5 რჩევა, რომელიც უცხო ენის სწრაფად შესწავლაში დაგეხმარებათ


ყოველთვის გსურდათ ენის შესწავლა, თუმცა გიფიქრიათ, რომ ამისთვის უკვე დიდი ხართ, ნაკლებად ნიჭიერი ან დაკავებული? კარგად დაფიქრდით და მიხვდებით, რომ თუ მოინდომებთ, ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც თქვენი მიზნის მიღწევის მარტივი და სწრაფი გზები არსებობს და თქვენ ეს კარგად იცით.

გთავაზობთ რჩევებს, რათა უცხო ენის შესწავლა სწრაფად და მარტივად შეძლოთ:  


1. გვერდით გადადეთ სტანდარტული სახელმძღვანელოები

როდესაც თქვენთვის უცხო ენის შესწავლის მიზანი მხოლოდ გამოცდები არაა, ამ შემთხვევაში სტანდარტული სასწავლო წიგნები არ დაგჭირდებათ. გრამატიკის შესწავლა ვერ დაგეხმარებათ იმაში, რომ ენა სწრაფად აითვისოთ, ის უბრალოდ თქვენს ენობრივ შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.


2. ენის შესწავლის პირველი დღიდან ისაუბრეთ

ნუ დაიცდით მანამ, სანამ თქვენი ლექსიკონი მრავალფეროვანი გახდება. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ უცხო ენაზე საუბარი მაშინ დაიწყონ, როდესაც ყველაფერს ისწავლიან, თუმცა ეს არასწორია, რადგან თქვენი მზაობის პროცენტული მაჩვენებელი 100-ს ვერასდროს მიაღწევს. დაიწყეთ საუბარი ახლავე, მაშინაც კი, როცა ჯერ მხოლოდ ერთი ან ორი სიტყვა თუ ფრაზა იცით. თავიდან ყველაფერი რთულად მოგეჩვენებათ, თუმცა შედეგს ძალიან მალე შეამჩნევთ.


3. ყოველთვის თან გქონდეთ ჯიბის ლექსიკონი

ერთადერთი წიგნი, რომელიც უცხო ენის სწრაფად შესწავლისთვის დაგჭირდებათ, ჯიბის პატარა ფრაზეოლოგიზმების ლექსიკონია. პრაქტიკული ფრაზები განსაკუთრებით მაშინ დაგეხმარებათ, როდესაც იმ ქვეყანაში მოგზაურობთ, სადაც თქვენ მიერ არჩეულ უცხო ენაზე საუბრობენ. ასეთ ლექსიკონებში ყველაფერი წერია იმისთვის, რომ საჭირო კითხვები დასვათ ან მოკლე საუბარი წამოიწყოთ.


4.  გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები

დღესდღეობით უკვე უამრავი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ უცხო ენის სწავლის პროცესი გაიმარტივოთ, მათ შორის არის აპლიკაციები და პროგრამები, რომლებიც ლექსიკონის გამდიდრებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. გარდა ამისა, მათი საშუალებით ისწავლით სწორ გამოთქმებს და ვარჯიშსაც ყოველდღე შეძლებთ. ასეთი აპლიკაციებისა და პროგრამების გადმოწერა შეგიძლიათ როგორც კომპიუტერში, ასევე თქვენს მობილურ ტელეფონებშიც.


5. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების

ენის შესწავლისას ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი თვითრწმენის ნაკლებობაა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ადამიანების უმეტესობა შეცდომებზე ცუდად რეაგირებს და უკან იხევს. სასურველია, ასეთი აზრებისგან გათავისუფლდეთ და თამამად ისაუბროთ. გახსოვდეთ, რომ შეცდომები ენის შესწავლის პროცესში ჩვეულებრივი მოვლენაა და ამან დაძაბულობა არ უნდა შეგიქმნათ.

 

ის დროა, მიზანი დაისახოთ და ახალი უცხო ენის შესწავლას შეუდგეთ. როგორც ფედერიკო ფელინი იტყოდა „ყოველი უცხო ენა ცხოვრების ახალი ხედვაა, ახალი ხედვა კი - შესაძლებლობა, რომ დაინახო ის, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია.“

 

| გააზიარე
მოგწონთ?