რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნები?!


იყო პერიოდი როცა კითხვა საერთოდ არ მიყვარდა. ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა წამეკითხა ვიღაცის თავგადასავალი, როცა შემეძლო მთელი დღე უდარდელად მეთამაშა და თავი არ დამეტანჯა მომაბეზრებელი წიგნებით. 

როცა გავიზარდე ერთ-ერთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც დავმარცხდი. გულნატკენი დავბრუნდი სახლში და ვერ ვხვდებოდი რატომ წავაგე მე და მოიგო სხვამ?! ამ კითხვაზე დედამ უკმეხად მიპასუხა-იმიტომ რომ ის კითხულობს შენ კი არა-ო. გავბრაზდი საკუთარ თავზე და გადავწყვიტე კითხვა დამეწყო. თავიდან, რა თქმა უნდა, რთული იყო, ისევ თამაშისკენ მიწევდა გული, მაგრამ მერე წიგნები და კითხვა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

შემდეგ იყო არაერთი სასკოლო ოლიმპიადა, უნივერსიტეტის გამოცდები, სამსახურის გამოცდები და მე ყველა ამ კონკურსს წარმატებით ვართმევდი თავს, არადა არაფერი შეცვლილა მე ისევ მე ვარ. უბრალოდ ვკითხულობ წიგნებს, ვარ მეტად ინფორმირებული, ვმუშაობ საკუთარ თავზე და ვაღწევ წარმატებას. დიახ, წიგნები უნდა წავიკითხოთ იმიტომ, რომ გვქონდეს მეტი ინფორმაცია, წიგნები უნდა წავიკითხოთ იმიტომ, რომ ვიყოთ წარმატებულები. უფრო უკეთ, დამაჯერებლად ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე და გავიფართოვოთ თვალსაწიერი.

წიგნები გარდა იმისა, რომ არის წარმატების და პროგრესის წყარო, ასევე არის საუკეთესო საშუალება მოვწყდეთ ყოველდღიურობას, დავივიწყოთ პრობლემები და ცხოვრება უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი გავხადოთ. მოკლედ, წიგნი არის ინსპირაციის, ამაღლებულ განწყობაზე ყოფნის საუკეთესო გზა. ვისაც ყოველივე ამის არ გჯერათ, შეგიძლიათ თავას სცადოთ, წაიკითხოთ წიგნები და მიხვდეთ, რომ კითხვა არის საუკეთესო, სასარგებლო, საინტერესო თავგადასავალი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაგხდეთ თავს, რომ მერე თქვენივე პირადი მრავალფეროვანი და ლამაზი ისტორია შექმნათ. 

 

| გააზიარე
მოგწონთ?