ქარიზმა - ფენომენი, რომელსაც აღმოჩენა სჭირდება


იგი შეუმჩნეველია, თუმცა ყველას ამახსოვრდება, არ მლიქვნელობს, მაგრამ აღაფრთოვანებს, ის ნდობას იწვევს და საუკეთესო შთაბეჭდილებას ახდენს... სწორედ ამ ამოუცნობი ფენომენის, ქარიზმის ძალით ადამიანს ძალუძს უდიდეს წარმატებას მიაღწიოს. ეს სულიერი თვისება, თუ ღვთაებრივი ნიჭი თქვენშია, უბრალოდ საჭიროა გაერკვეთ და იმუშაოთ საკუთარ თავზე, ამაში კი ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ.

 

1. გახდით თავდაჯერებულები

საკუთარი თავის რწმენა და ქარიზმატულობა არ არის იდენტური ცნებები. სწორედ დავდაჯერებულობაა აუცილებელი თვისება ამ უკანასკნელისთვის, რადგან საკუთარ სისწორესა და შესაძლებლობებში სხვისი დარწმუნება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც თვითონ სჯერა თავისი თავის. თავდაჯერებული ადამიანი პოზიტიურად აზროვნებს, გამოიმუშავებს საკუთარ ხედვასა და დამოუკიდებელ აზრს სხვადასხვა საკითხზე, არ ეშინია გამოწვევებისა და სიახლეების, პროფესიულად ვითარდება და მისი შესაძლებლობები პასუხობს ამბიციებს, ის  გამართულად მეტყველებს და ყურადღებას აქცევს საკუთარ იმიჯს. 

 

2. გამოხატეთ ქარიზმა სხეულის ენის მეშვეობით

ადამიანის შინაგან განცდებს, ემოციებსა და გრძნობებს სხეული პასუხობს. მათმა არასწორმა გამოხატვამ შეიძლება სხვისთვის მორცხვი და გაუბედავი გაგხადოთ, ამიტომ საჭიროა საკუთარ თავს დააკვირდეთ და აკონტროლოთ იგი. არავითარი მოხრილობა, ჩაკეტილი პოზები, მზერის არიდება, მოწყენილობა ან აგრესიულობა, არამედ მხოლოდ სწორი, გამართული სიარული, ცოცხალი ჟესტიკულაცია და მიმიკა, ვიზუალური კონტაქტი და კეთილგანწყობა. 


3. აგრძნობინეთ თქვენს მოსაუბრეს, რომ იგი განსაკუთრებულია

ქარიზმატული პიროვნება ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას ფლობს, რაც ვლინდება კონტაქტის დამყარებაში, სხვადასხვა თემაზე საუბრისთვის მზადყოფნაში, საპირისპირო პოზიციისადმი პატივისცემასა და დაინტერესებულობის გამოხატვაში. არ შეაწყვეტინოთ სხვას, დაიმახსოვრეთ სახელები და იყავით გახსნილები და გულახდილები ურთიერთობაში. 

 

4. მოხიბლეთ ყველა იუმორის გრძნობით

ქარიზმატული ადამიანი სხვებს კომფორტულსა და სასიამოვნო გარემოს უქმნის, ის მათ ართობს, ხუმრობს და ეს ყველაფერი გამოსდის  მსუბუქად, ბუნებრივად და კორექტულად. მას არ ეთაკილება საკუთარ თავზე ხუმრობა, ის არავის დასცინის, პირიქით, ქარიზმატულმა ადამიანმა უნდა შეძლოს სხვადასხვა იუმორის მქონე  ადამიანთან ურთიერთობა, სადაც გაითვალისწინებს მათ დამოკიდებულებას ამა თუ იმ თემისადმი.

 

იყო ქარიზმატული არ ნიშნავს უნივერსალურობას, რადგან იდეალური ადამიანები მხოლოდ წარმოსახვაში არსებობენ, აქედან გამომდინარე, ნუ ეცდებით მოერგოთ სხვების მოთხოვნებს, ეს სიყალბე თქვენში შინაგან კონფლიქტს გამოიწვევს, ქარიზმატულობა კი ყოველთვის ბუნებრივობას ნიშნავს, ამიტომ იყავით ის, ვინც ხართ.

 


bealpha.com

| გააზიარე
მოგწონთ?