10 ანიმაციური ფილმი, რომელსაც შეგიძლიათ შვილებთან ერთად უყუროთ


აუცილებელია, რომ მშობლებმა შვილებს მართებულად შეურჩიონ ანიმაციური ფილმები, რომლებიც ბავშვის ქვეცნობიერზე კარგ გავლენას მოახდენს. ისინი უნდა იყოს სიკეთით და არა აგრესიით გაჯერებული და ბავშვმა უნდა ჩათვალოს, რომ არჩევანი თავად გააკეთა.

რაც მთავარია, შვილს მშობლებმაც უნდა გაუწიონ კომპანიონობა, აუხსნან, რომელი პერსონაჟია დადებითი და რომელს არ უნდა მიბაძონ ცუდ საქციელში.

 

გთავაზობთ 10 სასიამოვნო და სახალისო ანიმაციას:

 

1. კუნგ-ფუ პანდა (2008წ)

ამბავი ზარმაც პანდა პოზეა, რომელიც მოტივაციით ივსება მას შემდეგ, რაც მიხვდება, რომ „რჩეულია“ და მშვიდობის ველი საფრთხისგან უნდა იხსნას. ეუფლება კუნგ-ფუს, სწავლობს, რომ უნდა იყოს საკუთარი თავის იმედად და ბოლოს, იმარჯვებს კიდეც.

„საიდუმლო ინგრედიენტი ან გარე ძალები არ არსებობს, საიდუმლო შენში და თვითრწმენაშია“

 

2. ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი (1968წ)

ამბავი ეხება შვედურ, მრავალსულიანი ოჯახის უმცროს წევრ ბიჭუნას, რომელიც მოწყენილი და მარტოსულია. მას მკაცრად ზრდიან, თუმცა გამოუჩნდება უცნაური მეგობარი კარლსონი, კაცუნა, რომელიც დაფრინავს. სწორედ აქედან იცვლება ბიჭუნას ცხოვრება, ხალისიანი ხდება და ერთობა. ეს მულტფილმი ბავშვებისთვის სახალისო საყურებელია, ხოლო მშობლებისთვის - დამაფიქრებელი.

 

3. ნემოს ძიებაში (2003წ)

ოკეანის ბინადარი მერლინი, ერთადერთ ვაჟიშვილს - ნემოს კარგავს და ახლად შეძენილ მეგობრებთან ერთად იწყებს მის ძებნას. ნემო ზედმეტად ცნობისმოყვარეა და უამრავი ხიფათის გადალახვა მოუხდება, ის საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდება და სულაც არ არის ისეთი სუსტი, როგორი წარმოდგენაც მასზე სხვებს აქვთ.

აქ საინტერესოა მშობლის და შვილის დამოკიდებულება და მეგობრების ერთგულად მხარში დგომა.

„როდესაც ცხოვრება ფსკერზე დაგანარცხებს, იცი რა უნდა გააკეთო? - უბრალოდ გააგრძელე ცურვა.“

 

4. შრეკი (2001წ)

მულტფილმი შრეკზე, რომელსაც ბოროტი ლორდი ჭაობს ჩამოართმევს და წინადადებას სთავაზობს, თუ შრეკი მოჯადოებული სასახლიდან პრინცესა ფიონას მიუყვანს, იმ შემთხვევაში დაუბრუნებს ჭაობს.

ფიონას ლორდზე აქორწინებენ, მაგრამ შრეკი გადაწყვეტს, იბრძოლოს სიყვარულისთვის, ასეც მოიქცევა და ბოლოს სიყვარული იმარჯვებს.

ეს მულტფილმი ბევრ რამეს გვასწავლის, მათ შორის იმას, რომ „არ ღირს ადამიანის განსჯა, ვიდრე არ გაიცნობ.“

 

5. უხსოვარი დროის დედამიწა (1988წ)

პატარა დინო თავის მეგობრებთან ერთად ჯერ კიდევ უხსოვარ დროში ცხოვრობს დედამიწაზე, როდესაც ვულკანების მძვინვარება და საშინელი კატაკლიზმებია. ის მეგობრებთან ერთად მიემგზავრება ლეგენდარული ველის საძებნელად და თავბრუდამხვევი თავგადასავლები გადახდებათ.

