დაიმახსოვრე თანამოსაუბრის სახელი და მართე პროცესი


ადამიანებისათვის რთულია ერთფეროვნებასთან შეგუება. ისინი სიახლეებს ესწრაფვიან. სიახლები კი გარკვეულწილად ახალ სანაცნობო წრესა და ახლად შეძენილ მეგობრებს გულისხმობს. თუმცა იბადება კითხვა, სად გადის ზღვარი ამ ადამიანების აღმოჩენასა და შემდგომ უკვე, მათ შენარჩუნებას შორის?

მე გაგიზიარებთ ერთ-ერთ ხერხს, რომელიც ამ პროცესის უკეთ წარმართვაში დაგეხმარებათ. ეს თქვენი გარშემო მყოფების სახელების დამახსოვრებაა. ადამიანებს უყვართ, როდესაც სახელით მიმართავენ და ამგვარად გამოხატავენ მათდამი ყურადღებას. წარმოიდგინეთ, გაიცანით ადამიანი, რომელთან ერთადაც ძალიან მცირე დროის გატარება მოგიწიათ, რამდენიმე წელში კი შემთხვევით ისევ შეხვდით ქუჩაში და მან მოკითხვისას სახელით მოგმართათ, ალბათ, თვალები გაგიბრწყინდებათ და საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება დაგეუფლებათ. იფიქრებთ, რომ მისთვის მართლაც ძალიან ბევრს ნიშნავდით.

თუმცა,საყურადღებოა ისიც, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს ხვდებით ცხოვრების განმავლობაში, მით უფრო რთული ხდება მათი სახელების დამახსოვრება. სწორედ ამიტომ ამერიკელმა მწერალმა და ფსიქოლოგმა, დეილ კარნეგმა,  რამდენიმე რჩევა გაგვიზიარა, რომელიც ამ პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ, მაშ ასე:

  1. როდესაც ვინმეს გასაცნობად წარმოგიდგენენ, მაშინვე, აუცილებლად გაიმეორეთ მისი სახელი, მაგალითად: „გამარჯობა, ბატონო ჯორჯ“.
  2. იმ პერიოდში, როდესაც თანამოსაუბრე ლაპარაკობს, მისი სახელი თქვენთვის გაიმეორეთ.
  3. თუ რამდენიმე სახელის დამახსოვრება გიწევთ, არ შეეცადოთ ყველას ერთობლივად დამახსოვრებას. ფსიქოლოგების კვლევის თანახმად, სიტყვას ორჯერ უფრო სწრაფად მაშინ ვიმახსოვრებთ, როდესაც მათ დროის რამდენიმე მოკლე ინტერვალის განმავლობაში შევისწავლით და არა ერთჯერადად.
  4. როდესაც ადამიანთა ჯგუფის გაცნობა გიწევთ, შეეცადეთ თითოეული მათგანის სახელზე კონცენტრირდეთ. სახელის გაგონებისას ადამიანს შეხედეთ და სწრაფად გაიმეორეთ თქვენთვის. ხოლო, მაშინ, როდესაც ჯგუფის უკანასკნელ წევრს წარმოგიდგენენ, შეხედეთ ჯგუფს და აზრობრივად გაიმეორეთ ყველა მათგანის სახელი.
  5. ამ ადამიანთა სახელები, მათთან განმეორებით შეხვედრამდე, თქვენს მეხსიერებაში განაახლეთ.
  6. იმ შემთხვევაში, თუ სახელი გეუცნაურათ და აქამდე არასდროს გსმენიათ, უთხარით ამის შესახებ თანამოსაუბრეს და სთხოვეთ, თავიდან გაგიმეოროთ. ასევე, უთხარით იმის შესახებაც, თუ ეს სახელი თქვენს ენაზე რაიმეს ნიშნავს.
  7. ადამიანთან გამოთხოვებისას კვლავ მიმართეთ სახელით, მაგალითად: „მიხარია, რომ ერთმანეთი გავიცანით, ბატონო ჯორჯ“.
  8. სახელები, რომელთა დამახსოვრებაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველ საღამოს აუცილებლად გაიმეორეთ დაძინებამდე. დამახსოვრებისას ამ ადამიანის თითქოსდა შინაგანი მზერით დანახვას შეეცადეთ.

და ბოლოს, „გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის მისი სახელის ბგერა ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე მნიშვნელოვანი ბგერაა ნებისმიერ ენაზე“.

| გააზიარე
მოგწონთ?