სად იკარგება ჩვენი ოცნებები?!


,,მუდმივად ცვალებად სამყაროში, ყველაზე ძლიერი და მყარი ბრენდები ისინი არიან, რომელთა საქმიანობაც გულიდან მომდინარეობს. მათი საფუძვლები უფრო ძლიერია, რადგან ისინი ადამიანის სულის ძლიერებას ემყარება და არა სარეკლამო კამპანიებს.” - ჰოვარდ შულცი, კომპანია ,,სთარბაქსის” დირექტორი.

ალბათ ბავშვობაში ხშირად გიოცნებიათ და გითქვამთ „დიდი, რომ გავიზრდები...“ დიდი მიზნებიც გქონიათ და საოცარ ძალას გრძნობდით, გწამდათ და გჯეროდათ, რომ როცა დიდი გახდებოდით ამ მიზნებამდე აუცილებლად მიხვიდოდით, მაგრამ...

არასოდეს დაფიქრებულხართ რა მოსდის ჩვენს ფერად ოცნებებს? სად იკარგებიან ან რატომ გვავიწყდება ჩვენი დიადი მიზნები? ნუთუ ბავშვობასთან ერთად ისინიც წარსულში რჩებიან?! ისინიც უფერულდებიან ან სერიოზულად აღარ აღვიქვამთ, რადგან უკვე დიდები ვართ?

ხშირად გვსმენია ისიც: „ბავშვივით ნუ ოცნებობ, რეალობას შეხედე თვალებში“ ან „კარგი რა, ბავშვი აღარ ხარ, უკვე დიდი ხარ და ვარდისფერი სათვალე მოიხსენი“...

რეალურად კი არავინ ფიქრდება იმაზე, რომ ჩვენს ოცნებებს ფრთებს აჭრიან. ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ უნებლიეთ და ჩვენც, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ვაძლევთ ამის უფლებას. უბრძოლველად ვნებდებით და გვავიწყდება, რომ წარმატების საიდუმლო, ოცნების ასრულების რეალური შესაძლებლობა, სწორედ მათი ახდენის ბავშვური ერთგულება და ჯიუტი რწმენაა.

ბავშვობაში ყველას გვგონია და გულწრფელად გვწამს, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც განსაკუთრებულის შექმნა, სარგებლის მოტანა ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის, სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ... გვგონია და გვწამს, რომ „ოცნებები ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუნება არ დაგვაჯილდოვებდა მეოცნებე ხასიათით“ და თუ კი ოცნების ახდენის და მიზნების მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობა ჩვენი ბავშვური ბუნება, რწმენა და მოლოდინია, რატომაც არა?! დავრჩეთ ბუნებით ბავშვებად, აღარ მივცეთ უფლება „დიდობას“, რომ წაგვართვას ფერადი მომავალი, ის, რასაც ბავშვობაში ნათლად ვხედავთ და წარმოსახვაში, ჩვენს ფანტაზიებში ვხატავთ თეთრ ქათქათა ფურცლებზე! არ მივცეთ უფლება არავის დაგვიმსხვრიოს ჩვენი ნაშენები „ოცნების კოშკები“, არასოდეს შევწყვიტოთ ოცნებები და ვიბრძოლოთ ყოველ დღე, ყოველ წუთს, წამს მათთან მისასვლელად! 

„20 წლის შემდეგ თქვენ იმას უფრო ინანებთ, რაც არ გაგიკეთებიათ, ვიდრე იმას, რაც გააკეთეთ. ამიტომ ნუღარ ყოყმანობთ, მოცილდით უსაფრთხო ნაპირს. შეიმეცნეთ, იოცნებეთ, აღმოაჩინეთ!“

ნუ შეგაშინებთ სირთულეები, გარშემომყოფები, რომლებიც მუდმივად ეცდებიან უარი გათქმევინონ თქვენს ჩანაფიქრზე. ისინი მოინდომებენ „სხვა კუთხით დაგანახონ რეალობა“, არ დაიშუროთ ძალისხმევა და აქტიურად იმუშავეთ საკუთარ თავზე, აუცილებლად წამოდექით და განაგრძეთ გზა ნებისმიერი დაცემის შემდეგ, რადგან მხოლოდ დიდი წინააღმდეგობების დაძლევის შემდეგაა ტკბილი ბედნიერების ნაპირებთან მიახლოება. „თუ ცისარტყელაზე ოცნებობ, მზად იყავი წვიმაში მოსახვედრად!“

„წარმატებისათვის საჭიროა გჯეროდეს, რომ რასაც აკეთებ, ის არის სწორი და მნიშვნელოვანი, ამისთვის კი ღირს თავგანწირვა“ – ფრედ სმიტი, კომპანია ,,ფედექსის" დირექტორი.

| გააზიარე
მოგწონთ?