რატომ არის ცვლილებები აუცილებელი?


ნემისმიერ ადამიანს სურს, თავისი ცხოვრება საინტერესოდ გაატაროს, საინტერესო ცხოვრების მთავარი ფაქტორი კი არა გარემო, სიტუაცია, სივრცე ან დრო, არამედ თავად პიროვნება და მისი ცხოვრების სტილია.

ჩვენ თავად ვწერთ საკუთარ ისტორიას. იმისათვის, რომ პირადი ისტორია საინტერესო და მისაბაძი იყოს, ინერციით კი არ უნდა მივდიოდეთ ცხოვრების გზაზე, არამედ რაიმე ღირებული უნდა დავტოვოთ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება შთამბეჭდავ წიგნს ან დაუვიწყარ ფილმს დაემსგავსოს, მთავარი გმირი თავად ვიყოთ და არ გვერგოს მეორეხარისხოვანი როლი?! ამ კითხვაზე ერთი პასუხი არსებობს: ცვლილებები.

ალბათ ყველას უკითხავს საკუთარი თავისთვის: ვინ ვარ? რა მინდა? რას ვაკეთებ? რატომ ვაკეთებ? ეს კითხვები შემთხვევით არ ჩნდება. ესაა ნიშანი იმისა, რომ ამოწურე საკუთარი თავი კონკრეტულ საკითხში, გრძნობ, რომ ერთ ადგილზე ხარ და დროა, რაღაც შეიცვალოს.

ხშირად, ცვლილებას ჩვენი ტვინი აღიქვამს საფრთხედ და თავდაცვის მექანიზმს რთავს, ამ დროს გვიჭირს ახალი ნაბიჯის გადადგმა და სამომავლოდ გადავდებთ ხოლმე ამ საკითხს. ეს არასწორია! სჯობს ვიმოქმედოთ ექსპრომტად, გავრისკოთ და ბოლოს მივიღოთ კუთვნილი „შამპანური“ - ვიდრე ვინანოთ, რომ არ ვცადეთ.

როგორც პირად, ასევე კარიერულ ცხოვრებაშიც აუცილებელია ცვლილებები. მაგალითად, როდესაც წყვილის ცხოვრება რუტინული ხდება, საჭიროა, შეიცვალოს თუნდაც წვრილმანები და ეს უკვე დიდ გავლენას მოახდენს ურთიერთობის გადახალისებაზე. ასეა საქმიან სფეროშიც. თუ დიდი ხანია, რაც ერთსა და იმავე პოზიციაზე მუშაობ, არანაირი წინსვლა არ იგრძნობა და აღარ გსიამოვნებს ეს ყველაფერი - ცვლილებების დროა. შენ ვალდებული ხარ დატოვო  „კომფორტის ზონა“. არ შეგეშინდეს იმის, რომ ჩვენ რეალობაში რთულია კარგი სამსახურის პოვნა. ადამიანი თუ დაისახავს მიზანს, შეუძლებელი არაფერია. უარი გითხრეს სხვაგან? შექმენი შენი და თუ არ გაქვს საამისო რესურსი, ისწავლე, განვითარდი და აუცილებლად მიიღე სასურველი.

მთავარ მოტივაციად სიახლეების ძიების გზაზე მხოლოდ კარგი კი არა, ცუდი ფაქტიც შეიძლება გამოდგეს, მაგალითად სიბრაზე, წყენა და ა.შ. ამით ორმაგ მოგებაში ხარ, ჯერ ერთი, ცუდ ემოციას კარგის დასაწყისად გარდაქმნი და სიბრაზეც გაივლის, მეორე - გადახვალ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

ადამიანებს ცნობისმოყვარეობა ბუნებით მოგვენიჭა და არ უნდა ჩავახშოთ ის სიზარმაცის, გაუბედაობის, თუ შიშის გამო. პირიქით, ვალდებულები ვართ, გამოვიყენოთ ის ჩვენ სასიკეთოდ.

ბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო ცხოვრების საწინდარი ცვლილებები, სიახლეები, მოტივაცია, რისკი, თვითრწმენა და  ნაყოფიერი ქმედებებია. არ გაუშვა ეს ფაქტორები, რათა ხელახლა აღმოაჩინო საკუთარი თავი, შესაძლებლობები და იპოვო ისეთი რამ, რაზეც აუცილებლად იტყვი: „ეს სწორედ ისაა, რაც მე მჭირდება!“

 

| გააზიარე
მოგწონთ?