8 კარიერული გაკვეთილი ფილმიდან - „ეშმაკს აცვია პრადა“


ჩვენს შინაგან სამყაროს ის წიგნები ქმნის, რომლებსაც ვკითხულობთ, მუსიკა, რომელსაც ვუსმენთ და ფილმები, რომლებსაც ვუყურებთ. კინემატოგრაფიაში ბევრ მარტივ კომედიას შეხვდებით, რომლის ყურებასაც უბრალოდ დროის გასაყვანად გადაწყვეტთ, თუმცა აღმოაჩენთ, რომ მისი საშუალებით ბევრი კარგი ცხოვრებისეული და კარიერული გაკვეთილის მიღება შეიძლება. სწორედ ასეთ ფილმებს მიეკუთვნება დევიდ ფრანკელის 2006 წლის კომედია „ეშმაკს აცვია პრადა.“ ფილმი ლორენ ვაისბერგერის წიგნის მიხედვით გადაიღეს, რომელშიც ამერიკელმა ავტორმა ჟურნალი „ვოგის“ ყოვლისშემძლე და გავლენიანი რედაქტორის, ანა ვინტურის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება აღწერა.

თუ კარიერულ სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამთ, ამ ფილმიდან ბევრ კარგ გაკვეთილს მიიღებთ:

1.თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ სამყაროში, რომლის გაკონტროლებაც არ შეგიძლიათ და თქვენთვის ყოველთვის იდეალური ვერ იქნება. თუმცა შეგიძლიათ ისწავლოთ ადაპტაცია ნებისმიერ გარემოში იმისთვის, რომ განვითარდეთ, გაიზარდოთ პიროვნულად და ამასთანავე გავლენა მოიპოვოთ.

2.მიუხედავად წარუმატებლობების, ზეწოლისა და უფროსის მხრიდან ინდიფერენტული დამოკიდებულებისა, მაინც ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, თუ პასუხისმგებლობას კარგად გაიაზრებთ, ბევრს მოითმენთ და არასდროს დანებდებით.

3.ცუდი არაფერია იმაში, თუ ყველა დავალებას ასრულებთ, თუმცა თუ უფროსი სამსახურისთვის ძალიან დიდ დროს გართმევთ, ეს ნიშნავს, რომ მას თქვენი ცხოვრება საერთოდ არ აინტერესებს. ამიტომ არსებობს ზღვარი, რომელიც სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის უნდა გაავლოთ.

4.სამსახურში თავის დამკვიდრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მენტორს, რომელიც დაგეხმარებათ ადაპტაცია მოახდინოთ თქვენთვის ახალ გარემოში და რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეთ. (ფილმში სწორედ ასეთი მენტორია ნაიჯელი, რომელიც ენდის სამსახურში მიღებისთანავე თავის დამკვიდრებაში ეხმარება)

5.არასდროს იცით, თუ როდის დაგჭირდებათ დახმარება თქვენი რომელიმე კოლეგის მხრიდან, სწორედ ამიტომ პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება და თავაზიანობა მათ მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია.

6.თუ სამსახური ან გარემო, რომელშიც მუშაობთ ეწინააღმდეგება თქვენს ღირებულებებს და ცხოვრების წესს, ეს თქვენი ადგილი არ არის, ამიტომ ყოველთვის იცოდეთ თუ როდის გადადგათ ნაბიჯი ამ ყველაფრის დასამთავრებლად.

7.პირველ ეტაპზე არავინ იცის, რა და როგორ გააკეთოს, მხოლოდ დროს შეუძლია მოგცეთ გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა თქვენს საქმიანობაში. მთავარია არ გეშინოდეთ შეცდომების და ისწავლოთ მისგან.


8.საოცნებო სამსახური შეიძლება საერთოდ არ იყოს ის, რაც გაგაბედნიერებთ. ის ფაქტი, რომ ვინმეს ადგილზე ყოფნას მილიონობით ადამიანი ინატრებდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ამ მილიონი ადამიანიდან ერთ-ერთი თქვენ ხართ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?