მულტფილმი გვახსენებს: „ზოგჯერ შენ გულს უსმინე, ის დაგეხმარება.“

 

6. ჯუნგლების წიგნი (1967წ)

უბედური შემთხვევის შემდეგ, ჯუნგლებში გადარჩენილი ბიჭუნა მაუგლი მგლის ხროვამ გაზარდა. ჯუნგლებში თავს ლაღად გრძნობდა, მოგვიანებით კი დილემის წინაშე დადგა: დარჩეს მეგობრებთან, თუ წავიდეს ადამიანებთან.

 

7. მულანი (1998წ)

ჩინეთს რთული პერიოდი აქვს, მას უცხო ტომი დაესხა თავს. მეომრებს მამაცი, მებრძოლი გოგონა - მულანი უერთდება, მამაკაცის სამოსში გადაცმული და ის ბრძოლას მოიგებს. იმპერატორი კი მას გმირის წოდებას მიანიჭებს. მულანი ოჯახში ბრუნდება და მამას მიუტანს დამსახურებულ ჯილდოს: ხმალს და მედალიონს, რათა გაახაროს მშობელი. 

 

8. კრუდსების ოჯახი (2013წ)

პრეისტორიული ხანის ოჯახი გამოქვაბულში ცხოვრობს, ისე, როგორც პირველყოფილ ადამიანებს შეეფერებათ. მათ მიწისძვრის მერე თავის გამოქვაბულის დატოვება და სამოგზაუროდ წასვლა უწევთ, სადაც საოცარ სამყაროს ეცნობიან და ნელ-ნელა ვითარდებიან: სწავლობენ კოცონის დანთებას, ცხოველების მოშინაურებას, ერთმანეთზე ზრუნვას, უცხო ადამიანის მიღებას.

სასიამოვნო და სახალისო ანიმაციაა, რომელსაც ღირს, რომ უყუროთ.

„ჩვენი სამყრო მკაცრი და დაუნდობელია, მაგრამ ჩვენ არ გავქრებით, რადგან ის წესები შევცვალეთ, რომლის გამოც სიბნელეში ვიყავით.“

„შეცვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია“

 

9. დამბო (1941წ)

პატარა სპლიყვი დამბო ცირკში ცხოვრობს, სადაც სხვა სპილოები დასცინიან და ახლოს არ იკარებენ. დედას მისი დაცვა არ შეუძლია, თუმცა დამბოს მეგობარი გამოუჩნდება და ყველა დაბრკოლებას გადალახავს. მულტფილმში განვითარებული მოვლენები ხაზს უსვამს მეგობრობისა და მონდომების მნიშვნელობას, რაც ბავშვებზე დადებით გავლენას ახდენს. 

მულტფილმი გვასწავლის, რომ „შენ უნდა სცადო, აუცილებლად უნდა სცადო და შეძლებ ფრენას.“

 

10. 101 დალმატინელი (1961წ)

დალმატინელის 15 ლეკვს, ბოროტი ქალი - კრუელა დე ვილი იპარავს, რათა მათგან ქურქი შეიკეროს. ლეკვების მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ და მეგობრების დახმარებით მოახერხებენ შვილების დაბრუნებას, თან კი ობოლ, მოპარულ ლეკვებსაც დაიხსნიან და კეთილი პატრონის ოჯახში მოგროვდება 101 დალმატინელი. პატრონები სიხარულით ხვდებიან ამ ახალ ამბავს. 

„შესაფერის სიტუაციაში მთავარია, ყველაფერი სწორად დაგეგმო, ასეთ დროს სხვაზე დაყრდნობა არ შეიძლება. მსგავს სიტუაციაში, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.“

 

| გააზიარე
მოგწონთ?