როგორ გავუმკლავდეთ ნეგატიურ ადამიანებს?


ზოგადად სამყარო ნეიტრალურად არის მოწყობილი, მასში არც ნეგატივი სჭარბობს პოზიტივს და არც პირიქით. თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული, ამ ორიდან რომელს აირჩევთ. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ თქვენი თავი ნეგატივისა და პოზიტივის გასაყარზე „შვედურ მაგიდას“ ჰგავს, სუფრიდან რასაც გინდათ, იმას გადაიღებთ, სასარგებლო საკვებს (პოზიტივს), ან ნაკლებად სასარგებლოს (ნეგატივს).

ხშირი უარყოფითი ინფორმაციის მოსმენით/მიღებით იტვირთება ადამიანის გონება და მასში ილექება ნეგატივი. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ბევრ უარყოფით ინფორმაციას იღებენ დღის განმავლობაში, გამოირჩევიან პესიმისტური დამოკიდებულებით ყველას და ყველაფრის მიმართ, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები გიქმნიან პრობლემებს ცხოვრებაში და მათი საქციელი თუ დამოკიდებულება აისახება თქვენს განწყობაზეც.

გადახედეთ თქვენს სანაცნობო წრეს, ალბათ ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება ასეთი. შესაბამისად, აუცილებელია, წარმატებით გაუმკლავდეთ მისგან წამოსულ ნეგატივს. როგორ გააკეთოთ ეს?

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

•თუ თანამოსაუბრე ცუდ ხასიათზეა და უარყოფით სიახლეებზე გესაუბრებათ, ამ დროს თქვენ უნდა ეცადოთ, რომ იგი პოზიტივზე „გადართოთ“ და კარგ განწყობაზე დააყენოთ. გაიხსენეთ სასიამოვნო სიახლეები ან უბრალოდ რჩევა მიეცით, მაგალითად უთხარით, ამ ამინდში კარგია სეირნობა/სახლში წიგნის წაკითხვა ან ფილმის ყურება, მეგობრის ნახვა და ა.შ. კონკრეტული რჩევა/დადებითი ინფორმაციის მოსმენა მას შედარებით კარგ განწყობაზე დააყენებს.

•საუბრის დროს მოიშველიეთ ზომიერი და ხარისხიანი იუმორი, საჭირო დროს ხუმრობა აუცილებლად გააღიმებს/გააცინებს თანამოსაუბრეს. დამეთანხმებით, რომ კარგი იუმორის მოსმენა ყველას სიამოვნებს.

•როდესაც ამჩნევთ, რომ რჩევას აზრი არ აქვს, მაშინ უმჯობესია მოუსმინოთ და თანაუგრძნოთ მას. გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად დამშვიდდება იგი. ამ დროს ეცადეთ გაიხსენოთ რაიმე შემთხვევა, როდესაც თქვენც ანალოგიურ სიტუაციაში იყავით და დაანახეთ გამოსავალი. 

•ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ღიმილსა და ხელებით ემოციის გადაცემას. ღიმილი თქვენი სავიზიტო ბარათია, ის გადამდებია, თანაც პოზიტიური განწყობის საწინდარია. საუბრის დროს ზომიერად დაამყარეთ ხელებით კონტაქტი.

•ეცადეთ  იყოთ მშვიდი, გაწონასწორებული მოსაუბრე. ამ დროს თქვენი შინაგანი განწყობა აუცილებლად გადავა თქვენთან მოსაუბრეზე.

•თუ მაინც ხედავთ, რომ არაფერი გამოგდით, ვერ უმკლავდებით ნეგატიურ პიროვნებას, მაშინ უბრალოდ აუხსენით მას, რომ თქვენი აზრები  არ ემთხვევა ერთმანეთს  და მშვიდობიანად დაშორდით. თუ ის საღად მოაზროვნე ადამიანია, აუცილებლად დაფიქრდება ამაზე.

მაშ ასე, გახსოვდეთ, რომ ნეგატივსა და პოზიტივს შორის ერთი ნაბიჯია. ეს არ არის დაუმარცხებელი „სენი“. თქვენი დამოკიდებულებით და კონკრეტული ქმედებით შეგიძლიათ არა მხოლოდ გაუმკლავდეთ ნეგატიურ ადამიანებს, არამედ დაეხმაროთ მათ, რომ შეცვალონ დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. 

 

| გააზიარე
მოგწონთ?