შენ გადაწყვიტე


ყოველ დილით, როდესაც თვალს გაახელ ფიქრობ თუ არა, რისთვის მოევლინე ამ ქვეყანას, ყოველი დღის დაწყებისას შემოდის თუ არა შენს გონებაში აზრი იმის შესახებ, თუ ვინ გინდა რომ გახდე.

ადამიანთა ერთი ნაწილი ვერ გამოყენებულ შესაძლებლობებს მისტირის, მეორე კი შესაძლებლობებს თავად აჩენს საკუთარ ცხოვრებაში. შენი გონებაც ალბათ ბევრჯერ მოიცვა დანაკლისის, იმედგაცრუების, ბრაზის გრძნობამ, მაგრამ ერთი გავიწყდება- შენი ცხოვრების ერთადერთი შემოქმედი ისევ და ისევ შენ ხარ. მთელი გარემომცველი სამყარო კი შენი ფიქრების, დამოკიდებულებების, თვითრწმენის პროექციაა.

პროგრესი, ბედნიერება, სიმშვიდე გარეთ არ მოიძებნება, რადგან ყველაფერი კარგიც და ცუდიც შენით იწყება.
მაშინ როდესაც გადაწყვეტ ხელები ჩამოუშვა, ფარ-ხმალი დაყარო და ვერ ასრულებულ ოცნებებსა და მიზნებზე იდარდო, საკუთარ თავს ჰკითხე-ამ მომენტში ვისი როლი მოგირგია? მსხვერპლისა თუ შემოქმედის, შენი ორივე შეგიძლია, რომ გახდე. ამიტომ გადაწყვიტე, ვინ გინდა, რომ იყო.

უტოპიაა, იფიქრო, თითქოს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა, რომ პრობლემები არ იარსებებს და ამის შედეგად ბედნიერი იქნები. პრობლემა ყოველთვის იქნება და ბედნიერება სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაშია და იცით რატომ? გაიხსენეთ მომენტი, როდესაც საკუთარი თავით კმაყოფილი, მოხიბლული და ამაყი იყავით. დარწმუნებული ვარ, მსგავსი განცდები სულაც არ უკავშირდება თქვენი ცხოვრების მშვიდ, უპრობლემო გარემოს, ყველას შეუძლია ისიამოვნოს, მაშინ, როდესაც საზრუნავი არაფერი აქვს, მაგრამ ერთეულებს აქვთ ძალა და უნარი, მათი ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემა ყველაზე დიდ შესაძლებლობად აქციონ, მათი ცხოვრების ყველაზე დიდი მარცხი მოტივაციის წყაროდ მიიღონ და მე მჯერა, რომ ამის ძალა შენშიცაა, უბრალოდ გჭირდება, რომ თავად გახდე საკუთარი თავის გმირი, რადგან ერთადერთი ადამიანი, ვინც შენს წარმატებასა და ბედნიერებაზეა პასუხისმგებელი, ეს შენ ხარ, რაც არაჩვეულებრივი ამბავია!

ყოველთვის, როდესაც შენს გონებას უიმედობა და დარდი მოიცავს, გაიხსენე, თუ ვინ გინდა რომ გახდე. ნუ შეგეშინდება მასშტაბური ოცნებებისა და მიზნების, რადგან თუ შენი სურვილები ოდნავ მაინც არ გაშინებს, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად უნდა იოცნებო. იმოქმედე, რადგან კმაყოფილება და სიმშვიდე უმოქმედობას არ უკავშირდება, არც იღბალი უღიმის ადამიანს, რომელიც მუდამ ელოდება და არასდროს მოქმედებს, რადგან თვითონ მოქმედებაა ბედნიერების პერველწყარო. მე ვიცი, რომ შენც შეგიძლია შექმნა ისეთი ცხოვრება, რომელიც პირველ ყოვლისა, შენ აღგაფრთოვანებს, ახლა დროა შენც დაიჯერო და ირწმუნო ამის. არ მისცე იმედგაცრუებას უფლება ოცნებები დაგავიწყოს. გახადე შენი თითოეული დღე მესიჯი თუნდაც ერთი ადამიანისთვის, ეს ძალას შეგმატებს.

 

| გააზიარე
მოგწონთ?