როგორ მივიღოთ ცხოვრებისგან უფრო მეტი?


თანამედროვე სამყაროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დროის სწორ განაწილებასა და დღის ეფექტურად დაგეგმვას, რადგან სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი, გამოვიყენოთ ჩვენი ცხოვრების ყოველი წუთი ეფექტურად, ნაყოფიერად ვიმუშაოთ და მეტი დრო დავუთმოთ საყვარელ საქმეს. შეიძლება იფიქროთ, რომ ყოველი წუთის დაგეგმვა შეუძლებელია, მაგრამ თუ დავიცავთ თანმიმდევრობას, გავუფრთხილდებთ ძვირფას წუთებს - ნაყოფიერად გავატარებთ თითოეულ დღეს. 


გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომ გახდეთ უფრო პროდუქტიულები და მეტის მიღება შეძლოთ ყოველდღიურობისგან:


1. დაიწყეთ დილა პროდუქტიულად

ყოველთვის გაიღვიძეთ და დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს. დაითვალეთ დილის პროცედურებისთვის რა დრო გჭირდებათ. შხაპის მიღება, საუზმე, მაკიაჟი, ბავშვების სასკოლოდ მზადების პროცესი თუ სხვა რამ, არ უნდა იყოს თქვენი დღის ქაოსური დასაწყისი. ეცადეთ, ყველა ამ წვრილმანს დროულად და სიყვარულით გაართვათ თავი. შეეცადეთ დილა თქვენს ოჯახში იყოს ჰარმონიული. დამეთანხმებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

2. დაისახეთ პრიორიტეტები

შეადგინეთ გასაკეთებელი საქმეების სია. ამისათვის კი საჭიროა აწარმოოთ დღიური, რომელშიც შეძლებთ ჩამოწეროთ პუნქტებად თქვენი დღის რეჟიმი. დღიურის მეორე მხარეს კი ის  მოვლენები აღნიშნეთ, რომელიც დღის განმავლობაში მოხდება. ამ გზით გათავისუფლდებით ზედმეტი ემოციებისგან და უკეთესად იგრძნობთ თავს.


 
3. ეფექტურად გადაანაწილეთ სამუშაო დრო

სამსახურში მისვლისთანავე მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საქმის უმნიშვნელო დეტალები, რადგან ამ გზით დაზოგავთ  ძვირფას დროს და შეუდგებით იმ საქმის კეთებას, რომელიც დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა თქვენთვის. ისეთი უმნიშვნელო გადაწყვეტილებების მიღებისათვის, როგორიცაა ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაცემა, არ დახარჯოთ დიდი დრო. უპასუხეთ მხოლოდ საქმიან და გადაუდებელ ზარებს. განტვირთვისთვის კი დრო ცალკე პუნქტად გამოყავით. ნუ ისარგებლებთ სამსახურში სოციალური ქსელებით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ თქვენი სამსახური არ მოითხოვს ამას. როდესაც კომპიუტერში აკეთებთ სამუშაოს, გათიშეთ ყოველგვარი გასართობი საიტი და მხოლოდ საქმეზე იყავით ორიენტირებული. მერწმუნეთ, ასე ნამდვილად დაზოგავთ დროს.  


4. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებს

გამოყავით დრო განტვირთვისთვის, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის. არ არის აუცილებელი დაელოდოთ უქმეებს. დაჯავშნეთ კინოთეატრის ბილეთები და გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად. მიირთვით ჭიქა წითელი ღვინო და განიტვირთეთ. ამ გზით უფრო მეტად იგრძნობთ პოზიტიურად თავს და მეორე დღეს ახალი შემართებით გააგრძელებთ მუშაობას. აღარ მოგიწევთ გამუდმებით იმაზე ფიქრი და  წუწუნი, რომ არ გრჩებათ პირადი ცხოვრებისთვის დრო. განტვირთვის შემდეგ იქნებით მოტივაციით სავსე და პუნქტი - გეგმის გადაჭარბებით შესრულება აუცილებლად გაჩნდება თქვენს დღიურში.

 

5. დაკავდით თვითგანვითარებით

რთული და დაძაბული დღის მიუხედავად, აუცილებლად დაუთმეთ დრო პირად განვითარებას. გაეცანით საინტერესო ლიტერატურას თქვენი პროფესიის და საქმიანობის პროფილის მიხედვით. იკითხეთ წიგნები, სამეცნიერო ნაშრომები და ჩაინიშნეთ დღიურში საინტერესო ინფორმაცია. ასე საგრძნობლად გაიზრდება თქვენი ცოდნა. გახსოვდეთ, წიგნების  კითხვა ყოველთვის სასარგებლო და აუცილებელია.

 

ადამიანი, რომელიც სწორად მართავს დროს - აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას. ნუ გაფლანგავთ ცხოვრების ძვირფას წუთებს ამაოდ. გამოიყენეთ დრო რაციონალურად, აკეთეთ საყვარელი საქმე ეფექტურად და თქვენ აუცილებლად დაგრჩებათ დრო, რათა უფრო მეტად დატკბეთ ცხოვრებით და მიიღოთ მისგან მაქსიმალურად მეტი.

 

| გააზიარე
მოგწონთ?