მუსიკა, რომელიც საახალწლო განწყობას შეგიქმნით


ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება, საახალწლო სამზადისი კი უფრო და უფრო მეტ ოჯახში იგრძნობა. ჯერ განწყობა იქმნება, შემდეგი ეტაპი სახლის მორთვა და ნაძვის ხის დადგმის ცერემონიალია, გარეთ კი სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებები იგეგმება, უზარმაზარი ნაძვის ხეები ირთვება, ქალაქი მეტად ნათდება და ლამაზდება. გარდა ამისა, სასიკეთოდ იცვლებიან ადამიანებიც. ეს ის პერიოდია, როცა ყველა ერთიანდება ქველმოქმედების, სიკეთისა თუ საჩუქრებისთვის, უმთავრესად კი ერთი პოზიტიური მიზნისთვის -  ახალ წელს ყველა ბედნიერი იყოს.

ალბათ მოგისმენიათ თქვენი მეგობრების, ახლობლებისა თუ ნაცნობებისგან, რომ საახალწლო განწყობა საერთოდ არ აქვთ, სავარაუდოა, რომ ასეთი შემთხვევა თქვენც გქონიათ, თუმცა ნუ იღელვებთ, რადგან ეს პრობლემა მოგვარებადია, გაიხსენეთ, რომ განწყობის მართვის ერთ-ერთი კარგი საშუალება მუსიკაა.
 
გთავაზობთ სიმღერებს, რომლებიც საახალწლო განწყობას ნამდვილად შეგიქმნიან:

 
Steve Wonder - The Christmas Song

ეს კლასიკური საშობაო სიმღერა, რომელიც ბობ ველსსა და მელ ტორმს ეკუთვნის, 1945 წლის ცხელ ზაფხულში დაიწერა. სიცხესთან გასამკლავებლად ზამთრის დღესასწაულზე ფიქრი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს არაჩვეულებრივი საშობაო სიმღერა შექმნილიყო.

 

John Williams – Somewhere in my memory

ამ მელოდიის მოსმენისას, პირველად ალბათ ყველას ფილმი „მარტო სახლში“ გახსენდებათ, ამ ფილმის გარეშე კი შობა-ახალი წელი წარმოუდგენელია. სიმღერის ტექსტი, გარდა ფილმის სიუჟეტისა, იმ მარტივ დეტალებს გვახსენებს, რაც საახალწლო განწყობასთან ერთად ამ ჯადოსნურ დღესასწაულსაც ქმნის. 

 

Frank Sinatra - Have Yourself a Merry Little Christmas

 

სიმღერის თავდაპირველი ვერსია 1944 წელს დაიწერა მიუზიკლისთვის „შემხვდი სენტ ლუისში,“ სადაც მას ჯუდი გარლანდი თავის უმცროს დას უმღერის. თუმცა პესიმისტური ფრაზების გამო, აღნიშნულ ფილმში ის მცირედი შესწორებების შემდეგ გამოიყენეს. ფრენკ სინატრას შესრულებული ვერსია კი 1957 წელს გამოვიდა და საშობაო სიმღერებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

 

Dean Martin - Let it Snow

 

სიმღერას არაფერი აქვს საერთო არც შობასთან და არც ახალ წელთან, თუმცა ის თოვლს ეხება, რაც საახალწლო განწყობას ნამდვილად ქმნის. მისმა ავტორებმა სემი კანმა და ჟიულ სტაინმა საშობაო ჰიტად ქცეული სიმღერა თოვლზე, 1945 წლის ზაფხულში დაწერეს.

 

Frank Sinatra - Jingle Bells

 

ამ საახალწლო ჰიტის უამრავი ვერსია არსებობს და თითოეული მათგანის მოსმენისას პირველი რაც გაგაახსენდებათ ალბათ ახალი წელია, თუმცა თავდაპირველად სიმღერა არა შობა-ახალი წლისთვის, არამედ ამერიკული დღესასწაულის „მადლიერების დღისთვის“ დაიწერა და მისი სახელწოდება „The one horse open sleigh“ იყო.
 
 

Michael Buble - All I want for Christmas is you

 

90-იანი წლების სიმღერა, რომელიც მერაია ქერის ეკუთვნის, პოპულარული აღმოჩნდა როგორც მსმენელების, ასევე შემსრულებლებისთვისაც, რადგან მას შემდეგ ის შეასრულეს ისეთმა მომღერლებმა, როგორებიც არიან შანია ტვეინი, მაილი საირუსი, სი-ლო გრინი, თუმცა ყველაზე პოპულარული მაიკლ ბაბლის ვერსია აღმოჩნდა, რადგან ამ შემსრულებლის ხმის ტემბრი საახალწლო და საშობაო სიმღერებს ძალიან უხდება.

 

Mr. Santa

 

სიმღერა, რომელიც პეტ ბალარდს ეკუთვნის და ჯგუფი The Chordettes ასრულებს, Mr. Sandman ერქვა, სადაც გოგონა ქვიშის ადამიანს უმღერის და თავის მამაკაცისთვის საჩუქარს სთხოვს. ეს ვერსია 1954 წელს გამოვიდა, თუმცა სიმღერის ავტორმა მალევე შეცვალა ტექსტი და ქვიშის კაცი Mr. Santa-დ გადაკეთდა. ასე იქცა ცნობილი ჰიტი საშობაო სიმღერად.

 

Bobby Helms - Jingle bell rock

 

ერთ-ერთი ძალიან პოპულარული ამერიკული სიმღერა 1957 წელს ბობი ჰელმსმა დაწერა. მას შემდეგ კი შობა-ახალ წელს ამ სიმღერის გარეშე არ ჩაუვლია. მიუხედავად ამ კომპოზიციის ბევრი ვერსიისა, ყველაზე პოპულარული მაინც ჰელმსის „Jingle bell rock-ია.“
 


New York Jazz Lounge - Merry Christmas

 

თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც საახალწლო სამზადისში დიდი როლი აქვს, საქმესთან ერთად უბრალოდ კარგი მუსიკის მოსმენა უნდა და ამავდროულად ჯაზიც უყვარს, ეს 1 საათი და 10 წუთი სწორედ თქვენთვისაა.

 

მოემზადეთ, ახალი წელი ძალიან მალე დადგება, ასე რომ, დროა ააჟღეროთ კარგი მუსიკა, შეიქმნათ საახალწლო განწყობა და დაელოდოთ ჯადოსნურ დღესასწაულს. გახსოვდეთ, რომ ახალ წელს ყველა ბედნიერი უნდა იყოს.

| გააზიარე
მოგწონთ?