საჯარო სკოლის პედაგოგის მოტივაციის წყარო


მუდმივი სწავლა, თავდაუზოგავი შრომა, გამოწვევების მიღება, დროის ფასი და დიდი მოტივაცია - სწორედ ამ თვისებებით მიაღწია დასახულ მიზანს ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა, ლაგოდეხის ცოდნისკარის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მანანა ლაბუჩიძემ. ქალბატონი მანანა თავის განვლილ გზაზე მოგვიყვება და გვასწავლის როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს რამდენიმე საპასუხისმგებლოს საქმე ერთდროულად.

რომელ პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
ძალიან მინდოდა ჟურნალისტობა, მომწონდა ხალხთან კონტაქტი, მაგრამ იმ პერიოდში დიდი კონკურენციის და სხვა გარემო პირობების გამო, არ გამოვიდა, ამიტომ მონათესავე პროფესია ავირჩიე და გავხდი პედაგოგი, რასაც  ნამდვილად არ ვნანობ.

როგორ დაიწყო თქვენი კარიერა? რა ნაბიჯები გაიარეთ? რა დაბრკოლებები შეგხვდათ ამ გზაზე?
სკოლაში აქტიური მოსწავლე ვიყავი, მომიწია ქვეყნის შიდა და გარე ყრილობებში მონაწილეობის მიღება, როგორც დელეგაციის წევრს (მოგეხსენებათ ,მაშინ კომუნისტური სისტემა იყო) ამის შემდეგ, სკოლაში პიონერხელმძღვანლად დავიწყე მუშაობა. ჩემი პირადი ცხოვრებაც შეიცვალა. დავოჯახდი და ორი შვილის დედა გავხდი, პარალელურად ჩავაბარე ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. სტუდენტური წლების გავლა ურთულეს პირობებში მომიხდა, ლექციებზე და გამოცდებზე სიარული მიწევდა რაიონიდან მეორე ქალაქში, მაგრამ მე ეს შევძელი, გავხდი პედაგოგი და მაქვს 33 წლიანი სამუშაო სტაჟი.

როგორც ძველი თაობის წარმომადგენელი, როგორ ეგუებით განათლების სისტემაში არსებულ ძირეულ სიახლეებს?
ყველა სიახლეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, აქტიურობა და პასუხისმგებლობა ჩემი პიროვნების მახასიათებელი თვისებაა, აქედან გამომდინარე, ვცდილობ, დროს არ ჩამოვრჩე, 56 წლის ასაკშიც ვსწავლობ, ვშრომობ და პრაქტიკაში ვნერგავ იმ სიახლეს, რაც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

რა იყო ყველაზე რთული ამ სიახლეებში და რა მეთოდით გადალახეთ?
ყველაზე რთული იყო უამრავი უცხო ტერმინის გააზრება, ახალი სისტემისთვის ალღოს აღება, ეს იყო ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ახალი გამოწვევა. გავიარე უამრავი ტრეინინგი, ჩავაბარე გამოცდა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი კარიერაში.

რა გაძლევთ მოტივაციას?
პროფესიული მოტივაცია, თავად პროფესიის სიყვარულია, სიამოვნება რასაც ჩემი შრომისგან ვიღებ, მსურს აღვზარდო კარგი მომავალი თაობა.  ჩემს მოტივაციას ამყარებს: ყოფილი მოსწავლეების თბილი დამოკიდებულება, ხშირი სტუმრობა და მოკითხვა. მასწავლებლისთვის ეს მოტივაციაც და ჯილდოც არის, წლების წინ წასულ მოსწავლეებს რომ დღემდე ვახსოვარ, ეს მიასმაგებს რწმენას, რომ ბავშვების აღზრდაში მართებულ მეთოდს ვიყენებ.

თქვენი ტოპ 5 რჩევა მომავალ პედაგოგებს:
1. ბავშვების სიყვარული, შრომისმოყვარეობა, სამართლიანობა, ჰუმანურობა, სიკეთე, გულისხმიერება - ეს არის პედაგოგის აუცილებელი თვისებები, აუცილებლად გამოიმუშავეთ ისინი!
2. ყოველი დღე სიახლით დაიწყეთ, თუნდაც ეს წვრილმანი იყოს.
3. ნუ ახსნით ახალ მასალას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ძველის გააზრება-ანალიზი სრულფასოვნად მოახერხეს მოსწავლეებმა.
4. დაიცავით ოქროს შუალედი მეგობრობასა და აღმზრდელობას შორის, გაითვალისწინეთ ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები და ამის მიხედვით დატვირთეთ, იყავით ზომიერად კრიტიკული, ხშირად შეაქეთ ბავშვები, განსაკუთრებით სუსტი მოსწავლეები, რათა მათ მისცეთ მოტივაცია გახდნენ უკეთესები.
5. დაანახეთ მოსწავლეებს, რომ თქვენც სწავლობთ და ვითარდებით!

თქვენი ტოპ 5 რჩევა მოსწავლეებს:
1. იყავით ადამიანურები.
2. იყავით მეგობრულები, დაეხმარეთ სხვას, არ დაჩაგროთ თქვენზე სუსტი.
3. გადაანაწილეთ დრო სწავლისა და გართობისთვის, გართობის ერთ-ერთ ფორმათ გაიხადეთ  წიგნების  კითხვა.
4. იცოდეთ თქვენი უფლებები და მისი დაცვის ფორმა, ასევე მოვალეობები და მისი პირნათლად შესრულება.
5. ბევრი ისწავლეთ, დააგროვეთ ცოდნა, რათა ცხოვრებაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდროთ.
 

| გააზიარე
მოგწონთ?