მარცხის 5 დადებითი მხარე


ჩვენ ვცხოვრობთ კონკურენტულ საზოგადოებაში, რომელსაც დიდი მოთამაშეები, გამარჯვებულები და დამარცხებულები ჰყავს. მოტივაციის ექსპერტები, სპორტული ფსიქოლოგები და სხვა მენტორები უმეტესად გვასწავლიან, თუ როგორ მივაღწიოთ წარმატებას, როგორ გავიმარჯვოთ. მათი მცირე ნაწილი თუ გაამახვილებს ყურადღებას არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე - მარცხთან გამკლავებაზე.

თქვენთვისაც ნაცნობია ის საშინელი გრძნობა, რომელიც წარუმატებლობისას გეუფლებათ? როცა, მაგალითად, გადააცილებთ ბოლო ვადას, ჩაგეძინებათ დილით, არასწორი სახელით მიმართავთ შესაძლო უფროსს წარმატებული გასაუბრების ბოლოს, მიიღებთ თქვენი ბიზნესისათვის საზიანო გადაწყვეტილებას ან, თუნდაც დააგვიანებთ აეროპორტში?

ალბათ უკლებლივ ყველამ იცით, რა ძნელია მარცხთან შეგუება. თუმცა, სულაც არაა აუცილებელი, ის დანებების მიზეზი და მოტივაციის დამანგრეველი ფაქტორი გახდეს. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, წარმატებული ადამიანები მარცხს  ბევრ პლუსს და სარგებელს უძებნიან. მათი წარმატების გასაღებიც ხომ ესაა - ყველაფერში დაინახონ სარგებელი, ისწავლონ შეცდომებზე და არასდროს დაკარგონ პოზიტიური მიდგომა.

მაინც, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს წარუმატებლობას?

1.მარცხი მასწავლებელია

გახსოვთ, როგორ ჩამოვარდით ველოსიპედიდან, როცა პირველად სცადეთ მისი ტარება? სწორედ ამ ჩამოვარდნამ გიბიძგათ, გესწავლათ ბალანის შენარჩნუნება მანამ, სანამ დიდი დაღმართიდან დაეშვებოდით. სამაგიეროდ - რა სიამოვნება იყო, როცა გამოგივიდათ?!

2.გვეხმარება შიშის დაძლევაში

წარუმატებლობის შიში ხელს გვიშლის მიზნების მიღწევაში, გვაჩერებს და არ გვაძლევს წინსვლის საშუალებას. რა ხდება, როცა ვმარცხდებით? ვსწავლობთ, რომ წარუმატებლობასთან გამკლავება შეგვიძლია და გამბედაობაც გვემატება.

3.გვასწავლის გაანალიზებას

როცა გავიაზრებთ, რომ ჩვენი წარუმატებლობა ფაქტია და მას არაფერი ეშველება, ვსვამთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს - რატომ და როგორ. ვიწყებთ გაანალიზებას, რატომ არ გამოგვივიდა და როგორ ავირიდოთ იგივე მომავალში.

4.გვხდის უფრო კრეატიულს

მარცხი წარმოქმნის შეზღუდვებს. ჩვენც გვიწევს, გავხდეთ უფრო და უფრო კრეატიულები, მოვიფიქროთ ახალი იდეები, გზები და ხერხები მიზნების მისაღწევად.

5.წარუმატებლობა გვაძლიერებს

თუ კი განცდილი მარცხის შემდეგ არ დავნებდებით, გავაანალიზებთ ფაქტებს და შეცდომებზე ვისწავლით - გავხდებით უფრო უკეთესები. შეგვეძლება გაცილებით მეტი და გაცილებით უკეთ. რაც, როგორც უნდა შევხედოთ, სწორედ ჩვენი წარუმატებლობის დამსახურება იქნება.

და ბოლოს, როგორც ყოველთვის მთავარი - მოტივაციაა. მთავარი ჩვენი სურვილები და ძალისხმევაა. ყოველი მარცხი თუ წაბორძიკება იქცევა მოტივაციის მომცემად და საფეხურად წარმატებისაკენ, თუ დავიჯერებთ საკუთარ ძალებში და არასოდეს გავჩერდებით.

 


ნუცა ნიკოლეიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?