გაზომე და იმოქმედე


ჩვეული მდგომარეობა - მეზარება.

ეს ყველაზე ხშირად დაუფლებული შეგრძნებაა და ვაღიაროთ, რომ ასევე ხშირად მოსმენილიც. სიზარმაცის დასაძლევად არსებობს მხოლოდ ერთი გზა. გთავაზობთ ჩემ პირად დაკვირვებას,  სტატიის წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ ემპირიულად შეამოწმოთ.

ეს ფანტასტიური გზა ფიზიკის კანონებს ეყრდნობა, მოტივაციის ჩემეულ თეორიად კი სიზარმაცის ერთ-ერთი მორიგი შემოტევისას ვაქციე.

როცა ვიწყებთ ფიქრს მოტივაციის შექმნის ან ზრდის საჭიროებაზე, იგულისხმება, რომ არსებობს მოტივი, რომელსაც კონკრეტული ადამიანის მოქმედებაში აქამდე გამოვლენილზე მეტი ძალისხმევა სჭირდება. მოტივაცია პიროვნების სურვილების გამოყენებით რეაქციის გამოწვევაა.

არსებობს ძალის მოქმედების ვექტორი - სხეულზე სხვადასხვა სიდიდისა და მიმართულების ძალა ერთდროულად როცა მოქმედებს, ჯამურად ეს სხეული ცალკეული ძალის სიდიდეებისგან განსხვავებულ ზემოქმედებას განიცდის.

მოკლედ მე ვარ ეს სხეული, რომელიც დროსა და სივრცეში წინ და მაღლა მყავს ასაყვანი. ჩემდა გასახარად ამ ჩემს მშვენიერ თავზე სიზარმაცის გარდა სხვა ძალებიც მოქმედებს (ან შეუძლია მოქმედებდეს). ამ ყველა პოტენციალს ჩემი სურვილები ატარებს.

ფიზიკის კანონების მიხედვით წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, როცა ჩემი სურვილების ჯამი გადააჭარბებს სიზარმაცეს. სამწუხაროდ სურვილების ჯამი ვექტორებად იკრიბება.

გადავდგათ სამი ნაბიჯი:

  1. ვიპოვოთ ჩვენი სურვილები

დასაწყისისთვის აუცილებელი პირობაა ამაზე დაფიქრება მაინც არ დაგვეზაროს. უნდა ვიპოვოთ ყველაზე პატარა სურვილებიც კი, რომლებიც სიზარმაცეს უპირისპირდება. ყველა ამ სურვილს ყველგან და ყოველთვის ვერ გამოვიყენებთ, ამიტომ სურვილების ნაკრების, იგივე კალათების გაკეთება სჯობს. მაგალითად სურვილები, რომელებიც სამუშაო დღეებში გამოყენებადია, უქმეების, მეცადინეობის, არასასურველი შეხვედრების, გამოცდების და სხვა.

  1. შევკრიბოთ ვექტორები

კალათების ჯამი სიზარმაცეზე მეტი უნდა იყოს. რაც მეტია, მით უკეთესი.

  1.  ვიმოქმედოთ

სიზარმაცის დამძლევი სურვილების კალათით თამამად გავიღვიძოთ და ვიმოქმედოთ. წინ და ზევით  საიმედოდ ვივლით. დასაწყისისთვის სიზარმაცე შეუმჩნეველი გახდება, შემდგომში კი სულ უფრო დიდი მანძილით ჩამოვიტოვებთ მის გავლენას. წინ და მაღლა რომ ვიქნებით, შემდგომ ბევრი საინტერესო რჩევა გვექნება ჩამორჩენილი ზარმაცებისთვის მოსაყოლი.

ჩემი აზრით, დაქვეითებული მოტივაციის მიზეზი ყველაზე ხშირად საკუთარი ძალების რწმენის ნაკლებობაა. ამ პრობლემის რაციონალურად მოგვარება მირჩევნია. უბრალოდ სცადეთ, გამოთვალეთ და დარწმუნდით, რომ თქვენი სურვილების ძალა საკმარისია მოქმედების რეაქციისათვის და სამიზნეები მიღწევადია. უბრალოდ გაზომეთ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?