გამოიყენე დღევანდელი დღე - ანუ რატომ არ უნდა გადავდოთ საქმეები მომავალში?


„ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია დღეს, არ გადადო ხვალ, თუმცა ის, რაც ხვალ უკეთესად გამოგივა, არ გააკეთო დღეს!“ აი, უმარტივესი ოქროს წესი ყოველი საქმის დაწყებისას, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში თავად უნდა განსაზღვროთ რისი გაკეთება ჯობია დღეს და რისი ხვალ.

ხშირად ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ შესაძლებლობებს იმაზე მეტად აფასებს, ვიდრე რეალურად აქვს (ფსიქოლოგიაში ამას „დანინგ-კრუგერის“ ეფექტს ეძახიან). ეს ხდება მიზეზი არასრულფასოვნად შესრულებული დავალების, დაკისრებული მოვალეობის თუ ნებისმიერი საქმის, რისი გაკეთებაც ამ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ.

ალბათ, ყველას გვქონია მომენტი, როცა დავალება უკანასკნელ წუთებში დაგვიწერია, ან გამოცდისთვის მზადება ერთი დღით ადრე დაგვიწყია (მაშინ, როცა ამისათვის მანამდე უამრავი თავისუფალი დრო გვქონდა), ან გვითქვამს „ხვალიდან ვიწყებ...“. ხვალიდან დასაწყები საქმისთვის კი დრო უკანასკნელ წუთებამდე არ დგება და, შესაბამისად, შესრულებული საქმის ხარისხიც ნაკლებია. ნებისმიერი მომდევნო საქმის დაწყების წინაც ასე იქნება, სანამ დამოკიდებულებას არ შევცვლით და საკუთარი თავების მიმართ მეტად მომთხოვნი არ ვიქნებით.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში უკეთ შეძლებთ დროის მართვას. მერწმუნეთ, ყოველი შესრულებული დავალების ხარისხიც გაუმჯობესდება და თქვენც კმაყოფილი დარჩებით, დაინახავთ განსხვავებას ძველსა და ახალ მიდგომას შორის, როცა „დედლაინის“ მომენტისთვის დაძაბული აღარ იქნებით მოასწრებთ თუ ვერ მოასწრებთ დასრულებას. სტრესის გარეშე ცხოვრება კი დამერწმუნებით, გაცილებით მარტივია.

 

1.დაალაგეთ შესასრულებელი დავალებები თუ გასაკეთებელი საქმეები პრიორიტეტების მიხედვით. ეს შესაძლებლობას მოგცემთ მარტივად მიიღოთ გადაწყვეტილება თუ საიდან დაიწყოთ.

2.დაგეგმეთ ნებისმიერი საქმე წინასწარ, ეს დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში.

3.დაწყებამდე მოიძიეთ ყველაფერი, რაც კი დავალების შესასრულებლად გჭირდებათ, იქნება ეს ინფორმაცია, ხელსაწყოები, მასალები თუ ა.შ. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შესრულებული სამუშაოს საბოლოო ხარისხისა და სრულფასოვნებისთვის.

4.თუ დავალება დიდ დროს მოითხოვს შეისვენეთ რამდენიმე წუთით, ეს მუშაობას უფრო ნაყოფიერს გახდის.

5.დასრულებული სამუშაოს შემდეგ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ. რამდენიმე საათის შემდეგ (თუ კი ამის შესაძლებლობა გაქვთ) გადახედეთ, გაასწორეთ შეცდომები, რომლებსაც აუცილებლად იპოვით და დასვით საბოლოო წერტილი.

 

და ბოლოს, გახსოვდეთ, არასოდეს გადადოთ ხვალისთვის განვითარება, მიზნისკენ სვლა, ოცნება და ფიქრი იმაზე, როგორ გახდეთ საუკეთესო და შეცვალოთ აწმყო უკეთესი მომავლით. დაიწყეთ დღეს, ახლა და აქ, რადგან ხვალ დღევანდელი წუთები უკვე ფუჭად დაკარგული იქნება. მომავალი ხომ ეკუთვნის მას, ვინც მისთვის დღეს ემზადება!

| გააზიარე
მოგწონთ?