იპოვე საყვარელი საქმე - იყავი წარმატებული


თითოეული ჩვენგანი უნიკალური პერსონაა საკუთარი სურვილებით, ხედვით და მისწრაფებებით, საჯარო სკოლის დასრულებითანავე რომ გადაუდგამს პირველი ნაბიჯები პროფესიული განათლების დაუფლებისა და წინსვლისთვის. სასურველი საქმიანობის არჩევის პროცესში გადაწყვეტილების მიღებისას მრავალი გარემოების გათვალისწინება გვიწევს, განსაკუთრებით თანამედროვე პირობებში - პერმანენტულად მზარდი ტექნოლოგიების, მრავალმხრივი ინფორმაციისა და კარიერული შესაძლებლობების განვითარების ახალ ეტაპზე. შეგვიძლია, ერთდროულად რამდენიმე პროფესიასაც კი დავეუფლოთ, განათლების მიღებასთან ერთად მცირე ბიზნესიც (რომელიც ჩვენთვის ადრე უბრალო ჰობი იყო) ვმართოთ და ის შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ, პარალელურად გავერთიანდეთ სხვადასხვა ორგანიზაციებში მოხალისედ, ერთ დღეს კი ეს ყველაფერი მივატოვოთ და ახალი იდეებით ცხოვრება ნულიდან დავიწყოთ - არასოდეს იქნება გვიან!


როგორ ვირჩევთ პროფესიას - ახლობლების რჩევის გათვალისწინებით? მომავალში დასაქმების პერსპექტივისა და სოლიდური ანაზღაურების მიღების იმედით? საკუთარი კომპანიის დაფუძნება და მართვა გვსურს თუ მშობლების წარმატებული პროფესიული გზის გაგრძელება? თუკი გვსურს, ვიპოვოთ საქმე, რომელიც ჩვენი მომავალი ცხოვრების მიმართულებას განსაზღვრავს და წარმატებასაც მოგვიტანს, შესაძლებელია, ასეთი მიდგომა  საკმარისი აღმოჩნდეს გადაწყვეტილების მისაღებად. ეს მნიშვნელოვანი, თუმცა არა მთავარი შეკითხვებია, რომლებსაც პასუხი უნდა გავცეთ იმ შემთხვევაში, თუ საყვარელ საქმეს ვეძებთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისა და გამოყენების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, ორი უმთავრესი კრიტერიუმი პროფესიის არჩევისას, კონკრეტული საქმისადმი სიყვარული და მისი შესრულებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების არსებობაა.


მოდით, გავიხსენოთ საკუთარი ბავშვობა, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, როგორები ვიყავით, რა გვსურდა, რომელი პროფესიები მოგვწონდა და რომელ საგნებს ვსწავლობდით უფრო მეტი მონდომებით სკოლაში. აუცილებლად აღმოვაჩენთ გარკვეულ კავშირს ჩვენს დღევანდელ პროფესიულ არჩევანთან. თუ ბავშვს რაიმე საქმისადმი განსაკუთრებული გატაცება ან ნიჭი აქვს და პატარა ასაკიდანვე ყველაფერს გააკეთებს მის დასაუფლებლად, ზრდასრულ ასაკში ის საკუთარ ოცნებას აიხდენს - ექნება საქმე, რომელიც ეყვარება და ბრწყინვალედ შეასრულებს მას.


იდეალური ვარიანტია, როდესაც საქმე, რომლის კეთებაც მოგვწონს, ყველაზე უკეთ გამოგვდის, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. რამდენად კარგად ვიცნობთ საკუთარ თავს? არსებობს რისკის ფაქტორი - ჩვენი სურვილების ღრმად გააზრება, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების სწორად გაცნობიერება. ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე შეიძლება მოგვიხდეს არჩევანის გაკეთება სასურველ საქმიანობასა და საკუთარი უნარების შესაბამის პროფესიას შორის, რადგან სავსებით დასაშვებია, რომ პირველი მეორეს არ ემთხვეოდეს.


უმაღლესი აკადემიური თუ პროფესიული განათლების მიღების შემდეგ ჩვენ წინაშე საქმიანი ასპარეზია - დასაქმების ბაზარი თავისი დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით და პირველი სამსახური, თუმცა ესეც ერთგვარი დასაწყისია (როგორც პირველი ლექცია უნივერსიტეტში) იმ თვალსაზრისით, რომ ახლა არსებულზე უკეთესი სამუშაო ადგილის ძიების პროცესი იწყება. ეძებდე - ნიშნავს, იბრძოდე, დაბრკოლებების მიუხედავად, მიზანმიმართულად მიიწევდე წინ, ეცნობოდე ყველაფერს, რაც გზად გხვდება, სულ უფრო მკაფიოდ სახავდე მთავარ მიზანს და უახლოვდებოდე მას.


შესაძლებელია ასევე, კარიერა სულ უბრალო, რუტინული ან/და მძიმე საქმიანობიდან დავიწყოთ, რომელიც არა თუ არ არის ჩვენი უშუალო სპეციალობა, არამედ აბსოლუტურად სხვა სფეროა. ასეთი სტარტი საზოგადოებაში ჯერ კიდევ ერთგვარ წარუმატებლობად ითვლება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს ე.წ. ''მარცხი'' გამოწვევად მივიღოთ, ჩვენს ძლიერ მხარედ ვაქციოთ და უბრალოდ, განვაგრძოთ - ხვალ ხომ სრულიად ახალი დღეა, ახალი შანსებით და მოლოდინით - რომ ამჟამად შეძენილი (თუნდაც მცირე) გამოცდილებით სასურველ საქმეს ვიპოვით და მომავალში უკეთ გავუძღვებით. ახლა ჩვენი დღევანდელი საქმიანობა არ გვაკმაყოფილებს, არ მოგვწონს ან უფრო მეტის კეთება გვსურს, მაგრამ არ ვნებდებით, შეუპოვრად, შინაგანი რწმენით ვაკეთებთ - რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია, აქ და ახლა. ყველაზე კარგი მასწავლებელი ცხოვრებაში ჩვენივე გამოცდილება ხდება.


დამოუკიდებლად ჩამოაყალიბეთ კარიერის გეგმა. იფიქრეთ იმაზე თუ რა გსურთ, რომ აკეთოთ და როგორ მიაღწიოთ მას. მოიძიეთ მეტი ინფორმაცია ყველაფერზე, რაც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში, განსაზღვრეთ თქვენი უნარები და ინტერესები, დაფიქრდით, რა განიჭებთ სიამოვნებას, რაში ხართ კარგი, როგორი ტიპის პიროვნება ხართ და რა ღირსებები გაგაჩნიათ. თამამად შეარჩიეთ პროფესია, შეადარეთ თქვენი ინტერესები შერჩეულ საქმიანობასა თუ თანამდებობას, ეცადეთ შეიძინოთ დამატებითი პრაქტიკული გამოცდილება და არ დაზოგოთ ფინანსური რესურსები. კარიერული გეგმის რომელ ეტაპზეც არ უნდა იმყოფებოდეთ, როგორიც არ უნდა იყოს გარემო და არსებული რეალობა, სამი რამ არის უმთავრესი - მოთმინება, მოტივაცია და თავდაუზოგავი შრომა. შედეგი გარანტირებულია!


ნინო შოთნიაშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?