როგორ გავხდეთ უფრო საინტერესო?


დღევანდელ კონკურენტულ გარემოში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს თქვენი უნარი, მიიქციოთ ყურადღება და ხანგრძლივად შენარჩუნოთ ის.  ნებისმიერ კომპანიაში მუშაობისას, სწორედ ის თუ რამდენად იქცევს ყურადღებას თქვენი მიღებული შედეგები, რამდენად საინტერესო და ღირებულია ისინი მთლიანი კომპანიისთვის, მეტწილად განაპირობებს თქვენს წარმატებას. დამეთანხმებით, ზოგჯერ, ძალიან ძნელია რამით გააკვირვოთ, გააოცოთ და ალაპარაკოთ გარშემომყოფნი. თუმცა ეს არის ის, რაც დღეს კარიერაში წარმატებას უზრუნველყოფს.

იმისათვის, რომ გახდეთ უფრო საინტერესო ადამიანი, საჭიროა გქონდეთ კონვეერი, რომელიც მუდმივად აწარმოებს რაღაც ახალს და საინტერესოს - აქ ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი იდეებია.

თქვენ მუდმივად უნდა იგონებდეთ და ნერგავდეთ ახალ-ახალ იდეებს და სიახლეებს, რომელთა განხორციელების შემდეგ,  სხვა ადამიანები დიდხანს და აღტაცებით ისაუბრებენ თქვენზე და თქვენს წარმატებაზე. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ერთჯერადი ცვლილება, როგორი უნიკალური და წარმატებულიც არ უნდა იყოს ის, არ არის საკმარისი. აუცილებელია სიახლეების პერმანენტულობა, რადგან  სწორედ ეს განსაზღვრავს თქვენს მიმართ მზარდ ინტერესს. სხვა შემთხვევაში, შეუძლებელია დარჩეთ მუდმივი ყურადღების ცენტრში.

ამ სტატიაში მინდა, გაგიზიაროთ, რამდენიმე აუცილებელი რჩევა, რომლის შესრულებასაც ერთი მკაცრი წესი აქვს - ეს მუდმივობაა. ანუ იმოქმედეთ ყოველ დღე და:
 

  • განავითარეთ ახალი უნარები - იკითხეთ მეტი;
  • იყავით ცნობისმოყვარე - დასვით კარგი შეკითხვები, მუდმივად იკითხეთ რატომ?
  • ისწავლეთ კარგი ამბების საინტერესოდ გადმოცემა, მოუსმინეთ სხვებს და იყავით დეტალებზე ორიენტირებული;
  • თქვით ის, რასაც ფიქრობთ;
  • ყოველთვის დააფიქსირეთ თქვენი აზრი მკაფიოდ და გაუზიარეთ სხვებს ახალი აღმოჩენები;
  • გამოიწვიეთ თქვენი თავი - დაიწესეთ მაღალი სტანდარტები;
  • ყოველთვის გააკეთეთ რამე ახალი და საინტერესო. ეძებეთ გზები, რომ გაიმარტივოთ ცხოვრება.


ამ ყველაფერთან ერთად თუ შექმნით მოლოდინს, რომ თქვენგან სულ უფრო ახალ და საინტერესო რაღაცებს ველოდოთ, რომ თქვენი იდეები ხვალ უფრო საინტერესო და სასარგებლო იქნება, ეს თქვენ ყველაზე კონკურენტუნარიანს გაგხდით.

დაისახეთ მიზნად, რომ შედეგებით ყოველთვის მოლოდინს გადააჭარბოთ, რადგან ადამიანებში დიდი ინტერესი, კიდევ უფრო საინტერესო მოლოდინს ქმნის, ხოლო მოლოდინის ღირსეულად გამართლებით, წარმატებასაც მაგნიტივით მოიზიდავთ.


მარიამ შარიქაძე

| გააზიარე
მოგწონთ?