როგორ მივიღოთ თამამი გადაწყვეტილება და წამოვიწყოთ საკუთარი საქმე


ადამიანები წლების მანძილზე მუშაობენ ერთსა და იმავე დაწესებულებასა თუ კომპანიებში, აქვთ საკმარისი ცოდნა და  გამოცდილება, არიან თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები, მაგრამ თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე უკავიათ ერთი და იგივე პოზიცია სამსახურში და ვერ მიიწევენ წინ, წარმატებისკენ. ამის გამო თავს ცუდად გრძნობენ, ეკარგებათ მოტივაცია და რადგან მონოტონურად აგრძელებენ მუშაობას, კარგავენ  კიდეც ცხოვრების ხალისს. რა თქმა უნდა თითოეულ მათგანს სურს ცხოვრების შეცვლა, მაგრამ ძნელია სტაბილურ სამსახურზე უარის თქმა, შესაბამისად უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ იქნებ სწორედ ახლა არის შესაფერისი დრო იმისათვის, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენო და წამოიწყო საკუთარი საქმე. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ გამოიყენოთ თქვენი ცოდნა მაქსიმალურად და მიაღწიოთ წარმატებას დამოუკიდებლად.

 

1. მიიღეთ გადაწყვეტილება

პირველ რიგში, ადამიანები ფიქრობენ, რომ თუ იმ სამსახურზე იტყვიან უარს, სადაც წლების მანძილზე მუშაობდნენ, უმუშევარი აღმოჩნდებიან და ეს მათ აშინებთ. მათ უკან დგას ოჯახი და მატერიალური სახსრების გარეშე თუ დარჩებიან ფიქრობენ, რომ არ იქნება გონივრული საქციელი. თუმცა, პირველ რიგში, აუცილებელია დავივიწყოთ შიში და გადავდგათ ნაბიჯები წინ, უკეთესობისკენ. ამისათვის  უნდა მიიღოთ  სწორი გადაწყვეტილება. აწონ - დაწონეთ რისკები. საჭიროა იყოთ გაბედული და იპოვოთ სამყაროში ადგილი, სადაც მაქსიმალურად შეძლებთ საკუთარი თავის რეალიზებას, გააკეთებთ თქვენს საყვარელ საქმეს, რომელიც მოგიტანთ კიდეც წარმატებას.

 

2. გქონდეთ დანაზოგი

კარგი იქნება, თუ გექნებათ დანაზოგი, რომელსაც მუშაობის პერიოდში შეძლებისდაგვარად დააგროვებთ და რომელიც თავის გატანაში დაგეხმარებათ მანამ, სანამ საკუთარ საქმეს წამოიწყებთ და მატერიალურად უზრუნველყოფილი გახდებით. 

 

3. თქვენ ვალდებული ხართ, აიხდინოთ ოცნებები!

ყოველთვის განსხვავებულ ცხოვრებაზე ოცნებობდით? გქონდათ მიზნები? ოცნებობდით გეკეთებინათ საქმე, რომელიც დიდ წარმატებას და ბედნიერებას მოგიტანდათ? გინდოდათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება? შესაბამისად თქვენს ოცნებებზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ უარი. ეს თქვენი ვალდებულებაა არა მარტო საკუთარი თავის, არამედ სამყაროს წინაშეც კი, რომელიც გამუდმებით გვაძლევს ნიშნებს, რომ ამოვიცნოთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები.

 

4. გქონდეთ გეგმა

უპირველეს ყოვლისა, სანამ მიიღებთ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას, აუცილებელია, კონკრეტულად იცოდეთ, თუ რისი კეთება გსურთ მას შემდეგ, რაც სამსახურს თავს დაანებებთ. შეადგინეთ გეგმა, რომლის მიხედვით იმოქმედებთ და წამოიწყებთ საკუთარ საქმეს. შესაძლებელია მცირე ბიზნესი წამოიწყოთ ან სხვა ნებისმიერ სფეროში დაკავდეთ. აუცილებელია ხელი მოჰკიდოთ იმ საქმეს, რომელშიც გაქვთ გამოცდილება და ცოდნა.

 

5. იყავით მიზანდასახული და შეუპოვარი

შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ ჩვენი რჩევები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ასეთი რთულია სამსახურის დაწყება და  შემდგომ  მისი შენარჩუნება, მაგრამ თუ  ის პირობები, რომელშიც გიწევთ მუშაობა გაუსაძლისია თქვენთვის და გრძნობთ, რომ გაქვთ მეტი პოტენციალი და გაცილებით მეტის მიღწევა შეგიძლიათ ცხოვრებაში, ვალდებული ხართ,  გარისკოთ, მოსინჯოთ ძალები და თუ იქნებით მიზანდასახული და შეუპოვარი, არ გაგიჭირდებათ წარმატების მიღწევა.

 

6. შეძლეს სხვებმა, შეძლებთ თქვენც

მიმოიხედეთ გარშემო. დააკვირდით როგორ  აკეთებენ წარმატებული ადამიანები საყვარელ საქმეს. გაიგეთ, რა ნაბიჯები გადადგეს, როდესაც იწყებდნენ ოცნებების ასრულებას. გარშემო ხომ უამრავი ადამიანია სხვადასხვა საქმიანობით დაკავებული. ზოგი ვაჭრობის სფეროშია ჩართული, ზოგს აქვს მცირე ბიზნესი. ასე რომ სცადეთ თქვენც! ვალდებული ხართ, ასე მოიქცეთ. თუ  შეძლეს სხვებმა, შეძლებთ თქვენც!
 

| გააზიარე
მოგწონთ?