ბედნიერება


ალბათ რთულად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ბედნიერებას არ ესწრაფვის. ბედნიერება ხომ სულიერი და ემოციური მდგომარეობაა, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს ადამიანში. ბენიერების მიზეზი ყველასთვის სხვადასხვაა. თუმცა შეგვიძლია, მიზეზები განვაზოგადოთ. ეს არის უზრუნველი, უპრობლემო ცხოვრება.

ბედნიერების აუცილებელი კომპონენტის გასააზრებლად ვნახოთ, რას გვეუბნება მარკ მენსონი ბედნიერების მიღწევის პარადოქსებზე საუბრისას: ,,შეიძლება, ნერწყვი მოგდით მარადიული ბედნიერებითა და თანაგრძნობით აღსავსე უზრუნველი ცხოვრებს წარმოდგენაზე, მაგრამ აქ, დედამიწაზე, პრობლემა ყოველთვის ულევია. პრობლემები ბოლომდე არასოდეს ქრება. ისინი შეიძლება, მხოლოდ დაიხვეწოს. ცხოვრება პრობლემების უწყვეტი წყებაა, ერთი პრობლემის გადაჭრა მხოლოდ და მხოლოდ ახალი პრობლემის შექმნაა და სხვა არაფერი. უპრობლემო ცხოვრებაზე არც იოცნებო, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, იოცნებე კარგი პრობლემებით აღსავსე ცხოვრებაზე. ბედნიერება მუდმივი შრომაა, რადგან მუდმივი შრომაა პრობლემების მოგვარება. დღევანდელ პრობლემებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ხვალინდელი პრობლემების ფუნდამენტს წარმოადგენს.“ მსგავსი მიდგომა აქვს ნაპოლეონ ჰილსაც, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერება შრომაშია და არა ფლობაში.

დიახ, პროცესით ტკბობაა ბედნიერება, პროცესით, რომელიც შრომაში ვლინდება და რომელიც პრობლემების გაუმჯობესებაში გვეხმარება.

შესაბამისად, ბედნიერებას არ უნდა ველოდოთ, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ბედნიერნი ვიქნებით ხვალ, ზეგ ან მაზეგ, როცა რამეს მივაღწევთ. უნდა ვეცადოთ, ყოველდღე დავტკბეთ ჩვენი საქმიანობით და ვიყოთ კმაყოფილნი მიზნის მიღწევის გზაზე. ყოველი შედეგის შემდეგ კი ახალი მიზნები დავისახოთ და ბედნიერებმა ვიაროთ ცხოვრების გზაზე.

| გააზიარე
მოგწონთ?