შეხედეთ ცხოვრებას სხვა თვალით, ამაში შემდეგი 6 ფილმი დაგეხმარებათ


არსებობს ფილმები, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ მწუხარებაც შეიძლება იქცეს ცხოვრების მთავარ მოტივატორად და გაგვიხსნას „მეორე სუნთქვა“. ამ დროს მეტად აფასებ სიხარულს  და იწყებ იმ ნაბიჯების გადადგმას, აქამდე რომ ვერ ბედავდი.                                  

უფრო მეტს ამჩნევ და მეტად აფასებ დროს, ადამიანებს, შენსა თუ სხვის საქმეს და იწყებ სავსე ცხოვრებით ცხოვრებას, რაც აქამდე მხოლოდ ოცნება იყო. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დრო დაგრჩა, არც იმას, რა იყო წარსულში და არღვევ თუ არა გარკვეულ სტერეოტიპებს შენი თავისუფლებით. მთავარია, რომ იწყებ იმ რაღაც ახალს, რასაც ჭეშმარიტი ცხოვრება ჰქვია.

 

1. კაკუნი სამოთხის კარზე (1997წ)



 

„ზეცაში მხოლოდ ზღვაზე და მზის ჩასვლაზე ლაპარაკობენ. კარგია, როცა ცეცხლოვან ბურთს უყურებ, როდესაც წყალში ეშვება და მისი შუქი სადღაც სიღრმეში იძირება.“

სიცოცხლის დრო იწურება ორი სიმსივნიანი ადამიანისთვის, მაგრამ ესაა ბიძგი, რომ აიხდინონ ყველა ოცნება, რომელსაც ფურცელზე წერენ. ისინი კლინიკიდან გარბიან და მიდიან ზღვაზე, რადგან ის ერთ-ერთს არასდროს უნახავს. ეს არის საოცრად თავზეხელაღებული და ადრენალინით სავსე მოგზაურობა, ამბავი, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის.


2. დადასტურება (2016წ)

8 წლის ბიჭის და მამის ამბავი, რომელიც ცოლს გაშორებულია და ბევრს სვამს. არდადეგებზე ნახულობს შვილს და არ იცის, როგორ გაატაროს ბავშვთან დრო, თუმცა ბავშვი, რომელიც ჭკვიანი და მოხერხებულია, თავად კარნახობს სამოქმედო გეგმას და ცდილობს მამას დაეხმაროს პრობლემების მოგვარებაში. დედა, რომელიც სხვა კაცზე ქორწინდება აიძულებს ტაძარში სიარულს და აღსარების თქმას, ბავშვი კი ვერ ხვდება ამ ყველაფრის არსს და საჭიროებას. მამა, თავის მხრივ, უხსნის და არწმუნებს, რომ დედას ხათრით გააკეთოს ეს მანამ, სანამ შეეძლება თავად წარმართოს ცხოვრება. საბოლოოდ, მათ შესანიშნავი არდადეგები გამოუვათ.


3. ეკიპაჟი (2016წ)



 

„წუწუნის მაგივრად მოქმედება რატომ არ შეგიძლია? შენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია, საყვარელი საქმე თუ ეგო?“

ახალგაზრდა, მეამბოხე პილოტი ყველა სამსახურს კარგავს თავისი დაუმორჩილებელი ხასიათის გამო. უკანასკნელ სამსახურში კი ეჭვის თვალით უყურებენ.     

მისი მეამბოხე ხასიათი გადაარჩენს ათობით ადამიანს. ისინი მიწისძვრასა და ხანძარს ებრძვიან მაღაროს ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავის ასაფრენი ბილიკიც კი აღარ რჩება. სტაჟიორი პილოტი მაინც რისკავს და იმარჯვებს. ანგრევს იმ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც ზედმიწევნით უნდა მიჰყვეს ინსტრუქციებს. იქცევა ისე, როგორც არსებული სიტუაცია მოითხოვს და მთავარი პილოტიც კი, რომელიც ეჭვის თვალით უყურებდა, საბოლოოდ მას ბაძავს ქცევაში.

