პოზიტიური რევოლუცია


პოზიტივის არსებობა ადამიანის ცხოვრებაში არაა უბრალოდ მოთხოვნილება, არამედ საჭიროებაა. ერთი შეხედვით ისეთივე საჭირო, როგორც წყალი, ჰაერი თუ საკვები. პოზიტივი არა მარტო არსებობის, არამედ ცხოვრების საშუალებას გვაძლევს. არჩევანი კი ჩვენზეა: დავრჩეთ ნაპირზე პესიმისტური განწყობით, ვიფიქროთ, რომ შეუძლებელია მეორე ნაპირზე გასვლა თუ შევიქმნათ ოპტიმისტური განწყობა, ხის ხიდი ოქროს ქვაფენილად დავინახოთ, გადავიდეთ მეორე ნაპირზე და ბედნიერად ვიცხოვროთ.

პოზიტივი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს  წარმატებაზე, მიღწევებზე, შესაძლებლობებზე. მისი საშუალებით შეგვიძლია თავი აღვიქვათ არა ისეთად, როგორიც დღეს ვართ, არამედ ისეთად როგორიც გვსურს ვიყოთ ხვალ.

პოზიტივი პატარა ნათელი სხივია, რომელსაც თუ თვალსაწიერიდან არ დაკარგავ, აუცილებლად გაანათებს ბნელ წყვდიადს. მთავარია, ამ სხივის რწმენა და სწორი აღქმა. აი,მაგალითად, ტირილი - ის  არავერბალური სიგნალია, რომელიც ძირითადად ნეგატივთან ასოცირდება,  თუმცა გვავიწყდება, რომ ადამიანის პირველი არავერბალური ქმედება დაბადებისთანავე სწორედ ტირილია. ეს ის ტირილია, რომელიც სიხარულთან, ბედნიერებასთან, ახალ სიცოცხლესთან და ყველაზე დიდ პოზიტივთან ასოცირდება. ჩვენზეა დამოკიდებული როგორ აღვიქვამთ სამყაროს.

პოზიტივი ერთგვარი დაავადებაა, ის გადამდებია და რაც უფრო მეტი ადამიანი დაავადდება მისით, მით უფრო მეტ ბედნიერ სახეს დავინახავთ ჩვენს ირგვლივ. იმ სახეებს, რომლთა დანახვაც გვინდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შეიქმენით პოზიტიური განწყობა, გაუზიარეთ იგი სხვებს. ძალიან მალე, როდესაც გარეთ გახვალთ: ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ სამსახურში თქვენ ვეღარ იპოვით მოწყენილ, სევდიან სახეს -  სწორედ ეს იქნება დიდი პოზიტიური რევოლუცია.
 

| გააზიარე
მოგწონთ?