შემოდგომის გრილ ამინდებში, მხარზე თბილი პლედი და ბუნების ყვითელი პეიზაჟები კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის წიგნებთან გატარებულ წუთებს.

 

გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც თქვენს წარმოსახვას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს და წელიწადის ეს დრო ნამდვილად დაუვიწყარი გახდება თქვენთვის.

 

1. ნაირა გელაშვილის „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“ საოცარი ამბავია სიყვარულზე. წიგნის პირველი გვერდი სექტემბრის წვიმიან საღამოს აღწერს, როდესაც წიგნის მთავარი გმირისთვის სიყვარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.

 

2. გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდა“ არის წიგნი, რომელშიც გუდამაყარში მცხოვრები ადამიანების ამბებია აღწერილი. წიგნის კითხვისას თქვენ დაინახავთ როგორ ხატავს ღმერთი ოქროსფერი ფერებით გუდამაყრის მთებს, როგორ იფარება თოვლის ფიფქებით ტყეები, როგორ დადიან ამ ტყეებში ჩაფიქრებული ადამიანები და ნელ-ნელა იზრდებიან ფურუსულები და ენძელები ველ-მინდვრებში.

 

3.„შემოდგომის ცივ საღამოს რომ შეიძლებოდეს და მამაჩემის თბილ პალტოში შემომაყუჟებინა კვერნები, ციყვები, შვლის ნუკრები, თვით მგლის ლეკვებიც კი იყვნენ შემოყუჟულნი ჩემი მკლავების ქვეშ და იყურონ გარეთ მარტო ცხვირგამოყოფილებმა, მეც და ისინიც ნამდვილად ბედნიერები ვიქნებოდით.“ წერს რევაზ ინანიშვილი თავის მოთხრობაში „ბედნიერება“, რომელიც მისი მოთხრობების კრებულშია შესული.

 

4.თანამედროვე ქართული ბესთსელერების ავტორი, გიორგი კეკელიძე, თავის მესამე წიგნში „გურული დღიურები“, განსაკუთრებით შთამბეჭდავად აღწერს სექტემბრის საღამოებს. „სიმინდის ან თხილის დარჩევა შემოდგომის ღამეებში. უცნაურად თხელი ჰაერი და თითქოს გამჭვირვალე მთვარე, სხვა ჩასუნთქვაა.“ 

 

5. ბესიკ ხარანაულის „ეპიგრაფები დავიწყებული სიზმრებისთვის“ - აქ აღწერილია ადამიანის სულიერი სამყარო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როდესაც მოუთმენლად ვფურცლავთ ზემოთ აღნიშნული წიგნის ფურცლებს. გარეთ კი შემოდგომის ოდნავ მელანქოლიური საღამოა. ჰაერში დატრიალებული ფოთლების ხმა და წვიმის წვეთები სახურავებზე, კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენს შთაბეჭდილებებს. თუმცა, ვფიქრობ, შემოდგომა ის დროა, როდესაც ადამიანმა შესაძლოა ბევრი რამ აღმოაჩინოს საკუთარ თავში - მაგალითად ის, რომ შეუძლია წერა და ჩაიწეროს ფიქრები. შეიძლება ბუნებაში ყოფნისას მიხვდეს, რომ მხატვარია და თბილი პეიზაჟები გადაიტანოს ფურცლებზე. შესაძლოა მუსიკოსი იყოს, რომელიც საოცარი ჰანგებით ალამაზებს სამყაროს.

შემოდგომა ნამდვილად ის დროა, როდესაც შეიძლება შთაგონება გვეწვიოს და გავხდეთ კიდეც ნამდვილი შემოქმედები.

| გააზიარე
მოგწონთ?