როგორ დავტოვოთ კომფორტის ზონა?!


ერთი შეხედვით კომფორტის ზონა სასიამოვნოდ ჯღერს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები რჩებიან კომფორტის ზონაში დიდი ხნის მანძილზე, ნაკლებად აქვთ შანსი მიაღწიონ მიზნებს და გახდნენ წარმატებულები. კომფორტის ზონა ეს გარკვეული სივრცეა, რომელშიც ყველაფერი ნაცნობია შენთვის და შესაძლოა სრულებითაც არ იყო ამ სივრცეში ბედნიერი, მაგრამ მაინც არ გსურს ახალი ნაბიჯების გადადგმა, რადგან მიეჩვიე ერთფეროვნებას და გეშინია სიახლეების. ნამდვილი წარმატება კი კომფორტის ზონის გარეთ იწყება. თუმცა ადვილი როდია ყოველდღიურ ცხოვრებას დავაღწიოთ თავი. 

გთავაზობთ რამდენიმე წესს, რომელიც დაგვეხმარება დავაღწიოთ ყოველდღიურ ერთფეროვნებას თავი და გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან უმტკივნეულოდ.

 

1.გააცნობიერეთ სად იმყოფებით

იმისათვის, რომ ადამიანმა დატოვოს კომფორტის ზონა პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთ სიტუაციაში თუ დარჩება, ვერასდროს გახდება წარმატებული, იქნება მუდამ დამოკიდებული სხვებზე, არ ექნება საინტერესო ცხოვრება  და მისი ოცნებები ვერასდროს შეისხამენ ფრთებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ასეთი კომფორტი საბოლოოდ ხდება ჩვენი სინანულის მიზეზი, ამიტომ იფიქრეთ ამაზე. დარწმუნებული ვარ არცერთ თქვენგანს არ სურს ცხოვრების სინანულში გატარება.

 

2.დაიწყეთ მოქმედება ეტაპობრივად

შეუძლებელია კომფორტის ზონიდან მყისიერად გამოსვლა. ეს ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს, რადგან მკვეთრმა ცვლილებებმა შეიძლება დიდი დისკომფორტი გამოიწვიოს თქვენში. შესაბამისად რომ არ შეშინდეთ და უკან დახევის სურვილი არ გაგიჩნდეთ, აუცილებელია ეტაპობრივად იმოქმედოთ. პატარა, წინ გადადგმული ნაბიჯები არის კომფორტის ზონიდან გამოსვლის უმტკივნეულო და  აუცილებელი პირობა.

 

3.გადადგით ნაბიჯები

ადამიანები როდესაც კომფორტის ზონაში იმყოფებიან ყოველდღიურად ერთსა და იმავე გარემოში უწევთ ყოფნა, ერთი და იმავე უმნიშვნელო საქმეებით არიან დაკავებული და  ეჩვევიან კიდეც ასეთ გარემოს. მას შემდეგ კი, რაც ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან, აღარ სურთ ჩვეულ მდგომარეობაზე უარის თქმა, რადგან სიახლეები იწვევს ნამდვილ დისკომფორტს მათში. ამიტომ სანამ სრულად გამოეთხოვებით ძველ ცხოვრებას, რომ არ დაფრთხეთ, შეგიძლიათ, რაღაც ეტაპამდე შეინარჩუნოთ ძველი ჩვევები, თუმცა დაიწყოთ ნაბიჯების წინ გადადგმა. ახალი რეალობა კი როდესაც დადგება, თქვენ ეტაპობრივად შეძლებთ ახალ რეალობაში გადასვლას და  იამაყებთ კიდეც თქვენი გადაწყვეტილებით.

 

4.გადადით რისკის ზონაში

კომფორტის ზონის გარეთ მდებარეობს რისკის ზონა, სწორედ ამ ზონაში ხდება ადამიანის განვითარება მას შემდეგ, რაც დააღწევს თავს შიშს და გადადგამს ნაბიჯებს სიახლეებისკენ. ასე რომ აირჩიეთ რისკის ზონა!

 

5.გაითვალისწინეთ საკუთარი რესურსები

მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ, რომ დაარღვიოთ კომფორტის ზონა და ახალ გადაწყვეტილებებს იღებთ, ისახავთ გეგმებს და მიზნებს, აუცილებელია გაითვალისწინოთ საკუთარი შესაძლებლობები. არ უნდა დაისახოთ ზედმეტად რთული მიზნები, რადგან იმ შემთხვევაში თუ მათ ასასრულებლად არ გეყოფათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, კვლავ კომფორტის ზონაში დაბრუნდებით, ამჯერად, კიდევ უფრო შეშინებულები და იმედგაცრუებულები. უკან დაბრუნების შემდეგ კი, ძალების მოკრება კიდევ უფრო რთულია. შესაბამისად დაისახეთ ისეთი ამოცანები, რომელთა გადაჭრასაც ადვილად შეძლებთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გაართულოთ ამოცანები და იბრძოლოთ მათთვის.

გახსოვდეთ - ადამიანებს უძნელდებათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რადგან ეს დიდ გამბედაობას მოითხოვს მათგან, ამიტომ მოხვდით იმ ადამიანების სიაში, რომლებმაც შეძლეს ამ ზონის დატოვება და წარმატების მიღწევა. ნამდვილი ცხოვრება, თავგადასავლები, წარმატება სწორედ კომფორტის ზონის დატოვების შემდეგ იწყება.
 

| გააზიარე
მოგწონთ?