საჩუქრად პოზიტივი საკუთარ თავს


დროთა განმავლობაში სამყარო იცვლება და ის რაც ადრე ასე უბრალო, ჩვეულებრივი და ბუნებრივი იყო, ახლა ძნელად მოსაპოვებელი გახდა. 

პოზიტივი - ჩემს ბავშვობაში ამ სიტყვას იშვიათად ვხმარობდით. დღეს ვხვდები, რომ პოზიტივია თითოეული გათენებული დღე, უანგაროდ გაკეთებული სიკეთე, ბავშვობისდროინდელი მეგობრის ნახვა, ქალაქგარეთ გასეირნება. პოზიტივია ღიმილი, რომელსაც ასე უშურველად გასცემენ უცხოელები და ასე ძნელად ვიმეტებთ ჩვენ მას ჩვენივე ახლობლებისთვის.

რამდენიმე თვის წინ ექიმთან ვიზიტი მქონდა, რიგში დგომა მომიწია. ქალი შემოვიდა 17 წლის გოგონასთან ერთად, გოგონა გონებრივად ჩამორჩენილი იყო. ამ დროს არ მიყვარს ყურადღების გამახვილება ადამიანის ნაკლზე. გოგონა ჩემსკენ გამოემართა და მომესალმა. მივესალმე და გავუღიმე, მერე საუბარი უნდოდა, თუმცა, უჭირდა. ყურზე ჩემი შვილის ნაჩუქარი საყურე მეკეთა, რა ლამაზია მეც მინდაო. რაღაცნაირად დავიბენი. დედა შეწუხდა და ეცადა ჩემთვის აეხსნა, რომ ეს საყურე მას მალე დაავიწყდებოდა, არ ჭირდებოდა და ვერც ვერაფერს გაიგებდა. საყურე მივეცი და მივხვდი, რომ ასეთი ბედნიერი იშვიათად ვყოფილვარ, ბედნიერებით უბრწყინავდა გოგონას თვალები. შესაძლოა მეორე წუთს ამ საყურეს მართლა დაეკარგა მისთვის მნიშვნელობა, მაგრამ იმ მომენტში გოგონა ძალიან ბედნიერი იყო. მჯერა რომ ამ სამყაროში არც ერთი გრძნობა უაზროდ არ იკარგება.

მე სიყვარული გავეცი და უფრო დიდი სიყვარული მივიღე, ჩემი თავის სიყვარული.


ხატია სირბილაძე

| გააზიარე
მოგწონთ?