5 შესანიშნავი ფილმი, რომელსაც შეგიძლიათ შემოდგომაზე უყუროთ


გარეთ წვიმა, სახლში სითბო, ყავა, ჩაი და ორცხობილები - ეს კომპონენტები შესანიშნავ გარემოს ქმნის ფილმის საყურებლად, შემოდგომა კი იდეალური სეზონია ამ ყველაფრისთვის. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ გსურთ, რომ შემოდგომის წვიმიან დღეებში სასიამოვნო ფილმებს უყუროთ, გთავაზობთ შესანიშნავ ხუთეულს, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

 

1.წიგნების ქურდი/The book thief 

 


 

ფილმში მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. აქ აღწერილია პატარა გოგონა ლიზელის ცხოვრება, რომელსაც ძალიან უყვარს კითხვა, თუმცა მას მხოლოდ ერთი წიგნი აქვს. წიგნების არქონა ლიზელისთვის ბარიერი არ ყოფილა, იგი მაინც კითხულობდა და როგორც თვითონ აღნიშნავდა, ის კი არ ქურდობდა წიგნების მოსაპოვებლად, არამედ სესხულობდა მათ, იღებდა წიგნებს და შემდეგ უკან აბრუნებდა. გოგონამ ძალიან ბევრი დაბრკოლება გადალახა თავისი გამბედაობითა და ადამიანების მიმართ სიყვარულით, რაც საბოლოოდ მისი გადარჩენის გარანტი გახდა. ეს ფილმი გვიჩვენებს თუ როგორი მნიშვნელოვანია, იყო მამაცი და გვასწავლის, რომ თუ გვინდა რაიმეს არსებობა ჩვენს ცხოვრებაში, ის თავად უნდა შევქმნათ.

 

2.ეშმაკი ატარებს პრადას/The devil wears Prada 

 

 

ეს არის  მოტივაცია, ფილმი, რომლის ყურებაც არ მბეზრდება. იგი მოგვითხრობს პროვინციელი გოგონას, ანდრეას შესახებ, რომელსაც სურს ჟურნალისტი გახდეს. ის მოულოდნელად ხდება მოდის ჟურნალის რედაქტორის, მირანდას თანაშემწე. ფილმში მკაცრი, მაგრამ თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი მირანდა და ანდრეა, რომელიც ყველა სირთულეს ისე იღებს, როგორც გამოწვევას, იდეალურ კომბინაციას ქმნის. ანდრეა ამტკიცებს, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია და ყველა სირთულე გადალახვადი.

 

3.ინტერსტელარი/ Interstellar

 

 

თუ თქვენ მოგწონთ ფანტასტიკა და ამავდროულად გიტაცებთ კოსმოსი, მაშინ ეს ფილმი აუცილებლად მოგეწონებათ, თუმცა ვთვლი, რომ იგი ნებისმიერი კინომოყვარულისთვის საყვარელი ფილმია. ეს არის ფილმი დედამიწის მომავლის შესახებ, როცა პლანეტაზე თითქმის აღარ არის საკვები რესურსი და ადამიანების გადარჩენის ერთადერთი გზა დედამიწის დატოვებაა. ფილმში ნაჩვენებია, როგორი დიდი ძალა აქვს ადამიანების სიყვარულს, თვითგადარჩენის ინსტინქტს, მიზნების სიცხადესა და მათი მიღწევის სურვილს.
 

4. სტაჟიორი/The Intern 

 


ფილმი მოგვითხრობს 70 წლის ბენ უიტეკერის შესახებ, რომელიც გადაწყვეტს, რომ ცხოვრება სრულფასოვანი გახადოს და ამისთვის სამსახურს ეძებს. ფილმის დასაწყისშივე ორი საინტერესო დეტალი გვხვდება: 1.კომპანია, რომელიც მზადაა მიიღოს მოხუცი სტაჟიორად და 2. სულ რაღაც 70 წლის ბენს აქვს იმედი, სურვილი და მიზანი, რომ გახდეს თანამედროვე კომპანიის გუნდის წევრი. საინტერესოა მოვლენების განვითარებაც, ვინაიდან ბენი თავად კომპანიის დამფუძნებლის, ჯულს ოსტინის დაქვემდებარებაში ხვდება და იმის მიუხედავად, რომ ჯულსი მას უმნიშვნელო კადრად მიიჩნევს, საბოლოოდ, ეს ადამიანი ხდება მისი დასაყრდენი. კიდევ ერთი ფაქტი, რაც ამ ფილმს გამოარჩევს არის ჯულსის სიყვარული და თავდადება კომპანიის მიმართ, ხოლო გარემო სადაც თანამშრომლები მუშაობენ არის იდეალური. თუ თქვენ ამ ფილმს უყურებთ, აუცილებლად ბევრს ისწავლით კომპანიების სტრუქტურის, კულტურისა და თანამშრომელთა ურთიერთობის შესახებ.

 

5.მე დასაწყისი/ I Origins

 

 

ბოლო ფილმი, რომელსაც გირჩევთ არის მათთვის, ვისაც უყვარს დრამა, რომანტიკა და ასევე მათთვის, ვინც გატაცებულია მეცნიერებით. ფილმი მოგვითხრობს წარმატებული სტუდენტის, იან გრეის შესახებ, რომელიც მეგობრებთან ერთად იკვლევს თვალის სტრუქტურას. იგი კვლევების დროს აღმოაჩენს ისეთ ფაქტებს, რაც სიკვდილის შესახებ შეხედულებებს ცვლის. ფილმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლოა თვალი მართლაც იყოს ადამიანის სულის სარკე. ფილმი გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არ დანებდე ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც კი.

 

ამგვარად, უყურეთ ზემოთ აღწერილ ფილმებს. თქვენ შთაბეჭდილებებით სავსე და ძალიან ემოციური შემოდგომა გელით წინ.

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?