5 მიზეზი, რატომ უნდა ვიმუშაოთ მაშინ, როცა სხვებს ტკბილად სძინავთ


წლევანდელ ,,ოქროს გლობუსის’’ დაჯილდოებაზე მერილ სტრიპის მიერ წარმოთქმული შთამბეჭდავი გამოსვლიდან ჩემთვის ერთი ფრაზა აღმოჩნდა განსაკუთრებით შთამაგონებელი, რომელიც მინდა თქვენც გაგიზიაროთ: ,,ერთხელ, როდესაც გადაღებაზე ვიყავი და ვწუწუნებდი, რომ მუშაობის გამო ვახშამი გვიანდებოდა, ტომი ლი ჯონსმა მითხრა: ,,მერილ, განა დიდი პრივილეგია არ არის მსახიობობა?"

 

●დაუსვით საკუთარ თავს კითხვა, განა პრივილეგია არ არის იქ ყოფნა, სადაც დღეს თქვენ ხართ?

●რამდენი ადამიანი იოცნებებდა ახლა თქვენს ადგილას ყოფნას, ზუსტად იქ, სადაც ხართ?!

●თქვენ სრულად იყენებთ იმ შესაძლებლობებს, რაც გაქვთ? 

 

თუ თქვენ ხშირად წუწუნებთ დამღლელ გრაფიკზე, დაუსრულებელ სამუშაოზე და გინდათ უბრალოდ წახვიდეთ მეგობრებთან ერთად ან სახლში ტკბილად დაიძინოთ, ქვემოთ ნახავთ ხუთ მიზეზს, რაც დაგარწმუნებთ, რომ უმჯობესია დარჩეთ სამუშაოზე და დაფიქრდეთ, რამდენი ადამიანი გააკეთებდა სიამოვნებით თქვენს საქმეს ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა.

 

1. დაუმტკიცო საკუთარ თავს, რომ შეგიძლია

არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც მიხვდები, რომ შეძელი ის, რაზეც ოდესღაც ფიქრობდი, რომ შენ შესაძლებლობებს აღემატებოდა.  სწორედ ამისთვის ღირს დაუსახო საკუთარ თავს მიზნები, შემდეგ კიდევ უფრო გაზარდო ისინი  და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდე მწვერვალს.

 

,,ცხოვრება საკუთარი თავის ძიება კი არ არის, არამედ საკუთარი თავის შექმნაა.’’

 

იმისათვის, რომ შექმნათ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც გინდათ რომ იყოთ, მუდმივი, თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო, თუმცა გახსოვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია! ყოველდღიურად დაისახეთ მიზნები და დაუმტკიცეთ საკუთარ თავს, რომ დღეს უფრო მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გუშინ შეგეძლოთ და ხვალ კიდევ უფრო მეტს შეძლებთ, ვიდრე დღეს. ამით გაიზრდება თქვენი რწმენა საკუთარი თავისადმი და ეს არის ზუსტად ის, რაც სასწაულებს შეგაძლებინებთ!

 

2. მუდმივად განვითარდე

ადამიანი მუდმივად სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის და ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ის, ვინც მუდმივად არ ვითარდება, ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას. გახსოვდეთ, როდესაც თქვენ უმოქმედოდ ხართ, სხვები დაუღალავად შრომობენ, რომ მიიღონ ის, რაც თქვენ გინდათ. არსებობს გამონათქვამი: ,,განვითარდი ან მოკვდი’’ და ვფიქრობ, ის ჩვენს რეალობას ასახავს.

 

3. თქვენმა მშობლებმა იამაყონ თქვენით 

ისევ მერილ სტრიპის სიტყვებს დავესესხები: ,,ნუ გგონიათ, რომ პოპულარობა აუცილებელია, აუცილებელი მხოლოდ ის არის, რომ თქვენმა მშობლებმა თქვენით იამაყონ.’’ ჩვენ ყოველთვის გვიხარია საყვარელი ადამიანების სახეზე ღიმილის დანახვა. რას გააკეთებდით იმისთვის, რომ მათი ღიმილის მიზეზი თქვენ იყოთ?

 

4. გამოიმუშაოთ ფული

ფული ნამდვილად არ არის ბედნიერების სინონიმი, თუმცა მისმა არ არსებობამ შეიძლება უბედურება მოგიტანოთ. სწორედ ამიტომ ღირს იმუშაოთ იმისთვის, რომ გქონდეთ ფული, რომლითაც შეძლებთ საკუთარი სურვილების ასრულებას და ასევე საყვარელი ადამიანების კიდევ უფრო გახარებას.

 

5. ბევრი მუშაობა არის ის, რაც წარმატებამდე მიგიყვანთ

შეიძლება სულაც არ ვიყო ორიგინალური, თუ გეტყვით, რომ ბევრი მუშაობის გარეშე წარმატება შეუძლებელია, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ მხოლოდ დაუღალავ და დაუზარელ შრომას შეუძლია მიგიყვანოთ წარმატებამდე. დამერწმუნეთ, ბევრი შრომის შემდეგ შედეგი იმაზე მეტად გაგაბედნიერებთ, ვიდრე წარმოდგენა შეგეძლოთ.

როდესაც წლები გავა, ალბათ, დაშვებულ შეცდომებზე მეტად ინანებთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ხელიდან გაუშვით. ამიტომ გამოიყენეთ თითოეული წუთი, გამოდით კომფორტის ზონიდან და საბოლოო შედეგი ბედნიერებას მოგიტანთ!

 

| გააზიარე
მოგწონთ?