TASYA’KER - ვიპოვოთ თავისუფლება საკუთარ თავში


დღეს იმ გოგონაზე მოგიყვებით სოლოლაკში, ისტორიულ სახლში რომ ცხოვრობს და იქ გაჩენილ სიძველის ბზარებს ფუნჯებით და საღებავებით  „ებრძვის“. მომავალი ფსიქოლოგისთვის ხატვა და წერა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც თავად ამბობს, ყველაზე დიდი ბედნიერებაა ცხოვრებაში აკეთო ის, რაც გსიამოვნებს, სწორედ ეს არის თავისუფლების უმაღლესი გამოვლინება. სწორედ ეს თავისუფლება აძლევს მას მოტივაციას იმისთვის, რომ ყოველდღიურად შექმნას რაღაც ახალი. ანი გორგოშიძე თავის შემოქმედებაზე თავად მოგვიყვება.

 

რატომ დაიწყე შენი სახლის კედლების მოხატვა?

ჩემი აზრით, თითოეული ადამიანის მიზანია იცხოვროს იმ გარემოში, რომელიც მას სრულ კომფორტს შეუქმნის და მისთვის გარესამყაროსგან, თუნდაც ხელოვნურად, გათავისუფლების მიზეზი იქნება. ჩემი ოთახი ჩვეულებრივი იყო. ვთვლი, რომ ახლაც ჩვეულებრივია, არა-ჩვეულებრივი შტრიხებით. ჩემი მიზანი იყო შემექმნა გარემო, რომელში მოხვედრის შემდეგაც მიხვდებოდით სად და ვისთან იმყოფებით. საკუთარი თავის გამოსახატავად ეს ჩემთვის იდეალური ხერხი აღმოჩნდა.

 

რას გვეტყვი წარწერებზე, რომლებიც შენს ნახატებს ახლავს თან?

რაც შეეხება წარწერებს და გამონათქვამებს, ზოგი ცხოვრებისეულია, ზოგიც კონკრეტულ მომენტში გამოხატული ემოციის ნაყოფი. პირველად „შენ გჭირდება რესტავრაცია“ დავწერე, რაც, სავარაუდოდ, მერიას ეძღვნება. ჩემი სახლი ისტორიულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. როგორც მას, ხანდახან ადამიანებსაც ხშირად გვჭირდება რესტავრაცია. ჩემთვის წარმოუდგენელია სიცოცხლე ხელოვნების გარეშე, ხელოვნება ადამიანებს ათავისუფლებს, თავისუფლება ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას.

 

 

 

რა თემატიკაზეა შენი ნახატები?

კონკრეტული თემატიკა არასდროს მქონია, თუმცა ყველა ნახატს საკუთარი „ემოციური დატვირთვა„ აქვს. ჩემს ნახატებში არაფერია განსაკუთრებული, უბრალოდ ვცდილობ ხელების მაგივრად დავხატო ფრთები და თვალების მაგივრად მზე, თუ შეიძლება ამას აბსტრაქცია ვუწოდოთ...

 

რას ნიშნავს „TASYA’KER“ ?

ტას იაკერი ჩემი ფსევდონიმია თუ ჩემი ნახატების, ჯერ ვერ გავარკვიე, თუმცა ყველა ნახატს თან ვურთავ. ეს სახელი ჩემი მოთხრობის ერთ- ერთ მთავარ გმირს ჰქვია და მისი სახელი აქტიურადაა ჩემს ნახატებშიც.

 

რა არის შენი ინსპირაციის წყარო?

ინსპირაციის წყარო კონკრეტულ მომენტში აღქმული დადებითი/უარყოფითი, ემოციური მუხტია. ჩემთვის ინსპირაციის წყარო შეიძლება ჩემი ასაკის დამწყები მხატვარიც გახდეს, ჩემთვის მათი შემართება და ხელოვნების სიყვარული მოტივაციის წყაროა და მიხარია როცა ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრი ახალგზარდა ცხოვრების ამ სტილით ცხოვრობს, სტილში ხელოვნებას და კონკრეტულად მხატვრობის სიყვარულს ვგულისხმობ.

 

  

 

პერსონაჟები რეალური ცხოვრებიდან არიან თუ ყველაფერი წარმოსახვითია?

ძირითად შემთხვევაში ყველაფერი რეალობიდან იქმნება, უბრალოდ ჩემი ხედვის არეალში სხვანაირად იშიფრება და ფურცელზეც შესაბამისად განსხვავებულად ითარგმნება. არა მარტო ხატვის, არამედ წერის მხრივაც არსებობენ ჩემს ცხოვრებაში წარმოსახვითი პერსონაჟები, თუმცა რადგან ახლა ყველაფერი ჩემს ნახატებს ეხება, არ ვისაუბრებ ჩემს სხვა გატაცებებზე.

 

რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს, რომელბსაც აქვთ ხატვის ნიჭი, მაგრამ არ აქვთ დრო ამისთვის?

ვფიქრობ, რომ თუ რაღაც გიყვარს და მითუმეტეს გამოგდის, ამისთვის დროს ყოველთვის გამოძებნი. გამოაღვიძეთ თქვენს ბავშვობაში მიმალული ნიჭი, გათავისუფლდით, აიღეთ ცარიელი ფურცელი და ყველაფერი თავიდან დაიწყეთ. თქვენ ნამდვილად იპოვით თავისუფლების გასაღებს, რომელიც ხელოვნებაშია!

 

რა თქმა უნდა, გამოხატვის სხვადასხვა ფორმა არსებობს, სცადეთ ყველა მათგანი! გამოხატეთ თქვენი სურვილები, მიზნები, მისწრაფებები. გამოხატეთ ისინი სიტყვიერად, სიმღერით, წერით და თუნდაც თქვენი სახლის კედლების მოხატვით. სამწუხაროა, რომ ცხოვრება ჩვენგან უფრო მეტ პრაგმატულობას მოითხოვს ვიდე შემოქმედებითობას. ნუ გადავიწყდებათ, რომ თავისუფლება თქვენში ცხოვრობს, თითოეულ სიტყვაში, ნაწერში თუ ნახატში. გამონახეთ დრო საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად და მიიღეთ მოტივაცია, რომელიც შემოქმედებას მოაქვს.

 

ინტერვიუერი - მარიამ ბეთხოშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?