რატომ არის ზედმეტი ფიქრი არაეფექტიანი და როგორ დავაღწიოთ თავი მას?


გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს ფიქრი და არ ვამართლებ დაუფიქრებლად მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუმცა აქაც არსებობს გარკვეული ზღვარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფიქრებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე  და არც ისეთი ეფექტიანი აღმოჩნდეს, როგორც ჩვენ მიგვაჩნია. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ შეიძლება იმოქმედოს ფიქრმა ნეგატიურად ჩვენს ყოველდღიურობაზე და იყოს არაეფექტიანი, როცა იგი გაანალიზების და დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს?! 

პასუხი მარტივია, თუ ადამიანი მთლიანი დღის ძირითად ნაწილს ფიქრში ატარებს, ის უბრალოდ კარგავს დროს და ხარჯავს ენერგიას, როცა ორივე მათგანის ბევრად ეფექტურად და პროდუქტიულად გამოყენება შეიძლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი ფიქრი  საბოლოოდ პოზიტიურ აზრებსა და დამოკიდებულებებს უარყოფითისკენ აბრუნებს, ოპტიმისტს პესიმისტად აქცევს, რისი მიზეზიც  შეიძლება იყოს  ნეგატიური გარემო, მოვლენები თუ ადამიანები. შედეგად, როცა ზედმეტად ბევრს ვფიქრობთ, გვიყალიბდება ნეგატიური აზროვნება, რომელიც გავლენას ახდენს მთლიან დღეზე ან უარეს შემთხვევაში საერთოდ ცვლის ჩვენს ცხოვრებას.

რას ვცვლით ბევრი ფიქრით უკეთესობისკენ? არაფერს, პირიქით, შეიძლება უფრო დავითრგუნოთ თავი და ვიწინასწარმეტყველოთ ჩვენთვის არასასურველი მომავალი. ამიტომ კარგი იქნება თუ ვისწავლით მათ შეზღუდვას და მართვას.

იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ ფიქრებს, განსაკუთრებით  კი ნეგატიურს, სასურველია მათი ჩანაცვლება სხვადასხვა ქმედებით. მაგალითად, როგორც კი მიხვდებით, რომ ფიქრის მორევში გადაეშვით, მოკიდეთ ხელი საყვარელ საქმეს და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანეთ, შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას, უყუროთ პოზიტიურ ფილმებს, იცეკვოთ, იმღეროთ, ივარჯიშოთ. შესაბამისად, თქვენ აღარ დაგრჩებათ დრო ფუჭი  და არასასურველი ფიქრებისთვის.

აუცილებლად მართეთ საკუთარი გრძნობები, რომ მართოთ ფიქრები. ჩვენი გრძნობები განსაზღვრავს ჩვენს ფიქრებს, ფიქრები კი მომავალს. როგორც ნიცშე ამბობდა „ჩვენი ფიქრები, ჩვენივე გრძნობების სარკეა“. ამიტომ, მაქსიმალურად დამუხტეთ თქვენი ემოციები დადებითად.

შემოიკრიბეთ გარშემო რაც შეიძლება ბევრი პოზიტიური და აქტიური ადამიანი. ისინი თქვენ არც მოწყენის უფლებას მოგცემენ და არც ბევრ დროს ფიქრისთვის.
გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე და დატკბით ბუნებით. თუ დრო გექნებათ, გადით ქალაქგარეთ, ეს აუცილებლად დაგმუხტავთ დადებითი ენერგიით და მოგაშორებთ უსიამოვნო ფიქრებს.

დაისვენეთ, რადგან ხშირად ზედმეტ  და არასასურველ ფიქრებს სწორედ სტრესი, უძილობა და გადაღლა იწვევს. დასვენება კი დაგეხმარებათ აღიდგინოთ დახარჯული ენერგია და ახალი დღე პოზიტიური დამოკიდებულებით და გაწმენდილი გონებით დაიწყოთ.

და ბოლოს, დაივიწყეთ წარსული მოვლენები და გარჩევა იმისა, რა იქნებოდა დღეს თუ გუშინდელ დღეს სხვაგვარად წარმართავდით, თქვენ ვერაფერს შეცვლით წარსულში, ამიტომ ორიენტირებული იყავით აწმყოზე, რადგან ის თქვენ ახალ შესაძლებლობებს გაძლევთ. ეს ყველაფერი ბევრად ეფექტურად და ბედნიერად წარმართავს თქვენს ცხოვრებას.
 

 

| გააზიარე
მოგწონთ?