როგორ გვეხმარება მარცხი წარმატების მიღწევაში?


1954 წელს, ‘’Grand Ole Opry’’- ის მენეჯერმა, ჯიმი დენიმ, პირველი გამოსვლის დღეს მას განუცხადა: „შენ მუსიკის აზრზე არ ხარ, შვილო! გირჩევნია უკან დაბრუბდე და შენი სატვირთოს საჭეს მიუჯდე“... ამ ახალგაზრდა მუსიკოსს ერქვა - Elvis Presley

1944 წელს ერთ-ერთი ცნობილი სამოდელო სააგენტოს დირექტორმა, Emmelain Snivly-მ, უარით გაისტუმრა ახალგაზრდა გოგონა: - „წადი გოგონი, დროს ტყუილად ნუ დაკარგავ მოდელობაზე ოცნებაში, გირჩევნია, სადმე მდივნად იმუშაო ან უბრალოდ, გათხოვდე“…გოგონას ერქვა ნორმა ჯინ ბეიკერი, რომელიც მოგვიანებით მსოფლიომ Marilyn Monroe-ს სახელით გაიცნო.

მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ჩესტერ კარლსონმა თავისი გამოგონება შესთავაზა 20 უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას და ყველასგან მიიღო უარი. - „რა სისულელეა, ვის რაში სჭირდება“… - ეუბნებოდნენ მას. შვიდწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ მისი გამოგონებით დაინტერესდა ერთი პატარა ფირმა - „ჰელოიდ კომპანი“, რომელიც კარლსონის გამოგონების წყალობით, ცოტა ხანში იქცა უზარმაზარ კორპორაციად, სახელწოდებით - „XEROX”.

ყველა ადამიანს სურს მიაღწიოს წარმატებას და იყოს პირველი თავის საქმეში, თუმცა ძალიან ცოტა თუ იბრძვის ამისთვის. თუ გადავხედავთ წარმატებული ადამიანების ცხოვრებას, ვნახავთ, რომ მათ ბევრჯერ განიცადეს მარცხი, მაგრამ არ შეუშინდნენ ამ მარცხს და მაინც მიაღწიეს სასურველ მიზანს. 

ყველას გვსმენია გამონათქვამი: ,,ცდა ბედის მონახევრეა’’ და ვეთანხმებით, თუმცა მრავალჯერადი ცდა, რომ წარმატების აუცილებელი პირობაა, ეს ძალიან ცოტამ თუ იცის. რატომღაც, ადამიანების უმრავლესობას ჰგონია, რომ ყველა წარმატებული ადამიანის უკან, მხოლოდ უზრუნველი ცხოვრებაა, სინამდვილეში კი მათ ძალიან ბევრი დაბრკოლების და მარცხის გადალახვა მოუწიათ, სანამ მწვერვალზე ავიდოდნენ. გახსოვდეთ, ყველაზე წარმატებული ადამიანები არიან ისინი, ვისაც აქვთ ყველაზე მეტი წარუმატებლობა.

მრავალჯერადი მცდელობა გვმატებს გამოცდილებას და ყოველი ცდის შემდეგ იმატებს ალბათობა წარმატების მიღწევისა. ამას ფსიქოლოგიაც გვიმოწმებს. არსებობს სწავლის მეთოდი, რომელსაც „ცდისა და შეცდომის მეთოდი“ ეწოდება. მაგალითად, მშიერ ცხოველს საჭმლის მოსაპოვებლად უქმნიან გართულებულ სიტუაციას, სანამ ცხოველი საჭმელს დაეუფლება, უნდა გაიკვლიოს გზა ძნელად მისაღწევ პირობებში. ცხოველი იწყებს  სვლას საჭმლისკენ, მრავალ მცდარ მოძრაობათა შორის ერთი-ერთი გამოერევა „შედეგიანი“ ე.ი. მიზანმიმართული მოძრაობა, რომლის შედეგად ცხოველი მიწვდება საჭმელს. ამის შემდეგ სულ უფრო ხშირად სრულდება ეს შედეგიანი მოქმედება და მცდარ მოძრაობათა რაოდენობა  პროგრესულად იკლებს. ბოლოს დადგება მომენტი, როდესაც ცხოველი არ იმეორებს არც ერთ მცდარ მოძრაობას და თავიდანვე, პირველივე მოძრაობით აღწევს მიზანს - ე.ი. მან „ისწავლა“ ამოცანის სწორად გადაჭრის ხერხი.  ეს ექსპერიმენტი ეხება ცხოველს, რომელმაც მხოლოდ თავისი ინსტიქტებით მიაღწია სასურველ მიზანს მაშინ, როცა რიგი ადამიანებისა ყრის ფარ-ხმალს პირველი მცდელობისას.  

ყოველი ახალი მცდელობა არა მარტო მექანიკურად დაგაახლოვებთ მიზანთან, არამედ შეგძენთ გამოცდილებას და სულ უფრო მეტ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ, ყოველი შემდგომი მცდელობა გაცილებით წარმატებული იყოს. გახსოვდეთ, წარმატება მოდის ბევრი მცდელობის, მარცხის და წარუმატებლობის შემდეგ. 

და ბოლოს, წარმატებაზე საუბრისას, გავიხსენოთ ნაპოლეონ ჰილის სიტყვები: „რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი. ძალიან ბევრი, თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს სხვები გადადგამენ!” 

 

| გააზიარე
მოგწონთ?