წიგნები, რომლებიც მღელვარების დაძლევაში დაგეხმარებათ


რამდენჯერ ყოფილხართ რთულ სიტუაციაში და გიფიქრიათ, რომ თავს ვერასდროს დააღწევდით? ალბათ, ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც შექმნილა ისეთი ჩაკეტილი წრე პრობლემებისა, რომლებიც ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? როგორ არ უნდა დავნებდეთ? როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება?

ამ კითხვებზე პასუხს დეილ კარნეგი გაგცემთ წიგნში როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება“.

დეილ კარნეგი - ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, ფსიქოლოგი, დაიბადა ღარიბ ოჯახში. ის არასრულფასოვნების კომპლექსით იყო შეპყრობილი, თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ იპოვა ძალა და შეძლო გამხდარიყო წარმატებული. წიგნის დასაწყისში დეილ კარნეგი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: „ბევრი ფული არ მინდოდა, მინდოდა ისე მეცხოვრა, როგორც ვოცნებობდი. მე მივიღე გადაწყვეტილება და ამან მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მან ცხოვრების ბოლო 35 წელი ბედნიერი გახადა და გაამართლა ჩემი უტოპიური ოცნებები“.

მწერალი თვლის, რომ მღელვარების გრძნობის დაძლევა კაცობრიობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, სწორედ ამიტომ მან 5 წელი იმუშავა იმ ლაბორატორიაში, რომელიც მღელვარებასთან ბრძოლის საკითხებს სწავლობდა, რის შემდეგაც დაწერა ეს წიგნი. ამ წიგნის მიზანია ადამიანების გამოფხიზლება და რაღაცის კეთების იძულების მცდელობა. იგი არ შეიცავს მსჯელობებს იმის შესახებ, როგორ დავძლიოთ მღელვარების გრძნობა. წიგნი პრაქტიკული ხასიათისაა, ანუ მოგვითხრობს კონკრეტული ადამიანების მაგალითებზე. ამ ადამიანების პიროვნებები ცნობილია, გამოყენებულია რეალური სახელები და  ისტორიები. ძირითადი მამოტივირებელი სწორედ სხვების გამოცდილებაა, რადგან თუ შეძლეს მათ, აუცილებლად შეძლებთ თქვენც.

მღელვარებას თან ახლავს შეცდომები, რომლებიც ხშირად გაუაზრებლად მოგვდის. ადამიანები ხშირად ვცდებით, თუმცა უმრავლესობას არ უნდა ამის აღიარება.  ჟურნალისტი ქეთრინ შულცი სწორედ ამ საკითხზე მსჯელობს წიგნში „როცა ცდები“. მასში  განხილულია თუ რატომ გვიჭირს ადამიანებს შეცდომების აღიარება. რატომ გვიხარია ასე ძალიან, როდესაც მართლები ვართ და რატომ ვწუხვართ ასე ძალიან, როდესაც ვცდებით.

წიგნი დაგემხარებათ, გაიგოთ, რა გავლენას ახდენს შეცდომები ცხოვრებაზე. ქეთრინ შულცი საინტერესო მეთოდს იყენებს და გვთავაზობს, შეცდომას სხვა თვალით, სრულიად განსხვავებულად შევხედოთ. ამ შეხედულების მიხედვით შეცდომა შეიძლება ერთგვარ საჩუქრადაც ჩავთვალოთ, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში, სწორად გააზრების შემთხვევაში, აუცილებლად დაგვეხმარება. წიგნში ყველანაირი ტიპის შეცდომაზეა საუბარი. დაწყებული სამედიცინო ტიპის შეცდომებით, დამთავრებული მცდარი ურთიერთობებით. წიგნის წაკითხვის შემდეგ, შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოთ დამოკიდებულება და ხედვა შეცდომების მიმართ. ეს არის მოცემულობა, რომელიც უნდა მივიღოთ და ვისწავლოთ მასთან გამკლავება.

წიგნები ყველაზე მეტად გვეხმარება, სწორედ ამიტომ გირჩევთ, ისიამოვნოთ კითხვის პროცესით და გამოიყენოთ მიღებული ცოდნა, რათა დაძლიოთ მღელვარება, ისწავლოთ შეცდომებზე და შეძლოთ წარმატების მიღწევა.

 

| გააზიარე
მოგწონთ?