სად მივყავართ სხვების აზრს?


ხშირად ვფიქრობთ რა გვანიჭებს ბედნიერებას ცხოვრებაში და რა არა. ერთ-ერთი უმთავრესი ბედნიერებისთვის კი არის არჩევანის თავისუფლება. არჩევანი, თუ რას და როგორ გააკეთებ. თითოეული ჩვენ მიერ არჩეული ნაბიჯი კი გვაკავშირებს თავისუფლებასთან. დიახ, ჩვენ მიერ არჩეული. მართალია, ცხოვრება დაბრკოლებებით არის სავსე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ყველაზე რთულ მათემატიკურ ფორმულასაც კი დიდი გონებრივი შრომის შემდეგ მარტივ ციფრებთან მივყავართ. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, ვერ გავექცევით ფაქტს, რომ სხვების აზრი ჩვენს დღევანდელობაზე დიდ გავლენას ახდენს. ნებით თუ უნებლიეთ, სხვათა დამოკიდებულებამ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე. 

ადამიანთა დამოკიდებულება ჩვენ მიმართ რამდენიმე კატეგორიად შეიძლება დავყოთ: სწავლება, რჩევა და მითითება. 

 

1. სწავლება 

გარკვეული ასაკიდან უკვე ვიწყებთ გარემოზე და ადამიანებზე დაკვირვებას, მოსმენას და სწორედ ამ დროს ვიღებთ ცხოვრების ყველაზე დიდ გამოცდილებას. ცხოვრების ყველა ეტაპზე ვსწავლობთ, ვითვალისწინებთ სხვათა განვლილ გზას, გამოცდილებას.

 

2. რჩევა

მეორე ეტაპზე უკვე ჩვენი სურვილით მივმართავთ სხვებს დახმარებისთვის, რათა გაგვიადვილდეს სხვათა აზრის გაზიარებით გადაწყვეტილების მიღება, ან შეიძლება სხვამ თავად გამოიჩინოს კეთილი ნება, შეგიმსუბუქოს ის საქმე, რომელიც რთულად გეჩვენება. 

 

3. მითითება 

ზოგჯერ კი ადამიანები უბრალოდ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული ქცევისკენ მიგვითითებენ. 

ალბათ, დამეთანხმებით, რომ კარგმა რჩევამ შეიძლება სრულიად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, მაგრამ როდესაც ადამიანები გვირჩევენ, ისინი გვიტოვებენ არჩევანის თავისუფლებას. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ადამიანს სასიცოცხლოდ სჭირდება სხვა ადამიანები და აუცილებელიც კია, რომ ვისწავლოთ მათგან, განვვითარდეთ და ჩვენც შევძლოთ მომავალში სხვათა ცხოვრება დადებითი კუთხით შევცვალოთ. აქვე უნდა გამოვყოთ "რჩევის" მეორე მხარე, რომელიც ასევე, ნებით თუ უნებლიეთ, უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე.

ზოგჯერ ადამიანები კარგავენ იმედს, ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, უჭირთ მოტივაციის შექმნა, რადგან ზოგჯერ არათუ გვირჩევენ, არამედ მიგვითითებენ თუ რა უნდა გავაკეთოთ. ამ დროს კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მედალს ორი მხარე აქვს. სხვათა უნდობლობამ შეიძლება გაგვაძლიეროს, უიმედობამ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცეს. ნუ დაგვავიწყდება! პასუხისმგებელნი პირველ რიგში საკუთარ თავთან ვართ და არა სხვების წინაშე. საკუთარი თავის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა კი გულისხმობს საკუთარ ქმედებებზე, ფიქრებზე, სიტყვებზე, ურთიერთობებზე პასუხისგებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გზა არსებობს, ყველა გზას შინ არ მივყავართ. ასევეა ჩვენი გზა ბედნიერებისკენ, წარმატებისკენ. შენ შეიძლება სხვებისგან ისწავლო, გაითავისო და მიიღო რჩევები,  თუმცა შენს გზას წარმატებისკენ შენვე ქმნი. ხოლო სხვისი ბედნიერების გზა ვერასდროს მიგიყვანს დანიშნულების ადგილამდე. 

არ არსებობს პატარა და დიდი ნაბიჯები, ისინი ერთნაირად გეხმარებიან მყარი საძირკველის შექმნაში. ამიტომ ნაბიჯი, რომელიც დღეს სხვისთვის მიუღებელი, წარუმატებელი და უადგილოა, ხვალ სხვისთვის შეიძლება მოტივაციის მიზეზი გახდეს. შენ ხარ შენ! შენი მიზნებით, ოცნებებით, შეხედულებებითა და შესაძლებლობებით.

| გააზიარე
მოგწონთ?