ბიზნესად ქცეული ჰობი


ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნებისმიერ ჩვენთაგანს გასჩენია სურვილი, რომ ჰობი საყვარელ საქმედ და შემოსავლის წყაროდ გადაექცია. დღევანდელი ინტერვიუს მთავარმა გმირმა, ოცნება რეალობად აქცია, წარმოგიდგენთ ტურისტული ჯგუფი ''ერთად შემოვიაროთ საქართველო''-ს დამაარსებლის, თეო ილარიანს.

თეო, როგორ აქციეთ ჰობი ბიზნესად?
მოგზაურობა ყოველთვის მიყვარდა. სანამ ამ ბიზნესს წამოვიწყებდი ყოველთვის ვცდილობდი თავად გამომენახა დრო და მემოგზაურა საქართველოს მრავალ კუთხეში. როდესაც ასე თუ ისე საკმრისი გამოცდილება დავაგროვე, მხოლოდ მაშინ გადავწყვიტე ამ საქმის წამოწყება, ბოლო 5 წელია რაც ჩემი ტურისტული კომპანია არსებობს. ბევრს ალბათ გაუკვირდება, მაგრამ თავდაპირველად შემოსავლის წყაროზე არც მიფიქრია. უფრო ჩემი თავისა და იდეის გამოცდა მინდოდა. როდესაც ჩემს მიერ ორგანიზებული ტურებით სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდა, მხოლოდ შემდეგ დავინახე ფინანსური ინტერესი.

რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?
სულ თავიდან ეს ყველაფერი ქველმოქმედების გამო წამოვიწყე. ჩემი მეგობრის შვილს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. ერთი ხელი ჰქონდა განუვითარებელი, ოპერაციის საფასური იმ დროისათვის 3000 ლარს შეადგენდა. ვიღაცისთვის ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ძნელი იყო მისი უცებ შეგროვება. დაწყო საქველმოქმედო ლაშქრობები და ჩატარდა ერთი საქველმოქმედო საღამოც, სადაც თვითონ მოლაშქრეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღვთის წყალობით თანხის შეგროვება მოვახერხეთ და დღეს ბავშვი სრულიად ჯანმრთელია. უკვე იმხელა აქტიურობა წამოვიდა, რომ მივხვდი საქმის შეჩერება არ იქნებოდა სწორი საქციელი და ბოლომდე მივყევი მას.

დღესდღეობით ძალიან ბევრი მსგავსი ტურისტული ჯგუფი არსებობს, რით გამოირჩევით კონკურენტებისგან?
ყველაფრის თავი და თავი გამოცდილებასა და სწორად ორგანიზებაშია. არ შეიძლება აბუდელაურის ტბების ტური დაგეგმო აპრილის თვეში, მაშინ როდესაც ტურისტს ვერ აიყვან ბოლომდე და თვითონ ტბებსაც არ აქვს ფერი. ასევე ფასები უნდა იყოს ადეკვატური და ყველასათვის ხელმისაწვდომი,   განსაკუთრებით კი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ და მუშაობის საშუალება არ აქვთ. საკმარისი ფინანსების არქონის გამო, მათ გული არ უნდა სწყდებოდეთ, რომ არ შეუძლიათ საკუთარ ქვეყანაში მოგზაურობა.

ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქვს სურვილი მსგავსი ბიზნესი წამოიწყოს, რა რჩევებს მისცემდით მათ, თქვენი ტოპ 5 რჩევა:

  • პირველ რიგში შეიყვარონ ის საქმე, რასაც აკეთებენ და ბოლომდე დარწმუნებულები უნდა იყვნენ თავიანთ ჩანაფიქრში, ამის გარეშე არაფრის წამოწყება არ ღირს.
  • ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ფინანსური გათვლა. პირველი მოგზაურობა უნდა მოაწყონ ისეთ ადგილას, სადაც ერთხელ მაინც იყვნენ თვითონ ნამყოფი და  თვითონვე ძალიან ესიამოვნათ დასვენება.
  • იყვნენ პოზიტიურები და პირველ რიგში ტურისტებს თავად დაანახონ თავიანთი ქვეყნის სიყვარული, რომ ეს მათთვისაც გადამდები აღმოჩნდეს და შემდეგ მოგზაურობაში ისევ მოუნდეთ წამოსვლა.
  • ადეკვატურად მიიღონ ჯანსაღი კრიტიკა.
  • რაც მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყარონ პირველივე წარუმატებლობისას. მაგალითად, თუკი თავიდან ტურები ბოლომდე ვერ შეივსება არ ჩაიქნიონ ხელი.


მალევე შეეგუეთ მოგზაურობის უარყოფით მხარეებს? დაღლილობას, გრძელ გზებს და შინ გვიან დაბრუნებას?
ნამდვილ მოლაშქრესა და პროფესიონალს ეგ პრობლემა არ უნდა ადარდებდეს. როდესაც ქალაქში ვბრუნდები ყოველთვის ვამბობ, რომ კიდევ დიდი სიამოვნებით წავიდოდი იგივე მოგზაურობაში. მე უბრალოდ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ასეთ დროს მსგავსი პრობლემები არც მაწუხებს.

თეო, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?
დასახული მიზნისკენ სწრაფვა! არ არსებობს დაბრკოლება, რომლის დაძლევაც ადამიანს არ შეუძლია. კარგი საქმის კეთებაში უფალი ყოველთვის დაგვეხმარება. მთავარია საქმე  სიყვარულით ვაკეთოთ, დავაკვირდეთ და არ დავივიწყოთ არცერთი დეტალი. ბედნიერება ხომ დეტალებშია.


ბექა ჯანელიძე

| გააზიარე
მოგწონთ?