 

4. კუნძული(2006წ)

„თქვენი რისხვით მზე არ ამოვა.“
„მე შენზე არც ვბრაზდები ძმაო, პირიქით, მადლობელი ვარ, რომ გამათავისუფლე ზედმეტისგან. მე მართლა მიჯაჭვული ვიყავი მაგ ნივთებზე, შენ კი გამათავისუფლე.“

ანატოლი გადარჩენისთვის ღალატზე მიდის, როდესაც გერმანული გემი დაესხმებათ თავს და მას არჩევანის წინაშე აყენებენ, ესროლოს მეგობარს, ან თავად მოკვდეს. ის გაწირავს მეგობარს და ეს ამბავი მთელი ცხოვრების სინანულად ექცევა. ამის შემდეგ იმავე კუნძულზე სინანულით ცხოვრობს, მკურნალი ხდება და წინასწარ იცის მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ.

ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი ფილმია, თითქოს საკუთარ სულში გახედებს და ხვდები, რომ უპატიებელი არაფერია, თუ გულით ინანიებ.


5. მისტერ ჩერჩი (2016წ)

„ჩემი პირადი დრო ჩემი საქმეა, პატივი ეცი მას.“
„წიგნი თავიდან ბოლომდე უნდა წაიკითხო, მაგრამ მისი გაგება ბოლოდან უნდა დაიწყო.“

დედა-შვილთან შავკანიანი მზარეული იწყებს მუშაობას. დედას სიმსივნე აქვს და მზარეული მანამ უნდა იყოს იქ, სანამ დედა ცოცხალია - ასეთია შეთანხმება.

მისტერ ჩერჩს საჭმლის გაკეთება ხელოვნების დონეზე აქვს აყვანილი, ის სულით ესთეტია და ყველაფერს საოცარი გულმოდგინებით ეკიდება, მაგრამ დედა-შვილმა არ იცის მისი ცხოვრების სტილი. მისტერ ჩერჩი საოცრად უდგება ბავშვის უარყოფით დამოკიდებულებას და ფრთხილად ცდილობს მასთან დამეგობრებას, თამაშ-თამაშით აყვარებს წიგნებს, მუსიკას, კერძების მომზადებას. იგი მას გადაატანინებს დედის დაღუპვას და შვილის აღზრდაშიც ეხმარება.

ამ ფილმში ადამიანური ურთიერთობების ზეიმია და კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ ვიზუალური ეფექტების და სოციალური სტატუსების მიღმა, არის ჭეშმარიტი სული და ურთიერთობები, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება.

 

6. შეპყრობილი (2014წ)

„სინამდვილეში, ხალხმა ვერ გამიგო, თუ რას ვაკეთებდი... მე იქ იმისთვის ვიყავი, რომ ადამიანები მეიძულებინა იმაზე მეტი გაეკეთებინათ, ვიდრე მათგან ელოდნენ. მჯერა, რომ ეს აბსოლუტური აუცილებლობაა, სხვანაირად ჩვენ სამყაროს შეიძლება კიდევ ერთ გენიოსს ვართმევდეთ“

ამბავი ახალგაზრდა დრამერზე, რომელიც საქმისადმი ფანატიკურ დამოკიდებულებას გვაჩვენებს, ეს არის ის, რომ ბოლომდე იხარჯები სულიერად და ფიზიკურად, ოფლით და სისხლით იკვალავ მიზნამდე მიმავალ გზას. ბიჭს ძალიან მკაცრი პედაგოგი ჰყავს, რომელიც არ ზოგავს ახალგაზრდებს, არ პატიობს პატარა გადაცდენასაც კი იმ რწმენით, რომ ისინი ჭეშმარიტი მუსიკოსები გახდებიან.

 

| გააზიარე
მოგწონთ?