როგორ შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა და ვიცხოვროთ სრულყოფილი ცხოვრებით


ცხოვრებაში ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია საქმე, რომელსაც ვემსახურებით და ოჯახი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობთ, გვყავს შვილები და ვზრუნავთ მათზე. თუმცა, დაქორწინების შემდეგ ზოგიერთი ქალი ვეღარ ახერხებს მუშაობას, რადგან მათზე მოდის პასუხისმგებლობის მეტი წილი ოჯახისა და შვილების მიმართ. შესაბამისად, ისინი ვეღარ უბრუნდებიან საზოგადოებრივ საქმიანობას და სამსახურის გარეშე რჩებიან. სამწუხაროდ, ამ მიზეზების გამო თავს დათრგუნულად გრძნობენ. არ აქვთ საყვარელი საქმე და მხოლოდ დიასახლისის სტატუსს არ მოაქვს ბედნიერება მათთვის. 

გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს უფრო კონკრეტულად, თუ რატომ ვერ ახერხებენ დაქორწინების შემდეგ ქალბატონები კარიერის გაგრძელებას და საინტერესოა, როგორ შევძლოთ ვიყოთ ყოველთვის პროდუქტიულები, ვიმუშაოთ და ვიცხოვროთ სრულყოფილი ცხოვრებით.

 

1.თუ თქვენ ოჯახის შექმნამდე მუშაობდით, მაგრამ არა თქვენი პროფესიით, უბრალოდ დროებით იყავით დასაქმებული და აკეთებდით საქმეს, რომელსაც არ ჰქონდა თქვენთვის სამომავლო პერსპექტივა, დამსაქმებელი ადვილად იპოვის თქვენს შემცვლელს და დეკრეტის დასრულების შემდეგ თქვენ უბრალოდ სამსახურის გარეშე დარჩებით.

მსგავსი იმედგაცურების წინაშე რომ არ აღმოვჩნდეთ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ ვიმუშაოთ საკუთარი პროფესიით, გავიზარდოთ ყოველდღიურად და კარგი იქნება ამაზე თუ ქორწინებამდე ვიზრუნებთ, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები ჩვენს საქმეში. გავხდეთ მეტად მნიშვნელოვანი კადრი, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლოს უარი თქვას ჩვენზე და მზად იყოს სამსახურში დაგვაბრუნოს ნებისმიერ დროს.

2.სამწუხაროდ ხშირად უბრალოდ შეუძლებელია საკუთარი პროფესიით მუშაობა, რადგან რთულია საოცნებო სამსახურის მოძებნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველდღე უნდა განვვითარდეთ. ვისწავლოთ უფრო მეტი და არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე მიღწევებს ჩვენს პროფესიაში. 

3.ზოგჯერ ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ პროფესია და დროებით მუშაობენ ამა თუ იმ დაწესებულებაში, ორგანიზაციებსა თუ სავაჭრო ცენტრებში, სადაც არ მოეთხოვებათ  დიპლომი და განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს: საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, უნდა ვაკეთოთ ენთუზიაზმით. იქ სადაც სჭირდებათ შრომა და გენდობიან, უნდა დადო მაქსიმალური შედეგი. ამ შემთხვევაში ყოველთვის გექნება ადგილი, სადაც გელოდებიან. 

4.ხშირად ქალბატონები ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და ვერ ახერხებენ საოჯახო საქმეების დელეგირებას - ანუ ყველაფერს საკუთარ თავზე იღებენ - იღლებიან, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად და უბრალოდ აღარ ფიქრობენ სამსახურზე და კარიერაზე. ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. მათ უნდა შეძლონ მოიკრიბონ ძალა, გააცნობიერონ როგორ სწრაფად გარბის დრო, გაანაწილონ ოჯახის სხვა წევრებზე საქმეები და შექმნან პირადი სივრცე, დაკავდნენ საქმით, რომელიც უყვართ და მოსწონთ.

5.ხდება ისე, როდესაც ქალბატონებს საერთოდ არ ჰყავთ დამხმარე, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ ისინი? მათ არ უნდა დაკარგონ მოტივაცია. დაელოდონ ბავშვების ბაღის ასაკს და შემდეგ აუცილებლად დაიწყონ მუშაობა. მანამდე კი ყოველდღე თუნდაც ნახევარი საათი დაუთმონ საკუთარი თავის განვითარებას. იკითხონ წიგნები, მოუსმინონ სხვადასხვა სახის ტრენინგს, გაიგონ უფრო მეტი იმ სფეროში, რომელშიც აპირებენ სამომავლოდ ძალების მოსინჯვას და განვითარდნენ. ამ გზით არ დაკარგავენ მოტივაციას და არ ჩამორჩებიან დროს.

6.შემდეგი მიზეზი კი რის გამოც ვეღარ უბრუნდებიან ქალბატონები საზოგადოებრივ საქმიანობას არის ის, რომ მათ აღარ სჯერათ საკუთარი თავის, დაყარეს ფარ-ხმალი, მონოტონურად ასრულებენ საოჯახო საქმეებს და არ იციან, როგორ დააღწიონ თავი ყოველდღიურ რუტინას, თუმცა გულის სიღრმეში კვლავ სურთ იყვნენ რეალიზებულები. ვფიქრობ, საკუთარი თავის რწმენა არასდროს არ უნდა დავკარგოთ, რადგან ის გვეხმარება ვიყოთ ყოველთვის სავსე იმედებით და მივაღწიოთ წარმატებას. იმისათვის კი რომ არ დავკარგოთ მოტივაცია უნდა გვახსოვდეს ჩვენი ოცნებები, მიზნები. გვახსოვდეს რომ ვართ განსაკუთრებულები და ყველაფერს შევძლებთ თუ მოვინდომებთ. ამიტომ ქალბატონებსაც ვურჩევ - იკითხონ ჩვენი სტატიები. არასდროს დანებდნენ და ყველაფერს შეძლებენ.
 

| გააზიარე
მოგწონთ?