„შენ ცხოვრებას ახლა იწყებ?!“


ალბათ ხშირად გაგიგონიათ უფროსების მიერ ახალგაზრდებისკენ მიმართული ფრაზა - „შენ ცხოვრებას ახლა იწყებ“. შესაძლოა, ამ უბრალო გამოთქმაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ მაინც არასდროს მესმოდა როდის დადგებოდა ეს „ახლა“.

ადამიანები მთელი ცხოვრება  ელოდებიან მომენტს, როდესაც რაღაც შეიცვლება, იქნებიან ბედნიერები, წარმატებულები და დაიწყება მათი ოცნებების ასრულების ხანა. ასეთ ადამიანებს მხოლოდ ერთ რამეში ვეთანხმები - რაღაც აუცილებლად იცვლება. როგორ გზას დავადგებით ამას უკვე ჩვენ განვსაზღვრავთ და არა დრო, მომენტი, ან ამ „რაღაცის“ ლოდინი.

ხშირად გვგონია, რომ ბედნიერება მომავალშია, ჩვენც სწორედ იქ ვეძებთ მას, მაგრამ არასდროს გაგჩენიათ კითხვა, რომ ის იქნებ სადღაც აქ არის, ძალიან ახლოს - ჩვენ ირგვლივ, ჩვენს საყვარელ ადამიანებში ან იქნებ თავად ჩვენში. იცით ჩვენი მთავარი პრობლემა რაშია? მუდამ ძიების პროცესში ვართ, ვეძებთ ადამიანებს, გარემოს, შესაძლებლობებს, შესაბამისად ვეძებთ ცხოვრებას, რომელიც მაშინ დავიწყეთ, როდესაც ამ ქვეყანას მოვევლინეთ.

გვავიწყდება ის წუთები, მომენტები, რომლებიც წარსულში უმიზნოდ რჩებიან. აქვე ჩნდება კითხვა - როგორ მოვახერხოთ ლამაზი და ჩვენთვის სასურველი ცხოვრების შექმნა? ვფიქრობ, ამის საუკეთესო საშუალება პოზიტივია. ხშირია ჩვენ გარშემო ფრაზები - მეტი პოზიტივი, პოზიტიური განწყობა, დაიწყე დღე პოზიტიურად და ა.შ. ყველას გვესმის ისინი, მაგრამ რამდენად ვიაზრებთ და ვიყენებთ მათ ეს ცალკე საკითხია.

იქნებ ცხოვრებისადმი სწორედ პოზიტიური დამოკიდებულება გვჭირდება?! როგორც წერტილი იქცევა ლაქად, ლაქა - წვეთად, წვეთი - ფიგურად, ფიგურა კი ადამიანად, ასევე იქცევა ერთი პოზიტიური დღე ერთ პოზიტიურ თვედ და ვიღებთ იმ მომავალს აწმყოში, რომელზეც ასე ვოცნებობდით.

პოზიტივი გვეხმარება ვიყოთ მოტივირებულები. მოტივაცია ხომ მიზნის მიღწევის ერთგვარი ხერხია, მიზანი კი ცხოვრებასთან მჭიდრო და სასარგებლო კავშირის გარანტიაა. ცხოვრება არც ისე რთულია, როგორც ამას ამბობენ. ბევრი ადამიანი გვკარნახობს როგორ ვიცხოვროთ, რა არის სწორი და რა შეცდომა, მაგრამ ყველაზე კარგ რჩევას მაინც საკუთარი თავი გვაძლევს. არ აქვს მნიშვნელობა მართებული იქნება ის თუ არა, ყოველ დაბრკოლებას თუ წარმატებას მაინც მივყავართ სასურველ შედეგამდე თუკი ეს მართლაც გულით გვინდა.

დაიწყეთ ყოველი დილა ღიმილით, პოზიტიურად და დაინახავთ თუ როგორ იცვლება აწმყო მომავლით, მომავალი კი აწმყოთი.


რუსუდან დარსალი

| გააზიარე
მოგწონთ?