როგორ ავაშენოთ ჩვენში ძლიერი პიროვნება - ბოდიბილდერის წარმატების ისტორია


2015 წელს გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბოდიბილდინგსა და ფიტნესში, ერთ-ერთი მთავარი პრიზიორი ვალერი ნადარაია გახდა. მან ბავშვობიდან დაისახა მიზანი, გამხდარიყო წარმატებული ბოდიბილდერი. 

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები და ახლობლები არ იწონებდნენ მის გადაწყვეტილებას და ხშირად აკრიტიკებდნენ, იგი აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ რეალობა ოცნებაზე უკეთესი ყოფილიყო. ბოდიბილდერი და ტრენერი ინტერვიუში გაგვიზიარებს თავისი წარმატების ფორმულას, მისცემს რჩევებს დამწყებ სპორტსმენებს თუ როგორ მიაღწიონ დასახულ მიზანს.

ბოდიბილდინგი სპორტის ერთ-ერთი საინტერესო და სანახაობრივი სახეობაა, რომელიც  საქართველოში მხოლოდ რამდენიმე წელია, რაც პოპულარულობით სარგებლობს. რამდენი ხანია, რაც ბოდიბილდინგით ხართ დაკავებული და რით მიგიზიდათ  სპორტის ამ სახეობამ?

ბოდიბილდინგმა ჟურნალში ნანახი ცნობილი ბოდიბილდერების ფოტოების ნახვის შემდეგ გამიტაცა. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. დავისახე მიზანი და თავდაუზოგავად დავიწყე ბრძოლა მის მისაღწევად. დღემდე არ შევჩერებულვარ. არასოდეს დამიხევია უკან. მე მიყვარს ეს სპორტი. ის ჩემი გულის ნაწილია. ბოდიბილდინგი ნიშნავს საკუთარი სხეულის შენებას, თუმცა როდესაც სპორტის ასეთ სახეობაში იწყებ ვარჯიშს, სხეულისა და კუნთების მშენებლობასთან ერთად შენში ძლიერი პიროვნებაც ყალიბდება. მე სპორტის ამ სახეობამ მასწავლა დისციპლინა და გამიუმჯობესა ჯანმრთელობა, რადგან ჯანსაღი კვება ბოდიბილდინგის უმნიშნელოვანესი ნაწილია.

არსებობდა თუ არა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ აუცილებლად აისრულებდით ოცნებას და გახდებოდით  წარმატებული სპორტსმენი?

საზოგადოება, ნათესავები და ოჯახის წევრები არ იწონებდნენ ჩემს  გადაწყვეტილებას. მე არასოდეს ვექცეოდი სხვისი აზრის გავლენის ქვეშ და ალბათ სწორედ ასეთი პრინციპულობის გამო შევძელი ოცნების ასრულება. საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი. მე და ჩემი და 90-იან წლებში  მძიმე ეკონომიკურ პირობებში ვიზრდებოდით. ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობდით. ზამთარში სითბო და ელექტროენერგია დიდი ფუფუნება იყო ჩვენთვის. ვოცნებობდი გავმხდარვიყავი წარმატებული ადამიანი და თავი დამეღწია სიღარიბისთვის. ვარჯიშის დროს აუცილებელია კონცენტრაცია, რათა ძალა მოიკრიბო, გარე სამყაროს მოსწყდე და მთელი ენერგია ვარჯიშს მოახმარო. ჩემი და ყოველთვის მიწყობდა ხელს. იჯდა ფანჯარასთან  და  ხმადაბლა ამზადებდა გაკვეთილებს. ერთხელ მითხრა, რომ ზუსტად ისე ვვარჯიშობდი, როგორც მხატვრულ ფილმებში ვარჯიშობენ სპორტსმენები. ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. გადავწყვიტე იმედი არ გამეცრუებინა მისთვის და  დასახული მიზნისთვის.

უდიდესი ნებისყოფაა საჭირო იმისათვის, რომ ბოლომდე  გაჰყვე შენს ოცნებას და დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან არ გადაუხვიო. რას ურჩევდით ადამიანებს, რომელთაც აქვთ საყვარელი  საქმის კეთების სურვილი, მაგრამ ისეთ სფეროში აგრძელებენ მუშაობას, რომელზეც არასოდეს უოცნებიათ?

