გოგონა ზოლიანი წინდებით და ბედნიერება, რომელიც ყოველთვის უნდა გავცეთ


გიფიქრიათ იმაზე, თუ რისი გაკეთება ან შეცვლა შეგიძლიათ? რა ფრად ღებავს ამ ცხოვრებას თქვენი თითოეული ნაბიჯი? ალბათ იშვიათად თუ გიფიქრიათ და არც კი იცით, რომ ბევრის გაკეთება შეუძლია მხოლოდ თქვენს ადამიანურ თვისებებს. არც ლუიზა კლარკს სჯეროდა საკუთარი ძალების, მაგრამ ცხოვრებამ და მისმა თვისებებმა აჩვენა მას, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ლუიზა ჯოჯო მოიესის ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია. გოგონა ზოლიანი გეტრებით, საოცარი სიცილით, უადგილო ხუმრობებით და შესანიშნავი თვისებებით, რომელიც ძალიან იშვიათიც კია.

ეს ცხოვრება დიდი ბრძოლაა, ყოველდღიურად უამრავი წინააღმდეგობა იჩენს თავს. არავინ იცის ხვალ რა იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩაიქნიოთ და დაელოდოთ ყოველდღიური დინება რას მოიტანს თქვენთვის. უნდა ეცადოთ, ცდა კი ბედის მონახევრეაო ნათქვამია. ხოდა თქვენც ადექით და გააკეთეთ რისი გაკეთებაც შეგიძლიათ და სადამდეც ძალა გეყოფათ. გაიხედეთ და დაინახავთ, რომ თქვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც თქვენთვის ბევრს ნიშნავენ. შესაძლებელია უბრალოდ მოგწონდეთ ან იქნებ შეიყვაროთ კიდეც ვინმე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ადექით და გააკეთეთ მისთვის რაიმე რაც მას გაახალისებს, გააბედნიერებს.

სწორედ ასე მოიქცა ჩემი საყვარელი პერსონაჟი, ლუიზა კლარკი, რომელსაც არც კი ეგონა რაიმეს შეცვლა თუ შეეძლო ან ვინმესთვის ცხოვრების აზრის აღმომჩენი თუ იქნებოდა. ეს ადამიანი ყოველდღე ცდილობდა რომ სხვებისთვის და განსაკუთრებით ერთი ადამიანისთვის დაენახებინა, რომ ცხოვრება მშვენიერია და პრობლემის მოგვარება ყოველთვის შეიძლება. ალბათ გაიფიქრებთ, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის იმიტომ, რომ  ასეთი მხოლოდ ერთი ნაბიჯი თქვენთვისაც კი სიხარულის მომტანია. ვიღაცისთვის ერთი გაღიმებაც კი საკმარისია, ვიღაცისთვის გვერდში დგომა, ვიღაცას მასთან ერთად სიგიჟეების ჩადენაც ეყოფა და სულაც თქვენი პოზიტივია მისთვის საკმარისი.

ნუ იფიქრებთ დასასრულზე, რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, დამერწმუნეთ ის პერიოდი არასდროს დაგავიწყდებათ, როდესაც თქვენც და სხვაც ძალიან კარგად გრძნობდით თავს და ამისთვის საჭირო არ იყო არც ფული, არც ფუფუნება, არც საოცნებო ადგილას წასვლა. ძალიან უბრალო რაღაცებს შეუძლია თქვენც და თქვენი საყვარელი ადამიანიც ერთი დღით მაინც გაგახალისოთ. უმღერეთ ერთმანეთს თუნდაც ცუდად, ეს ხომ ,,ბევრ ღიმილებს” მოგიტანთ. ეცეკვეთ ერთმანეთს ტანგო ან თუნდაც ჩა ჩა ჩა, რატომაც არა?! ჩაიცვით წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, რა ფერიც გინდათ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ თვენს დანახვას შეიძლება დადებითი ემოცია მოჰყვეს, ამის გამოწვევა კი თქვენ შეგიძლიათ. წაუკითხეთ ერთმანეთს წიგნი, უყურეთ ერთად ფილმს და რაც ყველაზე მთავარია გაუცინეთ ერთმანეთს ისე, თითქოს მასში მთელ გულს,  მთელ თქვენ სიხარულსა და ბედნიერებას, თქვენს ემოციებს და აღმაფრენას აქსოვდეთ.

ასეთი იყო ლუიზა კლარკიც, რომელმაც უილ ტრეინერის ცხოვრების დათრგუნული და რთული ეტაპი გააფერადა და მასში სიხარულის ელემენტები შეიტანა და ეს თავისი ბედნიერი სახით, ფუტკრის წინდებით და სიყვარულით მოახერხა. ამიტომ იყო ის უილის წასვლის შემდეგაც მოტივირებული და მშვიდი და ამიტომ მომწონს მე ის.

 

| გააზიარე
მოგწონთ?