იფიქრე ჩემპიონივით! - „ედი, მეტსახელად არწივი“


ხშირად თითოეულ წამს, სიტყვას, ერთ საბედისწერო შემთხვევას, ძირეული ცვლილებების მოხდენა შეუძლია ჩვენს აზროვნებაში, ცნობიერებაში, გადაწყვეტილებებსა თუ ცხოვრების მიზნის განსაზღვრაში.

თანამედროვე სამყარო სავსეა გამოწვევებით. ყოველდღიურობა უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ  განვვითარდეთ და მივაღწიოთ წარმატებას, ავიხდინოთ ოცნებები და ღირსეულად მივიდეთ დანიშნულების ადგილამდე. დღეს აღარაა საჭირო გავლენიანი ნაცნობები, ახლობლები თუ მეგობრები. მხოლოდ ჩვენს მონდომებაზე, შრომისუნარიანობაზე, მიზანდასახულობასა და სურვილზეა დამოკიდებული შევძლებთ თუ არა, გავხდეთ წარმატებული, შევცვალოთ რეალობა, ავიხდინოთ ოცნებები და ვიყოთ მაგალითის მიმცემი სხვებისთვის.

მინდა გაგიზიაროთ ფილმი, რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო შენი ოცნებების ასრულებისთვის, როგორ უნდა შეინარჩუნო სულიერი სიმტკიცე, სიძლიერე, გამბედაობა, სითამამე, მიუხედავად ყოველდღიური დამცირებისა, ტკივილისა, უამრავი დაცემისა, თითქმის უიმედო მდგომარეობისა და ერთი შეხედვით, გადაულახავი ბარიერებისა.

„ედი, მეტსახელად არწივი“- მოგვითხრობს ისტორიას ბიჭზე, რომელიც ღრმა ბავშვობაში ოლიმპიურ ჩემპიონებზე წიგნს წაიკითხავს და ეს წიგნი შთააგონებს, რომ ყოველთვის ის უნდა აკეთოს, რაც უყვარს, იბრძოლოს და იყოს საუკეთესო საქმეში, რომლის კეთებასაც გადაწყვეტს. ოლიმპიურ ჩემპიონობაზე მეოცნებემ, სპორტის ბევრ სახეობაში სცადა ბედი, ბევრს მუშაობდა, თუმცა მუდმივად ხელმოცარული რჩებოდა. საკუთარი თავი ვერსად აღმოაჩინა. ამას მუდმივად ემატებოდა გარშემომყოფთა დაცინვა, ქილიკი და შეძახილები, რომ ის ათლეტი არ იყო, მისგან არაფერი გამოვიდოდა, ოლიმპიადაზე ვერასდროს მოხვდებოდა, უსარგებლო იყო და ჯობდა, სხვა საქმით დაკავებულიყო. ერთი ადამიანიც კი არ არსებობდა, რომელიც მხარს დაუჭერდა და ეტყოდა: „შენ ამას შეძლებ“, თუმცა ედის საკუთარი თავი ჰყავდა, სჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების, ბავშვობის ოცნების ერთგული რჩებოდა და არასდროს კარგავდა იმედს, რომ ოდესღაც მიზანს მიაღწევდა, ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა და ამით ყველას დაუმტკიცებდა, რომ ისინი ცდებოდნენ.

ედიმ იცოდა უმთავრესი, მას კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ „ ნამდვილი ოლიმპიელობა მხოლოდ ღმერთის ნაბოძებ უნარებს კი არ ნიშნავდა, არამედ მონდომებას და შრომას“.  მართლაც, ერთ დღესაც ის პოულობს საკუთარი უნარ-ჩვევების შესაბამის სპორტის სახეობას და აქტიურად იწყებს ვარჯიშს, რათა ნებისმიერ ფასად ოლიმპიადაზე მოხვდეს.

„ერთადერთი სწორი არჩევანი შენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაა, თუნდაც იგი მარცხით დასრულდეს“- სწორედ ეს იყო ედის ყოველდღიური მოტივაციის წყარო, ამიტომ ის ყოველ დღეს ახლიდან, ახალი შემართებით და მონდომებით იწყებდა, ვიდრე სასურველს არ მიაღწია  და ერთ დროს ყველასგან გარიყული და დაცინვის ობიექტად ქცეული, ახლა უკვე ყველასთვის  საამაყო და მისაბაძი გახდა.

გირჩევთ უყუროთ ამ ფილმს, მერწმუნეთ, თქვენ ძალიან დიდ მოტივაციას მიიღებთ, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დაფიქრდებით და თუ აქამდე არ იცოდით, ახლა მიხვდებით, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს ოცნებას და მონდომებას.

იოცნებეთ, იფიქრეთ ჩემპიონივით, იმოქმედეთ და გახსოვდეთ: „ოლიმპიადაზე მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა, ცხოვრებაში კი მთავარია არა ტრიუმფი, არამედ ბრძოლა!“

 

| გააზიარე
მოგწონთ?