სანამ შენი საყვარელი საქმის პროფესიონალი გახდები საჭიროა მატერიალური სიძლიერე მოიპოვო. გჭირდება სამუშაო, რომლის პარალელურად რამდენიმე საათს დაუთმობ საყვარელ საქმეს. შეიძლება ისეთი სამსახური დაიწყო, რომელიც შენს ინტერესებს ჩამოგაშორებს, რაც ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ადამიანები მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადადიან და სხვა სფეროში იწყებენ მოღვაწეობას. მე კარგად მქონდა გაცნობიერებული, რა შეიძლება მომხდარიყო, თუ ჩემს მიზანს დავკარგავდი. ეს იქნებოდა უდიდესი იმედგაცრუება. ამიტომ ბევრი ძებნის შემდეგ, ისეთ სამსახურზე შევაჩერე არჩევანი, რომლის პარალელურად ყოველდღე ვივარჯიშებდი სპორტდარბაზში. ეს გადაწყვეტილება დამეხმარა, არ გადამეხვია ჩემი გზიდან და არ დავრჩენილიყავი იმ სფეროში, რომელშიც მაქსიმალურ შედეგს ვერ მივაღწევდი. 

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ  დასახულ მიზანს მიაღწიონ, იპოვონ საკუთარი თავი და საყვარელ საქმეს ემსახურონ, მაგრამ გზაზე უამრავი დაბრკოლება ხვდებათ?

როდესაც მიზანს დაისახავ და მის მისაღწევად იბრძვი, უამრავ დაბრკოლებას აწყდები. შენ იბრძვი სისხლის ბოლო წვეთამდე. ზოგჯერ იღლები და გინდა უკან დაიხიო, მაგრამ არ გააკეთო ეს! გქონდეს მიზნები და შენი ოცნებების შესახებ მხოლოდ საკუთარ გულს ესაუბრე. იფიქრე, იოცნებე და ივარჯიშე. შრომა მხოლოდ კუნთებს არ ზრდის. ის გულს პოზიტივით ავსებს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროფესიის არჩევას აპირებ – ყოველდღე ირბინე! დაიწყე სეირნობით, შემდეგ კი მოუმატე სიჩქარეს. ერთ დღესაც შენიშნავ, როგორ დაგებერება ფილტვები და უკეთესად შეძლებ სუნთქვას. თავს მოტივირებულად იგრძნობ და შეგეცვლება წარმოდგენა სამყაროზე. ერთ დღეს კი დაიჯერებ, რომ შეგიძლია ყველაფერს მიაღწიო და  დასახულ მიზანსაც მიაღწევ. 

თქვენი ტოპ 5 რჩევა მომავალ სპორტსმენებს:

  1. პირველ რიგში, გჯეროდეთ საკუთარი თავის და მხოლოდ გულს მოუსმინეთ. მან გაცილებით მეტი იცის თქვენი შესაძლებლობების შესახებ, ვიდრე გარშემომყოფებმა. თუ დაიჯერებ, რომ განსაკუთრებული ხარ, ბევრ წარმატებას მიაღწევ.
  2. გახადეთ ვარჯიში ინტენსიური, რადგან წარმატება ყოველდღიური შრომის შედეგია.
  3. სწორი კვება, წყალი და კარგი ძილი აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის.
  4. ეცადეთ იყოთ ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული. თავიდან აიცილეთ სტრესი. ის ხელს უშლის კუნთების ზრდას. იყავით ყოველთვის მოტივირებული შედეგზე, რომელსაც დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწევთ.
  5. თუ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ეჭვი შეგეპარათ საკუთარ ძალებში, იცოდეთ, რომ ეს ბუნებრივია. ამიტომ ამ მიზეზით არასოდეს დაიხიოთ უკან. გახსოვდეთ – სამყაროში არ არსებობს ისეთი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება წარმატებისკენ მიმავალი გზიდან  გადახვიდეთ და უარი თქვათ ოცნებაზე. ვფიქრობ, ადამიანი ბედნიერია, თუ ყოველდღე ემსახურება საყვარელ საქმეს. ამიტომ იპოვეთ საყვარელი საქმე, გახდით ნამდვილი პროფესიონალი და იყავით ბედნიერი.

 

| გააზიარე
მოგწონთ?