სად ხედავ შენს თავს მომავალში?


როდესაც ადამიანი იმ ეტაპზეა, რომ არჩევანის გაკეთება უწევს რომელი პროფესია აირჩიოს და გაიღრმავოს ცოდნა იმ კუთხით, საჭიროა სიფრთხილე და დაკვირვება, რადგან ეს არის საძირკველი, რაზეც მოუწევს კარიერის აგება, ამიტომ ფუნდამენტი უნდა იყოს მართებულად შერჩეული, მყარი, რომელიც წლებს გაუძლებს და გაამართლებს. თუ შეცდი არჩევანში ეს არაა ტრაგედია, მაგრამ არის წლების ფუჭად ხარჯვა, ამიტომ დაფიქრდი და მოუსმინე საკუთარ თავს. მიიღე სწორი გადაწყვეტილება.

 

თუ როგორ შეარჩიო პროფესია სწორად, ამასთან დაკავშირებით მოგცემ 6 რჩევას:

 

1.რა გამოგდის კარგად და რა გიყვარს - ჩამოწერე, რა გამოგდის საუკეთესოდ, პარალელურად ჩამოწერე რისი გაკეთება გიყვარს და მოახდინე სინთეზი, აღმოაჩინე საერთო შტრიხები, ამით გამოიკვეთება პრიორიტეტი, რაც დაგანახებს შენ თავს კონკრეტულ პროფესიაში.

 

2.არ აჰყვე ფეხის ხმას - ნუ აირჩევ პროფესიას მხოლოდ იმიტომ, რომ პრესტიჟულია, უმეტესწილად ასეთი არჩევანის შემთხვევაში დაგრჩება დიპლომი, შენთვის უინტერესო სამსახური და შინაგანი სიცარიელე, რადგან რაც არ არის შენი მოწოდება, ის სიამოვნებას ვერ მოგანიჭებს.

 

3.არჩევანი გააკეთე შენ - ნუ მისცემ ახლობლებს უფლებას, შენ მაგივრად გადაწყვიტონ შენი მომავალი ცხოვრება, რაც არ უნდა მყარი არგუმენტები მოგიყვანონ, შენ თუ სხვა ინტერესი გაქვს იყავი პრინციპული და არ გადააბიჯო საკუთარ თავს, მიჰყევი შენს გზას და დაარწმუნე სხვებიც, რომ პატივი სცენ შენს არჩევანს.

 

4.ნიჭი და მოწოდება - არჩევანის გაკეთებისას ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ნიჭია. თუ შემოქმედებითი ნიჭი გაქვს და სწორედ ესაა შენი მოწოდება, ნუ „მიეძალები“ ტექნიკურ ან ბიუროკრატიულ პროფესიას, დროთა განმავლობაში ეს სულიერ შიმშილამდე მიგიყვანს, ამიტომ გაითვალისწინე შენი მოწოდება, ნიჭი და ისე გააკეთე არჩევანი.

 

5.ხასიათი და გარემო - თუ რამდენიმე ვარიანტი გაქვს შენი მომავალი პროფესიის, გამორიცხვის მეთოდით მიუდექი საკითხს, მაგალითად: თუ დისკომფორტს გიქმნის რუტინა და არ შეესაბამება შენს ხასიათს ასეთი გარემო, ნუ აირჩევ ისეთ პროფესიას, სადაც ერთი და იმავე საქმის კეთება მოგიწევს. მიაქციე ყურადღება გარემოს და განსაზღვრე შენი ხასიათის შეთავსება ამ გარემოში.

 

6.ჩაატარე კვლევა - როდესაც 2 ან 3 პროფესიის არჩევანს შორის მერყეობ, ჩაატარე მინი-კვლევა, მოიძიე ახლობლებში ამ პროფესიის ადამიანები, (ან სულაც ისე) სთხოვე, რომ ერთი დღე გაატარებთ მათ სამუშაო გარემოში, ამ კვლევის მერე მათ ადგილას წარმოიდგინე თავი და საბოლოოდ გექნება კითხვაზე პასუხი - სად ხედავ შენს თავს მომავალში, არჩევანიც გაკეთებულია!

 

და ბოლოს, არჩევანი გააკეთე შენ და აირჩიე გულის და გონების შეთანხმებით.

 

| გააზიარე
მოგწონთ?