3 ფილმი, რომელიც გვარწმუნებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია თუ არ ნებდები


ცხოვრება ნამდვილად ღირს იმად, რომ ადამიანმა იბრძოლოს და ოცნებები აიხდინოს. ღირს საკუთარი თუ სხვისი ბედნიერებისთვის, წინსვლისთვის, ნიჭის გამოვლენისთვის და თუნდაც იმისთვის, რომ სამყაროს მიაწვდინოს ხმა, გადალახოს ნებისმიერი ადამიანური დაბრკოლება და მიაღწიოს მიზანს.

დაფიქრდით, გამართლებულია კი დანებება?

რა თქმა უნდა, არა - ამაში კი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ შემდეგი 3 ფილმი!

 

„რეი“

 

რეჟისორ ტეილორ ჰეკფორდის 2004 წელს გადაღებული ფილმი „რეი“ ლეგენდარულ მომღერალ - რეი ჩარლზე, რომლის როლს ჯეიმი ფოქსი ასრულებს.

ფილმში აღწერილია რეის ცხოვრება, რომელიც 7 წლის ასაკში დაბრმავდა. ფილმში კარგად ჩანს დედის როლი, თუ როგორ საოცრად ზრდის შვილს, როგორ აჩვევს დამოუკიდებლობას, ბრძოლას და შეგუებას თავის რთულ მდგომარეობასთან. იმის მიუხედავად, რომ რეის დედა გაუნათლებელი ქალია, უდიდესი შინაგანი თავისუფლება გააჩნია და ძალებს არ იშურებს, რომ ეს თავისუფლება შვილს გადასცეს. რეის მარცვლეულის  გამყიდველი მოხუცი ასწავლის პირველ ნოტებს, მისი ნიჭიერება აშკარა ხდება და  უკვე ზრდასრული, სხვა გარემოში მიდის, სადაც თავისი შესაძლებლობების რეალიზებას ახდენს.

მართალია რეი სასწაულ წარმატებას აღწევს კარიერაში, თუმცა ყოველ ნაბიჯზე ხვდება მატყუარა და მჩაგვრელ ადამიანებს. ამის მიუხედავას, მისი მიზნისკენ სწრაფვა იმდენად დიდია, რომ ის ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს. მისი ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა ცდუნებებთან და დაბრკოლებებთან, თუმცა ძლიერი ხასიათისა და სიმტკიცის წყალობით, რეი ყოველთვის ახერხებს წინსვლას.

ეს ფილმი არის მაგალითი იმის, რომ არ უნდა დანებდე და ბოლომდე იბრძოლო, რადგან ნამდვილი სურვილის შემთხვევაში, არც ერთი მდგომარეობა თუ სირთულე არ არსებობს დაუძლეველი!

 

„უდაბნოს ყვავილი“

 

ეს არის, შერი ჰორმანის 2009 წელს გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი.

ფილმი შედარებით მძიმე საყურებელია, მაგრამ ცნობიერებაში  ბევრ რამეს ცვლის და  ღრმად აფიქრებს მაყურებელს. გამოკვეთილია ადამიანური ტრაგედიის ფონზე  ცხოვრებასთან ბრძოლა, თუ როგორ არ ნებდება ადამიანი მძიმე ყოფას და ყველაფერს აკეთებს მისგან თავის დასაღწევად.

13 წლის სომალელი გოგონა გაურბის მშობლიურ მიწას და ლონდონში ჩასვლას ახერხებს. ის გარბის ოჯახისგან, რომელიც ფულზე და ტრადიციებზე ყიდის. ლონდონში მუყაოს ყუთში უწევს ცხოვრება, მაგრამ მისი ძლიერი სული, ველური, ეგზოტიკური  და ამავდროულად დახვეწილი სილამაზე შეუმჩნეველი არ რჩება და სამოდელო სფეროში გზას იკვლევს. ის, ვისაც მაღალ ქუსლებზე დგომაც კი არ შეეძლო, საბოლოოდ, პოპულარული მოდელი ხდება.

ფილმის გმირის ცხოვრება მაგალითია, თუ როგორ არ უნდა დანებდე ყოფას და არ იმართლო თავი იმით, რომ „ასეა წესი“. ფილმი გვასწავლის, რომ საჭიროა იბრძოლო იმისთვის, რისიც გულის სიღრმეში გწამს, რაც შენ გგონია ჭეშმარიტება და არა სხვისგან გამართლებულ წესებს დაემორჩილო.

 

„მრწამსი“

 


რეჟისორ ტომი გოლდვინის 2010 წელს გადაღებული ფილმი რეალურ ისტორიაზე. ეს არის საოცარი ფილმი ქალზე, რომელმაც წლები შეალია სიმართლის დამტკიცებას და უდანაშაულოდ დაპატიმრებული ძმის ციხიდან დახსნას.

ბეტიმ ნულიდან დაიწყო, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადვოკატი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ დაკარგა ოჯახი, გაშორდა ქმარი და ორი მოზარდი შვილიც თან წაიყვანა, ბეტი სულიერად არ გატეხილა, არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა ძმის თავისუფლებისთვის. ამ შემთხვევაში და-ძმური სიყვარული და სამართლიანობის აღდგენის სურვილი გახდა მთავარი მოტივაცია იმისა, რომ 10 წელი შეელია ამ საქმისთვის და მიეღწია მიზნისთვის.

რაც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, ეს ფილმი დაგანახებთ, რომ როდესაც არსებობს მონდომება, ყველაფერი შესაძლებელია, თუნდაც თავიდან ის წარმოუდგენლად გეჩვენებოდეთ.
ეს ფილმი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ არც ერთ დაბრკოლებას არ უნდა შევუშინდეთ და უნდა ვიაროთ წინ იმ იმედით, რომ თუ მთელი გულით ვირწმუნებთ ჩვენი მიზნების და ვიმოქმედებთ, ყველაფერი გამოგვივა.

 

| გააზიარე
მოგწონთ?