როგორ აღვზარდოთ შვილები დამოუკიდებელ ადამიანებად?


დღევანდელ სტატიაში გვსურს ვისაუბროთ იმ პრობლემის შესახებ, რომელიც მშობლებსა და შვილებს შორის არსებობს. მას მიჯაჭვულობა ჰქვია. შვილები, მოგეხსენებათ, დაბადებისთანავე დამოკიდებულნი არიან  მშობლებზე და ჩვილობის პერიოდში ეს სავსებით ნორმალურია. მშობლები ეხმარებიან პატარას შეიმეცნოს გარე სამყარო და შეისწავლოს მისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. თუმცა, თუ ბავშვები ყოველთვის მშობლებზე იქნებიან დამოკიდებული, ვერასდროს შეძლებენ საკუთარი თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში. შესაბამისად, საჭიროა, მშობლებმა საკუთარი შვილებისგან დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა დროულად დაიწყონ.

 

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ დავეხმაროთ შვილებს, გახდნენ დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ადამიანები, რომლებსაც ექნებათ სრულფასოვანი ცხოვრება და შეძლებენ მომავალში იამაყონ საკუთარი მიღწევებით.

 

1.ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ ზედმეტად შვილები, არ უნდა დავუწესოთ აკრძალვები, თუმცა უნდა დავიცვათ ზომიერება. 

 

2.მას შემდეგ, რაც შვილები დამოუკიდებელ ნაბიჯებს გადადგამენ, იქნება ეს საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ უნივერსიტეტში წარმოქმნილ სირთულეებთან საკუთარი ძალებით გამკლავება, მარცხისა და შეცდომების გამო, არ უნდა ვუსაყვედუროთ მათ. პირიქით, გვერდით უნდა დავუდგეთ, გავამხნევოთ და ვუთხრათ, რომ არსებობს  ბევრი პრობლემა და მათი სწორად გადალახვა  აუცილებელია ცხოვრების სწორად წარმართვისთვის.

 

3.თუ მშობელი საკუთარი მაგალითით არ აჩვენებს შვილებს, როგორ გახდნენ დამოუკიდებელნი, არაფერი გამოვა. სამწუხაროდ, თუ დედა მუდმივად დამოკიდებულია ქმარზე, ის სავარაუდოდ ვერ ასწავლის გოგონას, როგორ გახდეს დამოუკიდებელი ქალი, რომელსაც ექნება წარმატებული ცხოვრება. იგივე ითქმის მამაზე, რომელიც თუ  ჯერ კიდევ დამოკიდებულია მშობლებზე, ვერ გაზრდის დამოუკიდებელ ვაჟს.

 

4.ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია, მივცეთ ჩვენს შვილებს მეტი თავისუფალი სივრცე. მაგალითად, გავგზავნოთ ისინი ზამთრისა და ზაფხულის ბანაკებში შეძლებისდაგვარად. დღესდღეობით არსებობს უამრავი სკოლა, პროგრამა, რომელთა საშუალებით ისინი დაეუფლებიან უცხო ენებს, გუნდურად მუშაობის უნარებს, მოახდენენ გარემოსთან სწორ ადაპტაციას და იქნებიან მეტად კომუნიკაბელურები. ეს უნარები კი მომავალში დაეხმარებათ გახდნენ წარმატებული ადამიანები და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული სხვებზე.

 

5.ჩვენ უნდა  შევძლოთ, აღმოვაჩინოთ ნიჭი და უნარი ჩვენს შვილებში, მივცეთ მათ შესაძლებლობებს გასაქანი და არავითარ შემთხვევაში, არ ჩავერიოთ არჩევანში, როდესაც ეს მათ მომავალ პროფესიას ეხება. პირიქით, შეძლებისდაგვარად წავახალისოთ ისინი და ხელი შევუწყოთ აიხდინონ ოცნებები და გახდნენ ნამდვილი პროფესიონალები.

 

6.ასევე, ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენს შვილებს შევაყვარებთ წიგნების კითხვას და თავად დავეხმარებით ლიტერატურის არჩევაში. მივუთითებთ  იკითხონ იმ ადამიანების ბიოგრაფიები, რომლებმაც თავად მიაღწიეს წარმატებას ცხოვრებაში და გახდნენ თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები. ვეცადოთ, მივცეთ მათ საუკეთესო განათლება და შესაბამისად, მათ მომავალში არ გაუჭირდებათ ცხოვრების გზის თავად გაკვალვა.

 

7.და ბოლოს, აუცილებელია, ჩვენი შვილები ისე გავზარდოთ, რომ მათ უბრალოდ სჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების, ოცნებების და მიზნების. ვასწავლოთ მათ, როგორ იყვნენ უფრო ხშირად ბედნიერები და ამ ყველაფრის შესაბამისად, აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს ცხოვრებაში.
 

| გააზიარე
მოგწონთ?