როგორ გავხდეთ „დილის ადამიანი?“


დილით ადრე ადგომა ძალიან ძნელი, თუმცა აუცილებელია. ყველას ჰქონია ის მომენტი, როდესაც მაღვიძარას არც თუ ისე სახარბიელო ზარის შემდეგ, კვლავ ტკბილად ჩასძინებია მხოლოდ „5 წუთით,“ შემდეგ ისევ „5 წუთით“ და ასე გაგრძელებულა. შემდეგ საკუთარ თავთან პირობას დებთ, რომ მეორე დღეს ასე აღარ მოიქცევით, რომ აუცილებლად  მაღვიძარას პირველივე ზარზე ადგებით და ა. შ. თუმცა მეორე დღესაც იგივე მეორდება.

რა არის ამის მიზეზი, უბრალოდ ჩაძინება თუ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა?! მაგალითად მავნე ჩვევა, სუსტი ნებისყოფა, მოტივაციის არ არსებობა, დროის არასწორი გადანაწილება  ან თუნდაც დაბალი თვითკონტროლი. პასუხი ინდივიდუალურია და ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. 

 

გამოსავალი კი შემდეგია:


●პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მივეჩვიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას. საღამოს ადრე დაძინება არის ერთ-ერთი პირობა დილით ადრე ადგომისთვის. თუ კი გვიან დაძინებას ხართ შეჩვეული, ეცადეთ, რომ საღამოობით დაძინებამდე 30 წუთით ადრე გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე ან ივარჯიშოთ.


●მაღვიძარა დადეთ საწოლიდან მოშორებით, რათა ცდუნებამ არ გძლიოთ და არ დააჭიროთ გამორთვის ან გადავადების ღილაკს. მისი პირველივე ზარიდან ნებისყოფის ძალის დახმარებით აიძულეთ თავი და წამოდექით, რათა გამორთოთ იგი.

●გააღეთ ფანჯარა ყინვაშიც კი და ღრმად ჩაისუნთქეთ რამდენჯერმე, ეს პროცედურა არა მხოლოდ გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ, არამედ სისხლის მიმოქცევასაც გაგიუმჯობესებთ.

●შედით აბაზანაში და სახეზე შეისხით ცივი წყალი სეზონის მიუხედავად ან მიიღეთ შხაპი და მოწესრიგდით. ეს დაგეხმარებათ სწრაფად გამოფხიზლებაში. 

● საუზმის წინ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი.

●თუ ამ პროცედურებს ძალიან დიდი დრო მიაქვს და ვერ ასწრებთ მოწესრიგებას, მაშინ ეცადეთ, რომ საღამოობით გაამზადოთ ხოლმე ის ატრიბუტები, რაც გაგიადვილებთ დილით ამ პროცედურებს. დაალაგეთ ოთახი, მოამზადეთ ტანსაცმელი, ჩაალაგეთ ჩანთა და ა. შ. გახსოვდეთ, სწორად დაგეგმილი დრო, ზრდის ეფექტურობას.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დილა, რომელიც მოუწესრიგებლად იწყება, გავლენას ახდენს მთელ ჩვენ დღესა და ხასიათზე, ამისგან თავის დასაღწევად კი მხოლოდ ერთი რამ არის გასაკეთებელი, ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ და გავხდეთ ,,დილის ადამიანი“.

ერთი შეხედვით, თითქოს ეს მარტივი რჩევები დილის სიზარმაცეს ვერ უშველის, მაგრამ რამდენჯერმე გამეორების შემდეგ დარწმუნდებით, რომ დილით ადრე ადგომა ჩვევად გამოგიმუშავდათ, თქვენი ბიოლოგიური საათი თვითონვე გაგაღვიძებთ ყოველ დილით მაღვიძარას მაგივრად და მიხვდებით, რომ დილა არ ისე ცუდია და პირიქით, ბევრი რამის მოსწრება და მოგვარება შეგიძლიათ.

ასე რომ, მიეჩვიეთ ადრე გაღვიძებას და გახდით უფრო ხალისიანი, რადგან სწორედ ლაღად და მოტივაციით დაწყებული დილა არის წარმატებული და პოზიტიური დღის გარანტი.

 

| გააზიარე
მოგწონთ?