როგორ დავწეროთ ჩვენი ცხოვრების წიგნი?


დილით, გაღვიძებისთანავე, გავიმზადე ფინჯანი ჩაი, ჩავრთე კომპიუტერი და  მაშინვე ჟურნალ „მოტივაციის“ გვერდზე შევედი დღის მოტივაცია რომ წამეკითხა და ახალი შთაგონებით დამეწყო დილა.

სიტყვებმა: „გაითავისე, რომ შენი ცხოვრების მწერალი თავად ხარ, ყოველი დღე კი სუფთა ფურცელია“, - განსაკუთრებით იმოქმედა ჩემზე. გადავწყვიტე, სწორედ ეს მოსაზრება განმევრცო და მორიგი სტატია დამეწერა.

თუკი გავითავისებთ, რომ საკუთარ ცხოვრებას თავად ვწერთ, შევეცდებით, რაც შეიძლება საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდეს ჩვენი წიგნი, გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება სხვებს, შევძლებთ წარმატების და ბედნიერების საკუთარი ფორმულა დავუტოვოთ კაცობრიობას. 

საჭიროა  გავიაზროთ, რომ ჩვენ თავად ვქმნით ბედს საკუთარი გადაწყვეტილებებით. საინტერესო კი ის არის, რომ ჩვენ თავად უნდა გავხდეთ ის, ვინც გვსურს, ამას ჩვენ გარდა  ვერავინ გააკეთებს. სწორედ ამაშია ცხოვრების ინტერესი.

თუ ჩვენ თავად დავწერთ ჩვენს ცხოვრებას, დავგეგმავთ საკუთარ მიღწევებს, დავისახავთ მათ მისაღწევად განსაკუთრებულ ამოცანებს და გადავდგამთ ყოველ დღე პატარა ნაბიჯებს ოცნებებისკენ, აღმოჩნდება, რომ ბედისწერა საერთოდ არ არსებობს, რადგან ჩვენ გვაქვს უნარი და შესაძლებლობები გავხდეთ ის, ვინც სინამდვილეში გვსურს. შრომა, სწავლა, მონდომება ქმნის ბედს, რომელსაც აუცილებლად მოაქვს წარმატება. ჩვენი მთავარი მიზანი კი არის  შევძლოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და ვიცხოვროთ ბედნიერი ცხოვრებით.

ჩვენი ცხოვრების წიგნში კი შეგვიძლია ჩავწეროთ ყველაფერი, რაც გვსურს. ჩვენი მიზნები, ოცნებები, მათი განხორციელების გზები. უნდა ვეცადოთ ჩვენი ცხოვრება იყოს განსაკუთრებული და სხვებისთვის სამაგალითო, რადგან ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩვენ ვსწავლობთ და შევიმეცნებთ რაღაც ახალს. ჩვენ მიერ დაწერილი წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ზუსტად იგივე სარგებელი უნდა მიიღოს მკითხველმა. წიგნში შეგიძლია  იყოს უამრავი იმპროვიზაცია. მიზნებისთვის ბრძოლა და გამარჯვების განსაკუთრებული გზები იყოს აღწერილი. ვაჩვენოთ სხვებს რომ არ ვნებდებით. წიგნში უნდა იყოს ლამაზი პეიზაჟები, ბედნიერი სიყვარული და ბევრი მზიანი დღე. მოკლედ, ყველაფერი ისე, როგორც თავად გვსურს, როგორც  გული გვიკარნახებს. ამ საქმეში სრული თავისუფლება გვაქვს. ხოლო მას შემდეგ, რაც ვიცხოვრებთ ისე, როგორც თავად გვსურს, ჩვენი წიგნებიც იქნება გაცილებით უკეთესი. ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ არავინ წერს ჩვენს ცხოვრებას ჩვენ გარდა. ჩვენი წიგნების საწერად სხვებს არ სცალიათ. თუ ეს გვეცოდინება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი წიგნი ნამდვილ ბესთსელერად იქცეს. წიგნები, რომლებშიც აღწერილია როგორ იბრძვიან ადამიანები საკუთარი ოცნებებისთვის, ყოველთვის იპყრობენ მკითხველის გულს.

ჩვენი არჩევანით, ჩვენი ნაბიჯებით, ჩვენი შრომით, ვწერთ ჩვენს ცხოვრებას, რომელიც თავიდან არის ცარიელი და ეტაპობრივად ივსება. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ცხოვრების გზაზე შეგვხვდება ბევრი დაბრკოლება და იმედგაცრუება, მაგრამ საბოლოოდ, მთავარია, წიგნში ყველაფერი საკუთარი ხელით შევიტანოთ. დავწეროთ ისეთი წიგნი, რომელიც  იქნება განსაკუთრებული.

წიგნი კი უნდა ვწეროთ ყოველდღე, შესვენებების გარეშე. ვწეროთ ჩვენი აზრებით, ვწეროთ ისე, როგორც თავად გვსურს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

| გააზიარე
მოგწონთ?