მე ვცხოვრობ, მაშასადამე, მე ვწყვეტ


ნებისმიერი  ადამიანი  ცხოვრებაში  ირჩევს  საკუთარ  გზას. ხშირად   ადამიანები  მიღწეულ  ამა თუ იმ  წინსვლას  ხან  ბედისწერას  მიაწერენ,  ხან  - ბედნიერ ვარსკვლავზე  დაბადებას,  ზოგჯერ კი - შემთხვევითობას.  ის,  ვინც  გარკვეული  გარემოებების  გამო ვერ მიაღწია დასახულ მიზანს, მით უმეტეს,  თუ რამდენჯერმე განმეორდა ეს,   ხელს იქნევს და  ემორჩილება  ბედის უკუღმართობას.  სინამდვილეში ნებისმიერი  საქმის  განხორციელების  წინაპირობა ეფექტური გეგმის  დასახვაა.   

  რას ნიშნავს ეფექტური მიზანი?

  ეფექტურ მიზანს 3  მახასიათებელი  აქვს:

  1. უნდა იყოს კონკრეტული;
  2. მოკლევადიანი;
  3. ზომიერად  რთული.

პირველ რიგში  მნიშვნელოვანია,  ჩვენი მიზნის არსი  დავაკონკრეტოთ.  ასეთ  შემთხვევაში უფრო მეტად გაგვიმარტივდება მისი მიღწევა.  მაგალითად,  თუ ადამიანის მიზანია,  რომ  იყოს წარმატებული, მან უნდა განსაზღვროს, რას გულისხმობს წარმატებაში, რადგან წარმატება საკმაოდ ზოგადი ცნებაა. ზოგი შესაძლოა, კარიერულ წინსვლას გულისხმობდეს,  ზოგი - პერსპექტიული  სამსახურის  პოვნას და  ა.შ.  თუ ჩვენ არ დავაკონკრეტებთ მას,  გაგვიჭირდება უკვე მიღწეული შედეგის წარმატებად აღქმა.  

მეორე  მნიშვნელოვანი  ფაქტორი  დროის  განსაზღვრაა.  თუ დავისახავთ  გრძელვადიან, შორეულ მიზნებს, მისი მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება. ნებისმიერი ჩვენი  ქცევის მამოძრავებელი ძალა მოტივაციაა,  რომელიც  გზადაგზა  სხვადასხვა  ფაქტორით განმტკიცდება, იმატებს  ძალას  და  გვიბიძგებს  მომავალი  ნაბიჯის  გადადგმისკენ. რაც  უფრო შორეულია მიზანი, მით უფრო გაგვიჭირდება მოტივაციის შენარჩუნება.  

კონკრეტული, მოკლევადიანი მიზნის დასახვის შემდეგ აუცილებელია, სწორად განვსაზღვროთ პიროვნული შესაძლებლობები, გარემო პირობები და მათი ერთმანეთთან თავსებადობა, რათა არ დავისახოთ ისეთი რამ, რისი მიღწევაც შეუძლებელი იქნება. საკუთარი თავის შეცნობა, ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინება და ამის საფუძველზე გააზრება იმისა, რომ არაფერია მიუღწეველი, ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. თავდაჯერებულობა და თვითრწმენა წარმატების გარანტიაა. ,,თუ შეგიძლია იოცნებო, ესე იგი შეგიძლია გააკეთო კიდეც’’ (უოლტ დისნეი).   ასევე, გასათვალისწინებელია ისიც,   რამდენად თავსებადია ჩვენი მიზანი რეალობასთან.  თუ რეალურ შესაძლებლობას მოკლებულია, არანაირი მოტივაცია არ შეუწყობს ხელს მის განხორციელებას, რამდენადაც თავიდანვე არარეალისტური მიზანია დასახული. 

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ იმაზე ფიქრი, რომ მრავალჯერ  ვცადეთ და არ გამოგვივიდა; რომ  არ ვართ ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულნი. ასეთი  განწყობა  წინასწარვე დამარცხებისთვის არის განწირული. ჩვენი განწყობა და ემოციური თუ ფიზიკური მზაობა უდიდეს როლს თამაშობს ნებისმიერ საქმიანობაში. ჩვენს მომავალზე თავადვე ვართ პასუხისმგებელი.  

მე ვცხოვრობ, მაშასადამე,  მე ვწყვეტ!

| გააზიარე
მოგწონთ?